მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ცესკოს “ნეიტრალური” საარჩევნო კომისია “ქართული ოცნების” სამსახურში და კომისიის “მიუკერძოებელი” წევრები იმერეთში

ცესკოს “ნეიტრალური” საარჩევნო კომისია “ქართული ოცნების” სამსახურში და კომისიის “მიუკერძოებელი” წევრები იმერეთში

26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე რომ მიხვალთ, საუბნო კომისიის წევრები დაგხვდებიან. ისინი გაგიკეთებენ მარკირებას, მოგაწვდიან ბიულეტენს და საღამოს, ყველანი რომ ხმის მიცემას მოვრჩებით, ამ ხმებსაც ისინი დაითვლიან. ამ საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიებს უბანზე თავიანთი დანიშნული თითო-თითო წევრი ეყოლებათ, ცესკო კი, მინიმუმ, 8 წევრით უნდა იყოს წარმოდგენილი. ცესკოს შემადგენელი საოლქო კომისია ირჩევს საუბნო კომისიის თავმჯდომარესაც, თავმჯდომარის მოადგილესაც და მდივანიც. ანუ, უბანზე ყველა საკვანძო პოზიცია ცესკოს ხელშია.

საუბნო კომისიის ზემდგომია საოლქო კომისია. შესაბამისად, თუ არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარება გვინდა, აუცილებელია, რომ ორივე ამ რგოლში, საუბნო თუ საოლქო კომისიებში სანდო და პარტიებისგან მიუკერძოებელი ხალხი გვყავდეს. ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ ეს ასე არ ხდება.

ცესკომ იმერეთში “მიუკერძოებელი” კომისიის წევრები აირჩია და დანიშნა. მათ რიგებში არიან: “ქართული ოცნების” ღია მხარდამჭერები, სამთავრობო პროპაგანდის რუპორი საჯარო მოხელეები, მერიებში, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში, სკოლებსა და ბაღებში დასაქმებულები ან მათი ოჯახის წევრები.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები და წევრები 7 სექტემბერს აირჩიეს, საოლქო კომისიის დროებითი წევრები (მხოლოდ ამ არჩევნებისთვის რომ იმუშავებენ) კი 31 აგვისტოს.

ასეთ დროს, საქართველოს საარჩევნო კოდექსი მკაცრი არ არის და როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებას” ეს სულაც არ აწუხებს. ფაქტია, მათ სასიკეთოდ მუშაობს კანონის შემდეგი ნორმა:

ნებადართულია, საარჩევნო კომისიის წევრები ან ხელმძღვანელები, იმავდროულად, მერიაში ან მერიის ა(ა)იპ-ებში მუშაობდნენ. საარჩევნო კომისიის წევრობა არ შეუძლია და ეს თანამდებობრივ შეუთავსებლობად ეთვლება – მინისტრს, მის მოადგილეს, პარლამენტის წევრს ან აპარატის უფროსს, სამინისტროს დეპარტამენტის/სამმართველოს ხელმძღვანელს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს/მოადგილეს, მერს და მერის მოადგილეს, მოსამართლეს, მის თანაშეწმეს ან პროკურატურის თანამშრომელს.

ifact-მა შეისწავლა ვინ აირჩია/დანიშნა ცესკომ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის საარჩევნო კომისიების შემადგენლობებში თორმეტივე ოლქსა და 74 უბანში. შევამოწმეთ როგორც ოლქის შემადგენლობა, ისე ქალაქის და სოფლის უბნების 750-ზე მეტი კომისიის წევრის ვინაობა და აღმოჩნდა, რომ:

საუბნო კომისიების 62 წევრი მერიის, საკრებულოს, სახელმწიფო დაწესებულებების ან მუნიციპალური ა(ა)იპ-ის თანამშრომელია;

საუბნო კომისიების 185 წევრი სკოლაში ან საბავშვო ბაღშია დასაქმებული (მასწავლებელი, აღმზრდელი, ბიბლიოთეკარი, დირექტორი/გამგე);

საუბნო კომისიების 21 წევრი “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხარდამჭერი, მათი ოჯახის წევრი ან/და სამთავრობო პროპაგანდის გამავრცელებელია;

საოლქო კომისიების 18 წევრი მერიის, ა(ა)იპ-ის, სკოლის, ან ბაღის თანამშრომელია;

საოლქო კომისიების 7 წევრი “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.

არადა, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი ამბობს:

“დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოადგენს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთ უმთავრეს ქვაკუთხედს და გარანტს. კეთილსინდისიერი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ობიექტური, პროფესიონალი და პოლიტიკურად ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები უზრუნველყოფენ დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის არსებობას”.

იმერეთის მუნიციპალიტეტებში 185 საუბნო კომისიის წევრი საჯარო სკოლაში ან ბაღში მუშაობს.მათი უმრავლესობა მასწავლებელი ან აღმზრდელია, ნაწილი – დირექტორი ან გამგე.

რამდენიმე მუნიციპალიტეტში ასეთი სქემა მეორდება: სკოლის შენობაში გახსნილ უბნებზე თავმჯდომარეობას ანდობენ ამავე სკოლის დირექტორებს, რიგით კომისიის წევრებად კი კვლავ ამ სკოლის მასწავლებლებს გაამწესებენ ხოლმე.

ვრცლად: https://ifact.ge/

 

კომენტარები