მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ცუცხვათი – სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში

ცუცხვათი – სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში

ცუცხვათი – სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი), ოკრიბა-არგვეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ტყიბულის წყალსაცავის დასავლეთით, ზღვის დონიდან 460 მეტრზე.

ვარაუდობენ, რომ სოფლის სახელი წარმოშობილია ცაცხვისაგან („ცაცხლათი“). წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნეში. XVIII საუკუნეში ცუცხვათში დიდ მამულებს ფლობდნენ თავადი მესხორაძეები. 1712 წელს მესხორაძეებს შესაშური მასპინძლობა გაუწევიათ მეფე გიორგი V-ისათვის. ქაიხოსრო მესხორაძეს და მის შვილებს სიმონს და ანდროს, კარის მღვდლის პეტრე კუპრაშვილისა და მისი შვილებისათვის იასესა და დავითისათვის მიუციათ წყალობა. მეფე გიორგი V-მ წელს მესხორაძეებს გადასცა ციხისთაობა და ცუცხვათის ციხე.

ციხე 1721 წელს ოსმალებმა დაიკავეს. 1770 წელს გაათავისუფლა სოლომონ პირველმა, ხოლო იმერეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ციხესიმაგრე დაანგრიეს. ამჟამად შემორჩენილია ციხის კოშკისა და გალავნის ნაშთები.

სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია პალეოლითური ხანის ნასახლარი ცუცხვათის მღვიმოვანი, მრავალსართულიანი მღვიმური კომპლექსი, რომელსაც იხსენიებენ მაღაროს სახელითაც.

თავისი სიძველითა და სართულების რაოდენობით ცუცხვათის მღვიმე ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. იგი 13 სართულისგან შედგება. პირველი სართული ადამიანისთვის გაუვალი ვიწრო ხვრელია, რომელშიც მუდმივი ნაკადი გაედინება. მეორე სართული უზარმაზარ ბუნებრივ გვირაბს წარმოადგენს. ტალანის განშტოებებში გვხვდება წყაროები, პატარა ტბა და კალციტის ნაწვეთი ფორმები. ჭერთან შემონახულია ადამიანის მიერ დამაგრებული ძელები – ძველი საკულტო ნაგებობის ნაშთი. უფრო მაღლა მდებარე სართულებზე ნაპოვნია არქეოლოგიური ძეგლები შუა პალეოლითიდან ბრინჯაოს ხანამდე და შუა საუკუნეებამდე. ცუცხვათის მღვიმეში გამოვლინდა ცხოველთა ორმოცამდე სახეობის ძვლები. საყურადღებოა V სართულზე მდებარე ბრინჯაოს მღვიმე, რომელშიც უკანასკნელი 140 000 წლის განმავლობაში მომხდარი კლიმატური ცვლილებებია აღბეჭდილი. XI სართულზე აღმოჩნდა პირველყოფილი საკულტო საგნები: საგანგებოდ დალაგებული მღვიმური დათვის თავის ქალები, ბარძაყის ძვლები და კბილები, მსხვერპლად შეწირული სხვა ცხოველთა ძვლები. VII-IX სართულებზე განლაგებული მღვიმეები ფეოდალიზმის ხანაში სიმაგრეებად გამოყენების ნიშნებს ატარებენ – შემორჩენილია ქვითკირის კედლები, გამოჭრილი საფეხურები და ქვევრების ნატეხები. მღვიმეში გვხვდება ღამურების დიდი კოლონია. ცუცხვათის მღვიმე თავისი მრავალფეროვნებითა და არქეოლოგიური მნიშვნელობით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია.

სოფელში არის ურთხელის კორომი, მოედინება მინერალური წყალი. მოიპოვება ქვა ტეშენიტი, რომელიც გადამუშავების შემდეგ გამოიყენება მოსაპირკეთებელ მასალად.

კომენტარები