მთავარიახალი ამბებისლაიდი

“წვიმის წყალთან ერთად, ბაგრატის ტაძარში ეს ქიმიური ნივთიერება ჟონავს”

“წვიმის წყალთან ერთად, ბაგრატის ტაძარში ეს ქიმიური ნივთიერება ჟონავს”

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, ბაგრატის ტაძარში პრობლემებს რამდენიმე ფაქტორი ქმნის, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირდება.

„მე ივლისში გახლდით ბაგრატის მოსანახულებლად და მართლაც ვნახე, რომ ის ე.წ. ლიფტი, რომელიც მიშენდა ბაგრატის ტაძრის ე.წ. რესტავრაციისას წინა ხელისუფლების დროს, არ არის ისეთი კონსტრუქცია, რომელიც გამორიცხავდა წყლის ჩასვლას და ჟონვას კედლებზე. ეს პრობლემა ამ ძეგლს, სწორედ სწრაფი და ამგვარი გაუაზრებელი ვითომ რესტავრაციის შედეგად, დღესაც აქვს და როგორც ამბობენ, ყოველ წელს სწრაფად გაკეთებული რესტავრაცია სხვადასხვა პრობლემას აჩენს. ასევე, არის გუმბათის გარშემო წყლის ჩადინების პრობლემა სწორედ სწრაფი რესტავრაციისა თუ რეაბილიტაციის დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად. არის მესამე პრობლემაც, რომელიც მე თავად ვნახე ივლისში – სააკაშვილის დროს როდესაც ბაგრატი გადაიხურა სპილენძის თუნუქით, როგორც ჩანს, ეს თუნუქი მაშინდელი პრეზიდენტისთვის მოსაწონ ფერად რომ ყოფილიყო შეფერილი, მისი ჟანგვის პროცესი იქნა ხელოვნურად დაჩქარებული, იმდენად, რომ დღეს წვიმის წყალთან ერთად, ეს ქიმიური ნივთიერება ჟონავს, იღვრება გარე ფასადის ქვაზე და რა თქმა უნდა, ქვა საჭიროებს გაწმენდას. ეს პრობლემები სავალალო ნამდვილად არ არის, მაგრამ პრობლემებია იმ სავალალო და გაუაზრებელი ე.წ. რესტავრაციის შედეგად, რომელმაც გამოიწვია თავის დროზე, ყველას კარგად გვახსოვს, ბაგრატის იუნესკოს ნუსხიდან ამოღება. სწორედ ის ხალხი, რომლებიც არაფერს ამბობდნენ სააკაშვილის დროს ბაგრატის ტაძრის სწრაფად რესტავრაციაზე და ბაგრატის ტაძრის იუნესკო-ს მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებაზე, დღეს საუბრობს ამ ცუდი რესტავრაციის შედეგებზე, რაც, რა თქმა უნდა, აღმოსაფხვრელია, მაგრამ პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველი ნამდვილად არ არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, გამოცხადებულია ახალი ტენდერი პროექტირებაზე. ამასთან, კულტურის მინისტრის თქმით, მომავალში არც ერთ ძეგლზე არ მოხდება ხარვეზიანი პროექტებით სამუშაოების წარმოება.

„როგორც ჩანს, წინა წლებში იყო სხვადასხვა პროექტი, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა არ გაამართლა და ჩვენ გამოვაცხადეთ ახალი ტენდერი პროექტირებაზე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხარვეზია, ამ ხარვეზის აღმოფხვრის სწორი პროექტის შემუშავება, რათა შედეგი დადგეს რაც შეიძლება ეფექტური. თუ ამინდები ხელს შეგვიწყობს, რა თქმა უნდა, როგორც კი გამარჯვებული გამოვლინდება და თუ კი პროექტი იქნება ხარისხიანი… რადგან არც ერთ ძეგლზე არ ვაპირებთ მომავალში ხარვეზიანი პროექტებით მუშაობას და ძეგლებისთვის საფრთხის შექმნას. რა თქმა უნდა, ჩვენ შევძლებთ რომ ეს ხარვეზებიც ეტაპობრივად აღმოიფხვრას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები