მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

წმ. დავით და კონსტანტინე მხეიძეების ნაწილთა დაბრუნება ქუთაისის მუზეუმიდან მოწამეთაში 70 წლის წინ (+საარქივო დოკუმენტი)

წმ. დავით და კონსტანტინე მხეიძეების ნაწილთა დაბრუნება ქუთაისის მუზეუმიდან მოწამეთაში 70 წლის წინ (+საარქივო დოკუმენტი)

70 წლის წინ, 1954 წლის 4 ივლისს, 11:00 საათზე, მოწამეთას მონასტერში დაბრუნდა წმიდა დიდმოწამეთა, არგვეთის მთავართა, დავით და კონსტანტინე მხეიძეების წმიდა ნაწილები, რომლებიც ოცდათერთმეტი წლის მანძილზე გატაცებული ჰქონდა საბჭოთა რუსულ ათეისტურ ხელისუფლებას.

1921 წელს საქართველოში საბჭოთა რუსული საოკუპაციო მმართველობის დამყარებისთანავე დაიწყო აგრესიული ათეიზმი, რომელიც მთელი სამოცდაათი წლის მანძილზე სხვადასხვა მწვავე ფორმითა და მრავალი სამწუხარო ფაქტით გამოვლინდა კომუნისტური რეჟიმის მხრიდან.

1923 წელს, რუსული ბოლშევიკური აგრესიული ათეიზმის ხანაში, ქუთაისის მაზრის იმჟამინდელი ხელმძღვანელის, ვალია ბახტაძის განკარგულებით წმიდა დიდმოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები მოწამეთას მონასტრიდან გადაასვენეს ქუთაისში, სადაც გაიმართა სასამართლო პროცესი. საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა წმიდანთა ნაწილებს წაუყენეს ბრალდება ხალხის მოტყუებისათვის და მოსთხოვეს თავის მართლება. ერთკვირიანი სასამართლო სხდომების შემდეგ გამოიტანეს მათი გამამტყუნებელი განაჩენი. გადაწყდა წმიდა ნაწილების ადიდებულ მდინარე რიონში გადაყრა, თუმცა, უფლის წყალობით, ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ ტრიფონ ჯაფარიძემ (დახვრიტეს 1937 წელს) მოახერხა მათი გადარჩენა და ქუთაისის მხარეთმცოდნეობის (ამჟამად სახელმწიფო ისტორიული) მუზეუმში გადატანა. ამის შემდგომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტები და მრევლი საერო ხელისუფლებისაგან მოითხოვდნენ წმიდანთა ნაწილების მოწამეთაში დაბრუნებას, რაზეც კომუნისტური მთავრობის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ.

ფოტო: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი (ჩაჩანიძე) მოწამეთას მონასტერში, წმიდა დიდმოწამეთა, არგვეთის მთავართა, დავით და კონსტანტინე მხეიძეების წმიდა ნაწილებთან

1954 წელს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ გაბრიელსა (ჩაჩანიძე) და ქუთაისის ქალაქკომის მაშინდელ პირველ მდივან გრიგოლ ნარსიას შორის მოხდა მწვავე დაპირისპირება… ხელისუფლება იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და 1954 წლის 28 ივნისს შეადგინა ოფიციალური დოკუმენტი წმიდა დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილების ეკლესიისათვის დაბრუნებისა და მათი ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ გაბრიელისთვის გადაცემის შესახებ (დოკუმენტი დაცულია ქუთაისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში, თანდართულია პოსტში). ხსენებულ დოკუმენტში ჩაიწერა:

“გავალებთ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ცნობილი ცნობილი ისტორიული პირების დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი გადასცეთ ქუთაისის ეპისკოპოს გაბრიელს მოწამეთას ეკლესიაში დასაკრძალავად.

ხსენებული ნეშტის გადაცემა მოახდინეთ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს რწმუნებულის ქართული ეკლესიის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთათვის ამხ. გ. გიგოლაშვილის თანდასწრებით“, – ნათქვამია საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმეთა მთავარი სამმართველოს მიერ გამოცემულ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოაწერა ამავე სამმართველოს უფროსმა ი. ახვლედიანმა.

 

ფოტო: ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც 1954 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნა წმიდა დიდმოწამეთა, არგვეთის მთავართა, დავით და კონსტანტინე მხეიძებიის წმიდა ნაწილები.

დოკუმენტი დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში.

ზემოხსენებულ დოკუმენტში ჩაწერილი მითითება წმიდა დიდმოწამეების, დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილთა მოწამეთას მონასტერში დაკრძალვის შესახებ, როგორც ჩანს, ნაკარნახევი იყო საბჭოთა რეჟიმის აგრესიული ათეისტური კურსისგან, რომლის მიხედვით კომუნისტური მმართველობისათვის მიუღებელი იყო, რომ მათ ეს წმიდა ნაწილები დაებრუნებინათ ლუსკუმაში ჩასაბრძანებლად, მორწმუნეთა მხრიდან თაყვანისცემისთვის.

1954 წლის 4 ივლისს, უფლის მადლით, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ გაბრიელის თავდადებითა და დიდი ღვაწლით, მოწამეთაში დაბრუნდა წმიდა დიდმოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები, რომლებიც, რა თქმა უნდა არ დაუკრძალავთ, არამედ ისინი პატივით ჩააბრძანეს მონასტერში მათთვის განკუთვნილ ლუსკუმაში. იმ დღეს მოწამეთას მონასტერში სადღესასწაულო პარაკლისი აღავლინეს.

1954 წლის 2 ოქტომბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) და ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ეფრემმა (სიდამონიძე) აღასრულეს მოწამეთას მონასტრის განახლებული ტაძრის კურთხევა.

მიტროპოლიტმა გაბრიელმა ასევე მოაწესრიგა მონასტრის შესასვლელი და სხვა მრავალი ღვაწლი დასდო მოწამეთას წმიდა დიდმოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს წმიდა სავანეს.

მას შემდგომ დღემდე ყოველ მსურველს დაუბრკოლებლად შეუძლია მოწამეთას სავანეში მოილოცოს წმიდა დიდმოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები, შესთხოვოს მათ ღმრთისადმი მეოხება და მფარველობა.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები