მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“წყალტუბოს სტადიონზე ძალიან რთული სიტუაციაა, სახელმწიფო თანხებია დახარჯული, რეაგირებას მოვახდენთ”

“წყალტუბოს სტადიონზე ძალიან რთული სიტუაციაა, სახელმწიფო თანხებია დახარჯული, რეაგირებას მოვახდენთ”

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა. სხდომაზე რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა, მერიის წარმომადგენლებმა და სპორტული სამსახურების ხელმძღვანელებმა სპორტისა და ახალგაზრდობის კუთხით, მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში, კომიტეტის წევრებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა – წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონი და მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანება დაათვალიერეს.

“შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ არის საკითხები, რომლებიც შეგვიძლია კომიტეტის ფარგლებში გადავწყვიტოთ, მაგრამ ასევე არის ისეთი რიგის გამოწვევები, რომლებიც სამინისტროების და სახელმწიფო უწყებების ჩართულობას საჭიროებს. ჩვენ მზად ვართ აქტიურად გავაგრძელოთ კომუნიკაცია მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და მაქსიმალურად სწრაფად აღმოვფხვრათ ეს გამოწვევები. რაც შეეხება წყალტუბოს სტადიონის მწვანე საფარს, ძალიან რთული სიტუაციაა სტადიონზე, სადაც სახელმწიფო თანხებია დახარჯული. ფაქტობრივად წარმოუდგენელია სტადიონზე რაიმე შეჯიბრების და თამაშის ჩატარება. ქალაქს ჰყავს გუნდი, რომელიც უმაღლესი ლიგის საპრიზო ადგილებისთვის იბრძვის და სათამაშოდ სხვა ქალაქში დადის. ეს ნიშნავს, რომ არის სრული უყურადღებობა, შესაბამისს რეაგირებას მოვახდენთ და გადავგზავნით  საგამოძიებო უწყებებში“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი მეძმარიაშვილმა.

კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში, კომიტეტის წევრები ხვალ ქუთაისის სპორტულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ.

კომენტარები