მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხარაგაულის საკრებულოს ორი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” “ხალხის ძალას” უერთდება

ხარაგაულის საკრებულოს ორი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” “ხალხის ძალას” უერთდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დეპუტატებმა – ეკა შველიძემ და ავთანდილ ვეფხვაძემ დატოვეს.

ამის შესახებ მათ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას მიმართეს და განცხადებაში ფრაქციის დატოვების მიზეზად “პირადი მოსაზრება“ მიუთითეს.

ეკა შველიძე აცხადებს, რომ გადაწყვიტა გაერთიანდეს მოძრაობაში „ხალხის ძალა“, რომელთა ლიდერების მოსმენისას ილია ჭავჭავაძის სიტყვები – “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ – ახსენდება.

„ყველაზე მეტად ვცემ პატივს იმას, ვინც დაგველაპარაკება როგორც თანასწორს და არ მოგვახვევს თავზე იმას, რაც ჩვენს ტრადიციას, გემოვნებასა და ისტორიულ წარსულს არ შეესაბამება. ბევრი რამის მიმართ პროტესტი მაქვს და ახლა მომეცემა საშუალება, ეს ყველაფერი ხმამაღლა ვთქვა, რა არ მომწონს სტრატეგიული პარტნიორისა თუ მტრისგან“, – აცხადებს შველიძე.

დეპუტატი ავთო ვეფხვაძე ამბობს, რომ მან ფრაქციის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ეკა შველიძესთან ერთად მიიღო და მოძრაობა “ხალხის ძალის“ მოსაზრებებსა და შეხედულებებს სრულად იზიარებს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრებმა სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ მოძრაობა „ხალხის ძალა“ 2022 წლის აგვისტოში დააფუძნეს. მაშინ მათ განაცხადეს, რომ ამ მოძრაობის შექმნის მიზანი “საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად საზოგადოების სიმართლით აღჭურვაა“. მათი ძირითადი სამიზნე საქართველოში აშშ-ის ელჩი და საელჩოა.

მოძრაობას “ხალხის ძალა“ ბოლო სამი თვეა, მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან „ქართული ოცნების“ წევრები უერთდებიან.

წყარო: ჩემი ხარაგაული

კომენტარები