მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ხარაგაულში ბიბლიოთეკის კურიერმა წიგნებთან ერთად მოქალაქეებს “ოცნების” პარტიული გაზეთები მიუტანა

ხარაგაულში ბიბლიოთეკის კურიერმა წიგნებთან ერთად მოქალაქეებს “ოცნების” პარტიული გაზეთები მიუტანა

საბიუჯეტო თანხების პარტიული ნიშნით გამოყენება ხარაგაულში – მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო ორგანიზაციებში სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან დასაქმებული, მათ შორის არიან  ბიბლიოთეკის კურიერებიც, რომელთა ვალდებულებაც არის სოფლებში ადგილობრივებს სურვილის შემთხვევაში  წიგნი მიუტანონ,  წაკითხვის შედეგ  კი უკან წამოიღონ. ხარაგაულში კი გადაწყვიტეს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პარტიული საქმეც დაავალონ.  წიგნის კურიერებს მოქალაქეებთან  პარტიული გაზეთებიც  მიაქვთ  ბიძინა ივანიშვილის ფოტოებით.

ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია თავის ფოტომასალით ხარაგაულის ბიბლიოთეკის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაარკვიეს, რომ ეს ყველაფერი კანონდარღვევა და თემით მედია დაინტერესდა, პოსტი წაშალეს და თავიდან ატვირთეს ისე, რომ ივანიშვილის გამოსახულებიანი “ოცნების” პარტიული გაზეთები აღარ ჩანს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის მოადგილე ვალერი ჭიპაშვილი კატეგორიულად უარყოფს, რომ მუნიციპალიტეტმა ვინმეს ასეთი დავალება მისცა და კურიერებს თვითნებურ ქმედებაში ადანაშაულებს.

“მოვიკვლევთ და თუ ვინმემ საკუთარი ინიციატივით, პროვოკაციულად სცადა მიეყენებინა ზიანი თვითმმართველობისათვის და რაიმე პირადი მიზნებისათვის, თვითინიციატივით რაიმე შეცდომა დაუშვა, კანონმდებლობის შესაბამისად, აუცილებლად გატარდება სამართლებრივი ქმედითი ღონისძიებები. მიმდინარე პერიოდში საერთოდ არ ყოფილა რამე პარტიული საგაზეთო ინფორმაცია გასავრცელებელი”, – აცხადებს მერის მოადგილე.

ადგილობრივი ოპოზიციონერების შეფასებით, ხარაგაულის მერია ბიუჯეტის ფულს პარტიული ინტერესებისთვის ხარჯავს.

კომენტარები