გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ბიულეტენში სოფელ შუქრუთში მეწყრული პროცესების გააქტიურებაზეა საუბარი.
დოკუმენტის მიხედვით, რომელიც საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებსა და 2024 წლისთვის პროგნოზებს მიმოიხილავს, აღნიშნულია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოების შედეგად, ასევე მოსალოდნელია ახალი ჩაქცევების წარმოქმნა და გრუნტების ჯდენითი პროცესების გააქტიურება“.
საშიში გეოლოგიური პროცესების ჩასახვა გააქტიურების თვალსაზრისით იმერეთის მხარე ერთ-ერთი ურთულესია საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც დაზიანების საშუალო კოეფიციენტი 0.3-0.5-ია, ხოლო დაძაბულ უბნებზე ეს მაჩვენებელი იზრდება 0.6-0.7-მდე.
ამასთან, როგორც გეოლოგები აღნიშნავენ, იმერეთის მხარეში, 2023 წელს მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობა, აქ განლაგებული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების მონაცემების მიხედვით, ტერიტორიის უმეტეს ნაწილში (ჯამურად) საშუალო მრავალწლიურ ნორმას საგრძნობლად აღემატება (2-3-ჯერ).
იმ შემთხვევაში კი, თუ 2024 წელს მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობა საშუალო მრავალწლიური ნორმის შესატყვისი იქნება, საშიში სტიქიური გეოლოგიური პროცესების წარმოშობა-გააქტიურება, საშუალო ფონური დონის ფარგლებში უნდა ვივარაუდოთ. გეოლოგები არ გამორიცხავენ მეწყრული და ღვარცოფული პროცესების მკვეთრ გააქტიურებას.
ბიულეტენის მიხედვით, ხელსაყრელი გარემო პირობების (ინტენსიური და ხანგრძლივი წვიმები, თოვლის დნობა, მიწისძვრა და სხვა) ჩამოყალიბების შემთხვევაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მთელ რიგ სოფლებში – შუქრუთი, ითხვისი, დარკვეთი, ზოდი, ჯალაურთა, შავწყალი, წირქვალი, ბუნიკაური, მღვიმევი, ხრეითი, მელუშეთი, ჭალოვანი, ვაკევისა და ჯაჯანიძეები მოსალოდნელია მეწყრული პროცესების გააქტიურება.
“სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოების შედეგად, ასევე მოსალოდნელია ახალი ჩაქცევების წარმოქმნა და გრუნტების ჯდენითი პროცესების გააქტიურება”, – აღნიშნულია ბიულეტენში.
კომენტარები