მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხვალ კიდევ უფრო, ვიდრე  დღეს…

ხვალ კიდევ უფრო, ვიდრე  დღეს…

მე ვწერ ჩვენი მზისფერი შენობის გულის ერთ პატარა კუნჭულში მიღებულ შეგრძნებებზე, რომელიც ჩემია და არ მინდა დამავიწყდეს. მე ვწერ ჩემს საზოგადო სიყვარულზე ამ კედლებში.

ასე, ყოველ კვირა დღეს, გვიან საღამოს, ვჯდები, ვიხსენებ და ვყვები.

არ ვიცი რა ფასი აქვს აქაურ სიტყვებს, მაგრამ ვიცი, რომ  ალქიმიაა, რომელიც უნდა გამოვიტანო ტკვილით და აღტაცებით. ისაა, რაც სხეულში არ ეტევა. რაციონალურისგან  შორს. ხან მოფერებაა ეს, ხან კრიტიკა, რომელიც ხშირად უფრო მძაფრიც მინდა იყოს, მაგრამ გამეტებამდე დროა, დრო და ძვირფასი მოგონებები, ადამიანები, რომელთაც დროის იმ მონაკვეთში გულწრფელად  დავუჯერე, რომლებიც გულწრფელად მიყვარდა.

ვდისტანცირდები და მაინც არ იცვლება თეატრის რეფორმაზე ჩემი ფიქრი. დრო გადის და უფრო ვრწმუნდები, რომ მაშინ გასაკეთებელი საქმე -სულ გასაკეთებელია. დრო გადის და უფრო ვრწმუნდები, რომ აუცილებელი იყო თეატრის მთელი მატერიალური სიმდიდრე-რეკვიზიტები, დეკორაცია დათვლილიყო და მისი ელექტრონული ბაზა გვქონოდა, რომელიც ბევრ ახალგაზრდა რეჟისორს და თვითონ თეატრის ხელმძღვანელობას გაუადვილებდა საქმეს იმ შემთხვევაში, როცა გინდა – გამჭვირვალე და ნათელი იყოს შენი საქმიანობა, რათქმაუნდა. როცა წესიერება ტრანსფარანტულია და ყველა მონაცემი – ხელმისაწვდომი. სხვანაირად ვერ დაიწყებ ამ უზარმაზარი, არამარტო სახელოვნებო, არამედ ინფრასტრუქტურული მნიშვნელობის ნაგებობის მკურნალობას, გამონათებას, რომელიც დღეს კიდევ უფრო, ვიდრე გუშინ და ხვალ კიდევ უფრო, ვიდრე  დღეს- მეტ და მეტ დაავადებულ კერას აჩენს საკუთარ სხეულში.

ვერ შექმნი დიად არქიტექტურას დეფექტურ კარკასზე, ვერ ილაპარაკებ დიდ შემოქმედებაზე და მართალ სიტყვაზე, დღევანდელ, ან მომავლის თეატრზე, ხალხის,  ან წმინდა ხელოვნების აღმატებულ ხმაზე სცენიდან მაშინ, როცა სხეული დანეკროზებულია და ადგილ-ადგილ ყარს.

დღესაც სიყვარულით გულავსებული დავჯექი ბლოგის საწერად. და ის, რაც აქამდე ვთქვი, თავისთავად მეთქვა. არადა, „ბულბულის ნისკარტს“ ვიხსენებდი. ერთ ლამაზ, პოეზიის მუსიკით სავსე წარმოდგენას, პაოლოს და ტიციანის სისხლიანი ლექსებით. რეპრესიის წლებით. ეროვნული სულის განადგურებით. უკანმოუბრუნებელი მატარებლის სულისშემძვრელი ხმით. ტიციანის გზაში დაკარგული სხეულით. პაოლოს დატირებით და თვითმკვლელობით ნათქვამი ბოდიშით.

როცა მე ვმუშაობდი მესხიშვილის თეატრში, მაშინ პაოლოს უკვე ალეკო(ალექსანდრე) ფურცხვანიძე ასრულებდა და ტიციანს – გიგა მიქაძე.

ალბათ, როგორ ენატრებათ, და განსაკუთრებით გიგას, რომელიც ასე შორსაა ახლა მისი მშობლიური სცენიდან.

გიორგი სიხარულიძის რეჟისურით და გვანცა ჯავახაძის გემოვნებით აკრებილი ცისფერყანწელთა ბიოგრაფიის გა-ლექსებით შექმნილი ეს სპექტაკლი, ალბათ, ათი ათასამდე ადამიანმა მაინც ნახა და მათ შორის, უმეტესად – ახალგაზრდებმა. ჩვენი ადმინისტრატორი სერგო ცერცვაძე „ბულბულის ნისკარტის“ მაყურებლის მობილიზებისთვის მთელი გრძნობით ემზადებოდა. განსაკუთრებით უყვარდა და მოწონდა, მე ასე მახსოვს. მისი ენერგიაც და საქმეც იდო ამ სპექტაკლზე სავსე დარბაზის სასიამოვნო მუხტში. მოკლედ, გარინდული უსმენდნენ მოზარდებიც და მოზრდილებიც ორი ლამაზი ქართველი პოეტის ლექსით მოყოლილ ისტორიას, ადამიანობის გალობას, ერთგულების და ღირსების გაკვეთილს. ჟრუანტელი დაგივლიდა ყველა ჯერზე..

რამდენჯერ მიფიქრია პაოლოსგან გამოკრული ჩახმახის ნამდვილ იმპულსზე მაშინაც, მანამდეც და მერეც.. ალეკოს (ალექსანდრე ფურცხვანიძე – პაოლო) ალბათ, ჩემზე უფრო მეტად.

რაში იყო ამ ორი დიდი ცისფერყანწელის ტრაგედია? რაშია ნიჭიერი ქართველობის დრამა?

თვითმკველობა – როგორც საკუთარი ღირსების გადარჩენა თუ მეგობრისთვის თავის ვერგაწირვაზე ბოდიში? თავს ვერ იცავდნენ, თუ ერთმანეთს, როცა თანამოაზრის და პოეზიის ფიცნაჭამი ძმადნაფიცების გადარჩენა, ან მართალი საქმის გვერდით დგომა იყო საჭირო?

ტიციანზე და მიხეილ ჯავახიშვილზე უხმოდ ნერწყვის გადაყლაპვა ხომ არ იყო მოგვიანებით პაოლოს თოფით გალეწილ საფეთქელში ჩაბრუნებული ხავილი?

ობიექტურად რომ ვთქვათ, ამ რომანტიკულ ბიჭებსაც, დროდადრო იტაცებდა დენდური ცხოვრების გემო და ხიბლი, ბელადების და ხელმძღვანელების მსუყე ჩრდილთან დგომა და მათი სუფრების პოეტურად აღიარებული თამადობა, დროდადრო „კარგი ცხოვრება“ და უკეთესი პირობები „ავიწყებდათ“ ტერენტისნაირ „გიჟად“ შერაცხულ, გამარგინალებულ, უსახლ-კარო და  უფულო ნიჭებს. მწერალთა კავშირის ულამაზესი შენობიდან ნაკლებად ჩანდა კიბის ქვეშ ღარიბი სარდაფები გრანელისნაირად დარჩენილი „გიჟპოეტებისთვის“. და მერე თვითონაც იღუპებოდნენ.. რადგან ეს არის კანონზომიერება.

დღეს  „ბულბულის ნისკარტი“ გამახსენდა… ჩვენი თეატრის ერთი ლამაზი, სევდიანი სიმღერასავით ამოთქმული წითელმიხაკებიანი და მოკლულპოეტებიანი, მაყურებლის ცრემლით სავსე წარმოდგენა.

ისიც ვეღარ არის რეპერტუარში. რა სევდაა.

არადა, დააკლდება თაობებს კაცობის მაგალითიც. კარგი პოეზიაც. რეპრესიული ახლო წარსულის მაგალითებიც და მისი მსხვერპლების პატივგებაც. რეჟიმების ტრაგედიაც და ადამაინებიც, ვინც ამ რეჟიმს ქმნიდა, ან ემეგობრებოდა გადარჩენისთვის და ბოლოს მაინც იღუპებოდა როგორ კვარცხლბეკზეც არ უნდა მდგარიყო..

ალბათ, როგორ ენატრებათ, ალეკოს და განსაკუთრებით გიგას, რომელიც ასე შორსაა ახლა მისი მშობლიური სცენიდან.

უჭირს ჩვენს თეატრს.

და დღეს კიდევ უფრო, ვიდრე გუშინ და ხვალ კიდევ უფრო, ვიდრე  დღეს…

და არ იფიქრებთ, იმედია, რომ ეს ჩემი ბლოგი მარტო „ბულბულის ნისკარტზე“ ან მარტო თეატრზე გლოვის ბალადაა. როგორც ჩემზე ჭკვიანი და ჩემზე ადრე ამობდა: “თეატრი სახეა – ვითარდება თუ არა მისი საზოგადოება“.

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები