მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჯორჯიან მანგანეზის” წინააღმდეგ აქციის დაანონსების შემდეგ, ჭიათურაში თავს დაესხნენ ჩვენ თანამებრძოლს”

“ჯორჯიან მანგანეზის” წინააღმდეგ აქციის დაანონსების შემდეგ, ჭიათურაში თავს დაესხნენ ჩვენ თანამებრძოლს”

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოდის გადარჩენისთვის შექმნილი facebook-გვერდის ცნობით,  “ჯორჯიან მანგანეზის” წინააღმდეგ აქციის დაანონსების შემდეგ ნიკო გაფრინდაშვილს 22 ივნისს სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ. მას ტვინის შერყევა აქვს.

სოფლის მცხოვრებლები მომხდარს 30 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირებენ. ისინი ეფექტურ გამოძიებასა და მოძალადეებისა და დამკვეთების დასჯას მოითხოვენ.

“იმის შემდეგ, რაც დაანონსდა საპროტესტო აქცია ჯორჯიან მანგანეზის წინააღმდეგ, რათა აღიკვეთოს სოფელი ზოდის განადგურება, 22 ივნისის საღამოს სახლში დაბრუნებულ ნიკო გაფრინდაშვილს, სადარბაზოში დახვდნენ ე.წ ტიტუშკები, სამი ადამიანი, ხელკეტებით შეიარაღებული, მიპარვით სასტიკად გაუსწორდნენ ნიკოს (ძალადობის შედეგად ტვინის შერყევა აქვს მიღებული) და შემდგომ გაიქცნენ ადგილისკენ, სადაც მანქანა ელოდებოდათ, მათ წინასწარ დაგეგმეს ეს, რთული გამოსაცნობი არაა ვისი ორგანიზებულია ეს ძალადობა, სასწრაფოდ ვითხოვთ გამოძიებულ იქნეს ეს ფაქტი და დააკავონ მოძალადეები და რაც მთავარია მათი დამკვეთები, ამის იმედი ჩვენ არ გაქვს, მაგრამ არაფერია დამალული, რომ არ გაცხადდეს და ყველას მოეთხოვება პასუხი ქვეყანაში შექმნილი ამ ძალადობის წახალისებისთვის, ყველა პასუხს აგებს ადრე თუ გვიან!

ვერ გაგვაჩუმებთ, 30 ივნისს, 12:00 საათზე გელოდებით ყველას ზოდის საბჭოსთან, საიდანაც გადავინაცვლებთ ჯორჯიან მანგანეზის ცენტრალურ ოფისთან, რადგან დღეს ჯორჯიან მანგანეზსა და ჩინოვნიკებს შორის ტოლობის ნიშანია!” – აღნიშნულია განცხადებაში.

მოსახლეობა სოფელ ზოდში მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებასა და გაცემული ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვს.

მათი თქმით, სოფელ ზოდში წარმოებული მოპოვებითი სამუშაოების გამო ნაპრალები გაუჩნდა მიწას, დაჩქარდა ისედაც მიმდინარე მეწყრული პროცესები და რიგ შემთხვევებში დაზიანდა სოფლის ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი გარემო.

კომენტარები