მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ჰელვერის ღამე

ჰელვერის ღამე

სპექტაკლის პრემიერა 2 ივნისს იყო ჩანიშნული, მაგრამ თეატრის წინ აქციების გამო, აფიშა დაკორექტირდა. არადა, თურმე როგორ მოუხდებოდა ეს გარედან შემოსული ნამდვილი ხმები ორი ადამიანის მტანჯველ ცხოვრებას, რაზეც დამდგმელი რეჟისორი გიორგი თავაძე ინგმარ ვილკვისტის პიესის მიხედვით გვიყვება, გვიხატავს და გვასმენინებს.
მაყურებელი სცენაზეა –  სახით დარბაზისკენ: ცეცხლოვანი წრით გამიჯნული პირობითი ორი სამყარო. ევა ხუტუნაშვილის გმირი (კარლა) მკრთალი ნისლის ფონზე, პარტერზე გადებული უხილავი ბილიკით მოაბიჯებს. მოდის ფრთხილად და ავისმომასწავებელი მუსიკა მოაქვს. მთელი ეს გრანდიოზული დარბაზი, ოთხი იარუსის ჰორიზონტი, ბენუარის ლოჟები და უმძიმესი ბროლის ძვირფასი ჭაღი, ჩამქრალი სიდიადის დეკორაციად იქცევა. კარლა შემოდის სცენაზე და ფარდა იკეტება, თითქოს ამ დროების ხაფანგში მოექეცი, სადაც არეული ხმა და ექსტრემისტული ყიჟინა, ორი ადამიანის ტრავმებით სავსე თავშესაფარში შენთან ერთად უნდა ჩაიხშოს.

სცენოგრაფიაში გაწოლილი ლაქები – მხოლოდ წითელი და შავი – როგორც აგრესიის და მელანქოლიის დაუძლეველი ორფეროვნება, სივრცითი სარკის არაზუსტი ანარეკლი ხდება,  პატარავდება, ან იწელება: ტლანქი რხევით მიღებული ოპტიკური ეფექტი. ისეთი, როგორც საკუთარი ფსიქოლოგიური ტკივილების პროექციაა, როცა სამყაროს რეალურ დროს და რეალურ ხმებს კარს უკეტავ.

პირველი სინათლე ჰელვერის (რამაზ იოსელიანი) შემოფრენაა თეთრი დროშით ხელში!

აქ უნდა შევჩერდე და ჩავისუნთქო…

ჰელვერი – ნამდვილი “ღვთის შვილი“, – მისი მომცრო და ღრმა თვალით, უსწორმასწორო კიდურებით, არეული გონებით, ბგერებში და სუნთქვაში მოცახცახე  ენადაბმული, უასაკო.. არაჩვეულებრივი მსახიობის და ნატიფი ხელის რეჟისორისგან ნაძერწი გმირი – ვერბალური, მენტალური და ფიზიკური სინქრონით, პირველივე გამოჩენის წამში გიგლიჯავს სულის ყველაზე მტკივნეულ ძაფებს. არეულ ბრბოს აყოლილს, თავისივე შინაგანი არეულობით, ზუსტი ემოციით შემოაქვს ქუჩიდან ის, რასაც რეჟისორი “მიკრძალავს“ თანავუგრძნო და ყველაზე ხშირად და მკაფიოდ ამბობს სიტყვას “წესრიგი“, რაც სრულ დისონანსშია გარეთ დარჩენილ სამყაროსთან.

მას, ჰელვერს, მთელი მისი არასრულყოფილი ჟინით, პირველივე სურათში უნდა დაგაჯეროს, რომ “სრულყოფილი ადამიანია“, რადგან დროშის მხარზე გადების ნება მისცეს “სრულყოფილებმა“, რადგან სხვისი დასჯის ნების იმედიც გაუჩინეს საერთო ომში. მთავარია, მან იგრძნოს, რომ მთლიანის სრულყოფილი ნაწილია და ეს ილუზია გამოჰყვეს იქამდე, სანამ  გამზრდელი კარლა არ გაფანტავს გონებაარეული “ექსტრემისტის“ ბინდს (თუ სინამდვილის წყურვილს) და არ აიძულებს დაბრუნდეს ორკაციან ტრაგედიაში, წლების მანძილზე რომ დასუსტებული მხრებით მარტო მოათრევენ..

ამის შემდეგ გებულობ პრეისტორიას, როგორ გაჩნდა ჰელვერი კარლას ცხოვრებაში. როგორ მოუწია საკუთარი “მაიმუნისსახიანი“ შვილის გამეტება ქმრის შესანარჩუნებლად ამ საოცარი ბედის ქალს და როგორ მიიღო საკუთარის სანაცვლოდ სხვისი გონებაარეული შვილი.

არც კარლაა დედა და არც ჰელვერია შვილი. ორი მარტოსული, წლების მანძილზე, ერთმანეთს ცხოვრებას ატყუებს და  უნადგურებს.

არ ვიცი, უყვარს თუ არა კარლას ჰელვერი. მაგრამ ჰელვერმა იცის რა არის “ბედნიერება“ და „სიყვარული“. მისი ნაივური განმარტებაც ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებზეც ისე ზუსტია, თითქოს ღმერთის ხმა გესმის,  ან იგივე – შენი შინაგანი – მკაფიო  და შინაური, თვალწინ რომ გქონდა დაბადებიდან და ვერ ხედავდი. არაჩვეულებრივია ამ დროსაც მსახიობის ხარისხი. ისეთი ორგანული, რომ “შესრულებას“ ვერ ვაკადრებ. და საერთოდ, წამიც ვერ გრჩება ეჭვისთვის, რომ ყველა იმ ქცევათა თანმიმდევრობა, ეს უპეაუმღვრეველი პირველშობილი მზერა და ხელის მტევნების ნაზი დრეკა სხეულის არაჯანსაღი უმდგრადობით, ოსტატობის ნაწილია და “ნათამაშები“. სიტყვის და კინეტიკის გამანადგურებელი ერთიანობა!

ჯადოსნურია ის პასაჟი, როცა კარლა იღებს მთავარ გადაწყვეტილებას.

არ ვიცი როგორ გადაწყვიტა რეჟისორმა, მაგრამ ჰელვერი ნამდვილი ანგელოზივით ემზადება ბოლო წუთისთვის.
მხოლოდ მის გასწვრივ ჩამოსული თოვლის ფანტელი და ღმერთთან და ზეცასთან განმარტოვების უფლება ლოცვის ხმაზე, თითქოს უფრო მკვლელობის აღსრულების მიღებაა მზრუნველის ხელიდან და არა მხოლოდ კარლას გადაწყვეტილება – ნებისმიერი ეპოქის ფაშიზმისგან ჰელვერის უსუსური სულის და სხეულის გადასამალად.
და ასეც ხდება. ოღონდ არ მთავრდება..

სივრცით სარკეში ემბრიონულად შემცირებული “ღვთის შვილის“ იქით, ფარდა იხსნება და ქრისტეს თვალები გყინავს და გამშვიდებს. დროებით. რადგან ამის უკან ისევ სამყაროს გრანდიოზული დეკორაციაა –  ოთხი იარუსის ჰორიზონტი, ბენუარის ლოჟები და უმძიმესი ბროლის ძვირფასი ჭაღი, სპექტაკლის პროლოგის ერთი ცვლილებით: ახლა ყველა კარში მონუმენტური ჯარისკაცებია – ის ჯარისკაცები ცოცხალ მასშტაბში, რომლებიც ჰელვერის სათამაშო ყუთში ეტეოდა, როცა პატარა სამზარეულოში კარლასთან ერთად ცხოვრობდა და თბილი წვნიანით სადილობდა…

ეს ზეაწეული სპექტაკლი იყო!

თხრობის დახვეწილი ფორმებით, ზუსტი ტექსტებით, ჰენდელით, ვაგნერით, შტრაუსით, გემოვნების ნაზი, მაგრამ მყარი ძაფებით, ელვარე შესრულებით და ბრწყინვალე თეატრალური ზეიმით.

და ეს გიორგი თავაძის პირველი სპექტაკლია მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში.

ვულოცავ მთელს შემოქმედებით ჯგუფს!

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები