სამწუხაროდ, ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ვიმედოვნებ, არჩევნების შემდეგ ახლად შექმნილი მთავრობა კვლავ დაიწყებს სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
“27 ივნისს, ზუსტად ათი დღის წინ, ევროკავშირის ლიდერებმა, ევროკავშირის ქვეყნების პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში მიიღეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მათ შეათანხმეს ევროკავშირის მომავალი სტრატეგიული დღის წესრიგი. შეთანხმდნენ მომავალში ევროკავშირის ლიდერების ვინაობის შესახებ. მათ ასევე დაადასტურეს ჩვენი მტკიცე ვალდებულება უკრაინის დაცვის მიმართ. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა იმის თქმა, რომ ისინი ასევე შეთანხმდნენ, შეაჩერონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს ნათლად არის ნათქვამი ევროპის საბჭოს დასკვნებში. გთხოვთ, წაიკითხოთ ისინი ძალიან ყურადღებით, მხოლოდ რამდენიმე პუნქტია.
ევროკავშირის ლიდერებისთვის გაუგებარია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების განზრახვები. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აშკარად უკან ხევს ცხრა საფეხურს და ასევე ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულიად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან.
ასე რომ, სამწუხაროდ, ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს მართლაც სამწუხარო და გულდასაწყვეტია, რადგან ამავდროულად, ჩვენ სწრაფად მივიწევთ წინ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს ევროკავშირმა დაიწყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის შემდეგ, ახლად შექმნილი მთავრობა, როგორიც არ უნდა იყოს, კვლავ დაიწყებს სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისივე თქმით, ოქტომბერში ევროკავშირის ლიდერები მომავალ ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებენ.
“ოქტომბერში ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის გამოქვეყნდება გაფართოების ანგარიში და ევროკავშირის ლიდერები მომავალ ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებენ, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველო ამ წელს წინ წავიდეს, გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, სწორედ იმიტომ, რომ ლიდერებმა გადაწყვიტეს საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება და ისინი საქართველოს მთავრობის მხრიდან განმარტებებს ელოდებიან“, – განაცხადა ელჩმა.
კომენტარები