საქართველოსა და უკრაინის თანამედროვე ყოფასთან ერთად, ჩვენი ქვეყნების ისტორია ხშირად საერთო გადაკვეთის საკმაოდ მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს. ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინაც კი ქართველები და უკრაინელები თანამებრძოლები იყვნენ და საერთო მიზნებისთვის ერთად იბრძოდნენ. იმჟამინდელი ქართველი საზოგადო მოღვაწეებიც ქტიურად თანაუგრძნობდნენ და თანადგომას უცხადებდნენ უკრაინას.
ქართულ-უკრაინული ღირსეული მეგობრობისა და თანამებრძოლეობის შესახებ საინტერესო ცნობები შემოგვინახა ქუთაისურმა პრესამაც.
1917-1919 წლებში ქუთაისში გამოიცემოდა გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“, რომელიც ჩაენაცვლა თავის წინამორბედ გაზეთ „სამშობლოს“ (გამოდიოდა 1915-1917 წლებში). გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“ ცნობილი იყო, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბეჭდური ორგანო. მისი რედაქტორ-გამომცემელი გახლდათ დ. კვირკველია. გაზეთთან აქტიურად თანამშრომლობდნენ ქართველი საზოგადო მოღვაწეები: ვასილ წერეთელი, ნიკო ლორთქიფანიძე, გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე), დიმიტრი ნაზარიშვილი, ია ეკალაძე (ცინცაძე) და ა.შ.
105 წლის წინანდელი ხსენებული ქუთაისური პრესის აწ უკვე დრო-ჟამისაგან გახუნებულმა ფურცლებმა შემოგვინახა ცნობები ქართულ-უკრაინული თანამებრძოლეობის და მეგობრობის შესახებ.
გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“ 1918 წლის 4 ივნისს (# 101) წერდა:
“სევასტოპოლიდან ჩამოვიდა ოდესის ოლქის ქართველ მხედრობის კომისარი ბ. ბარათაშვილი, რომელმაც ფრიად საგულისხმო ცნობები გადმოგვცა უკრაინისა და სამხრეთ რუსეთის შესახებ.
გერმანელებს გაურეკიათ უკრაინის რადა და მთავრობა, ვინაიდან მთავრობის ერთს წრეში აღმოუჩენიათ შეთქმულობა გერმანიის ჯარების წინააღმდეგ. ამ ჯგუფს განზრახული ჰქონია რუსეთთან შეთანხმება და გერმანელების გარეკა უკრაინიდან. ახალ მთავრობაში, რომელიც გეტმან სკოროპადსკის შეუდგენია, სოციალისტები არ შედიან. გეტმანის ამორჩევამდის მომხდარა დიდი ყრილობა უკრაინის გლეხობის, რომელზედაც აშკარად გამორკვეულა, რომ გლეხობა მეტად უკმაყოფილოა რევოლუციონერი მთავრობით, რომელიც მიწაზე კერძო საკუთრების მოსპობას აპირებდა. ამ ყრილობას გადამწყვეტი როლი უთამაშნია გეტმანობის შემოღებისათვის. სკოროპადსკი გეტმანის შთამომავალია. თვითონ ლიბერალური მიმართულებისა არის. უკრაინაში თანდათან საუცხოვო წესიერება მყარდება.
უკრაინელები კარგად ექცევიან ქართველ აფიცრობას, ყველას ჯამაგირები გაუსწორეს, რაც კი მათ ერგებოდათ. გვპირდებიან პურს, თუ სამაგიეროდ ჩვენი ქვეყნიდან მათთვის საჭირო საქონელს მივაწოდებთ.
23 მაისს ოდესაში ჩამოვიდა სპირიდონ კედია. იქავე იყო მიხაკო წერეთელი, რომელიც საქართველოში მოეშურებოდა. ორივენი ერთად ევროპაში გაემგზავრენ იმავე დღეს“, – იუწყებოდა ქუთაისში გამომავალი გაზეთი “ჩვენი ქვეყანა“ 1918 წლის 4 ივნისს.
ამ წერილში ვკითხულობთ, რომ ოდესაში იმჟამად დისლოცირებული იყო ქართველი მხედრობა, რაც ერთ-ერთი განსაკუთრებული გარემოებაა საქართველოსა და უკრაინის ისტორიული და საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელი მეგობრობისა და თანამებრძოლეობის.
ასევე, პუბლიკაციაში მოხსენიებულია უკრაინაში იმჟამად ვიზიტად მყოფნი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები:
სპირიდონ კედია – ქართველი პუბლიცისტი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, 1921 წლიდან (საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდგომ) პოლიტიკური ემიგრანტი, გარდაიცვალა 1948 წელს საფრანგეთში (დაკრძალულია იქვე, ლევილის სასაფლაოზე);
მიხაკო წერეთელი – პროფესორი, მეცნიერი, ისტორიკოსი, ლინგვისტი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, 1921 წლიდან (საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდგომ) პოლიტიკური ემიგრანტი, გარდაიცვალა 1965 წელს გერმანიაში (დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე), 2013 წელს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.
აღნიშნული ცნობები, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელმა ქუთაისურმა გაზეთმა “ჩვენმა ქვეყანამ“ შემოგვინახა, ნათლად ცხადყოფს, რომ საქართველოსა და უკრაინის მეგობრობას ისტორიული, საკმაოდ დიდი ხნის საწყისები და შემდგომი მატიანე გააჩნია და მისი დღევანდელი ღირსეული გაგრძელება ამ ისტორიის მოფრთხილების და პატივგების საქმეცაა.
მთავარი ფოტო: უკრაინის ქალაქი ოდესა, 1918 წელი
ფოტო: გაზეთ “ჩვენი ქვეყნის” 1918 წლის 4 ივნისის თავფურცელი, გაზეთი გამოიცემოდა ქუთაისში
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
კომენტარები