მთავარიახალი ამბებისლაიდი

„დილით, რომ მივდიოდი მეორე დილამდე ვმუშაობდი”-საქართველო ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ადამიანები 24 საათიან ცვლაში მუშაობენ

„დილით, რომ მივდიოდი მეორე დილამდე ვმუშაობდი”-საქართველო ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ადამიანები 24 საათიან ცვლაში მუშაობენ

33 წლის ანა ჩიტაური 3 თვის განმავლობაში 24 საათიანი გრაფიკით მუშაობდა. ახალგაზრდა ქალი სწრაფი კვების ჯიხურში შაურმას ამზადებდა. გვიყვება, რომ მომხმარებელთა ნაკადი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში არ წყდებოდა, რის გამოც ჩამოჯდომის საშუალებაც არ ეძლეოდა.
„მეშაურმეც მე ვიყავი, დამლაგებელიც და ფულის ამღებიც“- ამბობს ანა ჩიტაური, რომელიც  პროფესიით ფარმაცევტია  და ტელეფონით იტალიაში ჩავწერეთ, რადგან მისი თქმით აქ არსებულ შრომას ვეღარ გაუძლო, უკეთესი სამსახური ვერ იპოვა და ახლა იტალიაში მოხუცს უვლის.

„დილით, რომ მივდიოდი მეორე დილამდე ვმუშაობდი. წამითაც არ მქონდა უფლება, რომ ჩამემუხლა და დამესვენა. საოცარ რეჟიმში ვმუშაობდი. სწრაფ-სწრაფად შაურმა ხომ უნდა მეკეთებია, ამავე დროს ჯიხურში სისუფთავე უნდა მქონოდა და დამლაგებლის ფუნაქციაც მე მქონდა შეთავსებული.  გარდა ამისა სალარო აპარატთანაც მე ვიყავი. 24 საათიანი ასეთი რუტინული შრომის მიუხედავად, უფლება არ მქონდა რაიმე შემშლოდა. თუ ვინმეზე ზედმეტი ხურდა გადაგიყვებოდა, რა თქმა უნდა ის ხარჯი შენი ხელფასით უნდა აგენაზღაურებია. სამი თვე გავძელი, მეტი ვეღარ შევძელი, ბოლოს ძვლები მტკიოდა ისეთი დაღლილი ვიყავი. საჭმლის ჭამის უფლება დღეში მხოლოდ ერთხელ გვქონდა. 30 ლარს მაძლევდნენ 24 საათიანი მუშაობის შემდეგ, ამ თანხით თბილისში ქირას ვიხდიდი და კახეთში ჩემებს თავის სარჩენ ფულს ვუგზავნიდი„- გვიყვება ანა ჩიტაური.
ანა საქართველოში გამონაკლისი არ არის. ექიმები, ფარმაცევტები, დაცვის თანამშრომლები, კაზინოსა ბენზინგასამართ სადგურზე დასაქმებულები, ქსელური მარკეტის კონსულტანტები, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის პოლიციელები და სამხედროები და კიდევ სხვა ბევრი პროფესიის წარმომადგენლები, საქართველოში 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობენ.
„დილით კლინიკაში რომ მივდივარ, მეორე დილამდე ცვლაში ვარ. საავადმყოფოში სანიტრის პოზიციაზე ვმუშაობ. კლინიკის ჰიგიენაზე ვაგებ პასუხს, რაც ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაა. დასვენება ერთი წუთით არ მაქვს, უფრო სწორად ვერ მაქვს, რადგან იმდენად ბევრი საქმეა, რომ ჩამოსაჯდომად ნამდვილად არ მცალია. მეორე დილით როცა სახლში მივდივარ, პრაქტიკულად, მკვდარი ვარ და მთელი დღე მძინავს. ოჯახისთვის უკვე წლებია აღარ ვარგივარ. სახლში როცა ვარ მძინავს, რომ კლინიკაში ფხიზლად ვიყო. შვილები მყავს, ბევრი უნდათ რა ვქნა, იძულებული ვარ, რომ ვიმუშაო,“- გვიყვება ზუგდიდის საავადმყოფოს სანიტარი მზია კონჯორია.

 

24 საათიან სამუშაო რეჟიმს შეწირული შრომითი უფლებების  კიდევ უფრო ბევრია, თუმცა ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ბიზნესის რიგ დარგებში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ადამიანები კი იძულებულები არიან, რომ დამსაქმებლის მოთხოვნებს არაადამიანურ პირობებთან დაკავშირებით დათანხმდნენ, რადგან სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2021 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წელთან შედარებით შემცირებულია, შესაბამისად  სამუშაოს მაძიებელი ბიზნესისგან სოციალურ პასუხისმგებლობას ვერ ითხოვს.

ქვეყანაში დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომით ურთიერთობას არათანაბრს და მონურს უწოდებენ საქართველოს პროფკავშირებში. მათი განცხადებით, რიგ კომპანიებში კორპორაციული და სოციალური პასუხისმგებლობა მინიმალურ ზღვარზეა. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ სამსახურეობრივი ცვლა 12 საათს არ უნდა აღემატებოდეს. პროფრკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, რაისა ლიპარტელიანის ინფორმაციით, საქართველო ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 24 საათიანი სამუშაო რეჟიმი დღემდე შენარჩუნებულია.

“საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს ცვლაში მუშაობის ხანგრძლივობას, ერთადერთი შეზღუდვაა, რომ ცვლებს შორის შუალედი უნდა იყოს 12 საათი. შესაბამისად, პრაქტიკაში დამკვიდრებული 24 საათიანი ცვლები საქართველოს კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. თუმცა, ამგვარი რეგულირება ეწინააღმდგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და ევროკავშირის სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც 24 საათიან პერიოდში მინიმალური დასვენების 11 საათიანი უწყვეტი ხანგრძლივობა დაცული უნდა იყოს. 24 საათიანი მორიგეობების პრაქტიკა საქართველოში ყველაზე ხშირად გამოიყენება სამედიცონო სექტორში, თუმცა მას ფაქტობრივად ეკონომიკის ყველა სექტორი იყენებს, განსაკუთრებით დაცვის სამსახურები. პარადოქსულია, რომ იქ სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფხიზელი გონება, თუნდაც საკუთარი და სხვა ადამაინების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სწორედ ამ სფეროებში ხდება ასეთი სამუშაო რეჟიმის გამოყენება. ამჟამად, არსებობს კანონპროექტი, შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, სადაც დგინდება 12 საათიანი ცვლა, რომელიც მოიცავს ერთ საათიან შესვენებას. თუმცა, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების სამომავლო ბედი, გაურკვეველია. სამწუხაროა, რომ საქართველო ევროპის მასშტაბით ერთადერთი ქვეყნააა, სასად 24 საათიანი სამუშაო განაკვეთი შემორჩა,“- ამბობს ლიპარტელიანი.

ბიზნესომბოდსმენის აპარატში infoimereti.ge-ს განუცხადეს, რომ რომ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ურთიერთობა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ხდება. იმ შემთხვევაში კი, თუ დასაქმებული ფიქრობს, რომ მისი უფლებები ილახება, მაშინ მან შესაბმის უწყებებს უნდა მიმართოს.
“შრომითი ურთიერთობა, თავის თავში გულისხმობს ორ პირს შორის – დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის წინასწარ შეთანხმებული წესებით საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. დასაქმების მსურველი წინასწარ არის ინფორმირებული სამუშაო სპეციფიკის და ანაზღაურების შესახებ. დამსაქმებელს, დასაქმებულთან შეთანხმებით, სამუშაო სფეროს სპეციფიკის შესაბამისად, აქვს უფლება განსაზღვროს სამუშაო ადგილზე სამუშაო დრო, ხოლო დასაქმებულს აქვს საშუალება უარი თქვას მისთვის შეთავაზებულ სამუშაო რეჟიმზე. ბიზნესომბუდსმენის აპარატის პოზიციაა, რომ სამუშაო საათების, მათ შორის ზეგანკვათური სამუშაო საათების, მაქსიმალური ნორმის კანონში განსაზღვრა – არის ჩარევა დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობაში და დასაქმებულს ართმევს შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის მისაღები სამუშაო საათების რაოდენობის შესახებ. თუ დასაქმებული თვლის რომ მისი უფლებები არასამართლიანად ილახება შეუძლია მიმართოს უფლებადამცვლელ ორგანიზაციებს და სასამართლოს, სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთის შემთხვევაში, გადაწყვეტილება ყოველთვის დასაქმებულის სასარგებლოდ მიიღება.”- განაცხადეს ბიზნესუმბოდსმენის აპარატში.

ჯანდაცვის კომიტეტში კი აცხადებენ, რომ  შრომის კოდექსი ბოლო პერიოდშის განმალობაში საკმაოდ დაიხვეწა და  დასაქმებულის უფლებები მკვეთრად არის დაცული.

“ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან მიმართებით 2020 წელს დადგენილი ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში არსებითად დასაქმებულის მხარეზეა მორგებული და სამართლიანად ემსახურება მისი ინტერესების დაცვას. კოდექსში გაჩნდა „ნორმირებული სამუშაო დროის“ განსაზღვრება, რომლის მიხედვითაც, ეს არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი, როდესაც დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის განკარგულების პირობებში, ახორციელებს თავის საქმიანობას და ასრულებს თავის მოვალეობებს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების პერიოდი. ზეგანაკვეთური სამუშაოს შინაარსი პირდაპირ მიება ნორმირებულ სამუშაო დროს, შესაბამისად, მიიჩნევა, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო არის მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს. “-აცხადებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯოდმარე დიმიტრი ხუნდაძე.

ფაქტი ერთია,  საქართველოში ადამიანების უმრავლესობა სამსახურს ეძებს, ვინც მოახერხა და იშოვა  მისი უფლებები ძირითად შემთხვევაში ირღვევა.    შრომის კოდექსი ფორმალურად მეტ-ნაკლებად დაცულია, თუმცა მისი აღსრულება და მონიტორინგი არაეფექტურად ხორციელდება.

ირაკლი ვაჩიბერაძე

 

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს”.


This article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of the organisation «For Rights and Education» and do not necessarily reflect the views of the European Union.

 

კომენტარები