მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

1921 წლის დავითობას ქუთაისის საკათედრო ტაძარში ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზარის მიერ წარმოთქმული ქადაგება

1921 წლის დავითობას ქუთაისის საკათედრო ტაძარში ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზარის მიერ წარმოთქმული ქადაგება

1871-1924 წლებში ქუთაისის ცენტრს ამშვენებდა ქუთაისის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომელიც მშვენიერი, ქართული არქიტექტურული სტილის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია იყო. აღნიშნული კათედრალი 1871 წელს წმიდა მთავარ ალექსანდრე ნეველის სახელზე აკურთხა იმერეთის ეპისკოპოსმა წმიდა გაბრიელმა (ქიქოძე), რომლის ხსენება აღესრულება, დღეს, 7 თებერვალს.

მას შემდგომ, რაც 1917 წელს აღდგა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, ხოლო 1918 წელს აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, 1920 წელს ქუთაისის საკათედრო ტაძრის განმეორებით, ამჯერად საქართველოს წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის სახელზე კურთხევა აღასრულა ქუთათელმა მიტროპოლიტმა წმიდა ნაზარმა (ლეჟავა). ხსენებული პერიოდიდან ქუთაისის საკათედრო ტაძარი გახდა წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის.

1921 წლის 8 თებერვალს, ქუთაისის საკათედრო ტაძარმა, როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიამ, პირველად აღნიშნა თავისი დღესასწაული – ხსენება წმიდა მეფე დავით აღმაშენებლისა. ამ დღეს ქუთაისის საკათედრო ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა, რომელმაც წარმოთქვა ბრწყინვალე ქადაგება, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

“ჩვენი, ქუთაისის საკათედრო ტაძარი, რომელიც უკვე კარგა ხანია, ნაცვლად ალექსანდრე ნეველისა, ატარებს დავით აღმაშენებლის სახელს, დღეს პირველად დიდის ბრწყინვალებით დღესასწაულობს თავის ტაძრის დღეობას.

ეს გარემოება გვავალებს ჩვენ, აღვავლინოთ ჩვენს გრძნობა-გონებაში საქართველოს სახელოვან ბუმბერაზ მეფე დავით აღმაშენებლის წმინდა ხსენება.

გუშინ და დღეს ეკლესიაში წაკითხული ანტონ კათალიკოსის მიერ შედგენილი საკითხავ-საგალობლები მჭერმეტყველურად აქებ-ადიდებენ ჩვენი ქვეყნის და ერის XI საუკუნის ბოლოს და XII საუკუნის დასაწყისის დიდ მესვეურ-მოამაგეს, მოჭირნახულე მეფეს, ჩვენს ეროვნულ წმინდანს, დავით აღმაშენებელს.

დღეს, როდესაც გაერთიანებული, თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო ზეიმობს თავის მკვდრეთით აღდგომას და იწყებს ახალ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, მიზანშეწონილი იქნება ჩვენს ხსოვნაში, ჩვენთვის მარად სათაყვანო აღმაშენებლის წმინდა სახე, ნიშნად ჩვენი განუსაზღვრელი სიყვარულისა, შევამკოთ დაფნის ფოთლებით და მის წინაშე საღვთო მოწიწებით მუხლი მოვიყაროთ და მხურვალედ შევთხოვოთ, რომ მან მამობრივი გრძნობით და სიყვარულით აკურთხოს და დალოცოს თავის დიდნაჭირნახულევი საქართველო და მისი ახლადდაწყებულ-განახლებული დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ცხოვრება.

ვისაც დაკვირვებით გადაუკითხავს მსოფლიო სამოქალაქო ან საეკლესიო ისტორია, ის უთუოდ შეიგნებდა ისტორიული პიროვნების დიდ მნიშვნელობას სხვადასხვა ეროვნებათა ცხოვრებაში. ისტორიული პიროვნება შეიძლება ითქვას, რომ თვით ქმნის ისტორიას. მას აქვს ღვთისგან ნიჭი, აუღოს ალღო ცხოვრების მიმდინარეობას და მისცეს მას თავისი ბუნებრივი მსვლელობა.

ხშირად ისტორიულ პიროვნებას ადარებენ იმ წყლის წვეთს, რომელიც აუზის ავსების შემდეგ თვით იკაფავს, იკვლევს გზას და შემდეგ ამ მიმართულებას აძლევს დიდ ნაკადულს. ამგვარი უკვდავი ისტორიული პიროვნებები ჰყავს ყოველ ერს. ჩვენთვის, ქართველებისთვის ამისთანა დიდმნიშვნელოვანი ისტორიული პირია სხივმოსილი, გენიოსი მეფე დავით აღმაშენებელი, რომელიც თავის რკინის ენერგიით, გამჭრიახი გონებით და უხვი შემოქმედებითი ნიჭით ქმნიდა და სჭედდა საქართველოს მაღალ კულტურას, მის დიდებასა და უკვდავებას.

საქართველოს ტახტზე ასვლისთანავე მან გაათავისუფლა სამშობლო თურქ-სელჩუკთა ველური თარეშისაგან, დაიპყრო მთელი ამიერკავკასია, სომხეთი, მცირე აზიის ნაწილები, გამოსჭედა ძლიერი და დიდებული საქართველო შავი ზღვიდან კასპიამდე, დერბენდიდან – აზრუმამდე.

გარეშე მტერზე გამარჯვებულმა მეფემ ხელი მიჰყო შინაური საქმეების განწმენდა-მოწესრიგებას, მშვიდი და წყნარი მოქალაქეობრივი ცხოვრების დამყარებას! „განავსო და აღაშენა ყოველი ოხერქმნილი და გადაემატა ყოველთა ჟამთა მშვიდობითა და სიმდიდრითა სამეფო ჩვენი“, – ამბობს დავითის ბიოგრაფი. მის დროს შედგა ფეხი საქართველომ მსოფლიო ისტორიაში. დავით აღმაშენებელმა დადგა განათლების აკვანი სამეფოს ყოველ კუთხეში, რომელთა შორის მეტად შესანიშნავი იყო იყალთოს სასწავლებელი, არსენ იყალთოელის ხელმძღვანელობით. განათლებულმა მეფემ დააკანონა ყოველ წლივ ორმოცი ახალგაზრდა, სწავლა-ცოდნის მოსიყვარულეთა საბერძნეთში გაეგზავნა განათლების მისაღებად. ღრმად მორწმუმე მეფემ შეამკო, გაამშვენა, გაამდიდრა ტაძარ-მონასტრები არამცთუ სამშობლოში, არამედ საზღვარგარეთაც. ქართული მონასტრები პალესტინა-სირიისა, ეგვიპტე-ათონისა, საქართველოს ნაწილები დააახლოვა, შეაერთა ჩატეხილი ხიდების აღდგენით და კარგი გზების გაყვანით, მოაწყო წესიერი და მტკიცე ადმინისტრაციული მართვა-გამგეობა და მიუდგომელი მართლმსაჯულება.
დიდი პატივისცემით ეპყრობოდა მეფე უცხოელებს და კეთილი შემწყნარებლობით მუსულმანურ, სომეხთა სარწმუნოებას. იმ დროს, როდესაც ამ ნიადაგზე ევროპა ინკვიზიციებში იხრჩობოდა.

თვითონ პირადად მეფე იყო მეტად ღრმად მორწმუნე და ძვირფასი ქრისტიანული გრძნობებით აღვსილი და ამავე დროს, ის კარგად იყო ცნობილი, როგორც მწერალი. მისი კალამის საუცხოო ნიმუშია მის მიერ შედგენილი შესანიშნავი სინანულის საგალობელი, სადაც წრფელი სარწმუნოება, ანკარასავით წმინდა ქრისტიანული გრძნობა და პოეტური აღმაფრენა თანაბრად არის შეზავებული და შეთანხმებული.

თუმცა ჩვენ რვა საუკუნით დაშორებული ვართ დავით აღმაშენებელზე, მაგრამ მისი საეკლესიო და სამოქალაქო თვალსაჩინო მოღვაწეობა დღესაც ცხადად და ნათლად დგას ჩვენს თვალწინ. ამისათვის არავითარ დროთა ბრუნვას და კატასტროფულ მოვლენას არ შეუძლია მისი შარავანდედით მოსილი მოღვაწეობა ამოშალოს ქართველთა ერის გულიდან, სადაც ის ოქროს ასოებით სამარადისოდ აღბეჭდილია.

დავით აღმაშენებლის სახელი შთამომავლობისთვის სიყვარულია. დავით აღმაშენებელი და საქართველო სამუდამოდ ისტორიულად შესისხლხორცებულ არიან ერთმანეთთან, გადაბმულ-შედუღაბებულნი. დავით აღმაშენებლის ისტორია თვით საქართველოს ისტორიაა.

დავით აღმაშენებელმა მეტად ბევრი გააკეთა საქართველოს კეთილდღეობა-ბედნიერებისათვის. მაგრამ, სხვათა შორის, მან დაუტოვა სამშობლოს ეგვიპტის პირამიდებრივი ხელთუქმნელი ძეგლი – გელათის მონასტერი – ეს იმისთანა მშვენება, სიამაყე, დიდება და ბრწყინვალება. დავით აღმაშენებლის მოღვაწეობიდან რომ მეტი არაფერი არ დარჩენილიყო, ესეც სრულიად საკმარისი იქნებოდა მისი სამარადისო უკვდავებისთვის ქართველთა გრძნობაში.
ეს შესანიშნავი, ძლევამოსილი, საქართველოს მაშინდელი მეფე გარდაიცვალა 1125 წლის 26 იანვარს. ქართულმა ეკლესიამ საეკლესიო მოღვაწეობისათვის ის წმინდანთა შორის ჩარიცხა. მადლიერმა ეკლესიამ, ქართველმა ერმა მას სახელად აღმაშენებელი უწოდა. ქართველმა ერმა მისი უკვდავი საქმეები ღრმად გულში სამარადისოდ დაიმარხა. ის, თანახმად მისი სურვილისა, დამარხულია მის საყვარელ და დიდად ნაამაგარ გელათში, სამხრეთის შესავალი კარიბჭის ქვეშ. მისი საფლავის ქვაზე არის შემდეგი, მეტად დიდმნიშვნელოვანი წარწერა: „ოდეს მე ნაჭარმაგევს შვიდთა მეფეთა მასპინძელ  ვექმენ, თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარგარეთგან სამეფოისა ჩემისა ვიოტე, გარდავსხნე თევზნი მდინარეთაგან ამიერისა მდინარეთა იმიერისა, ყოველივე ესე აღვასრულე, გულხელი დავიკრიფე“.

ღმერთო, ძლიერო და დიდებულო! თავისუფალ, დამოუკიდებელ სამშობლოს ბევრი მოუვლინე დავით აღმაშენებლის მსგავსი სახელმწიფო ისტორიული პირები მის აღსამაღლებელ-ასაყვავავებლად, უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“, – განაცხადა ქადაგებისას 1921 წლის დავითობის დღესასწაულზე ქუთაისის წმიდა დავით მეფე აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა.

სამწუხაროდ, სულ მალე, 1921 წლის თებერვალ-მარტში, საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია-ანექსია. ათეისტურმა ბოლშევიკურმა რეჟიმმა დაიწყო ეკლესიის ტოტალური დევნა, რომლის ფარგლებშიც საბჭოთა რეჟიმმა 1923 წელს დახურა ქუთაისის საკათედრო ტაძარი, რომელიც 1924 წლის ზაფხულში დაანგრია. 1924 წლის ზაფხულშივე ბოლშევიკურმა მმართველობამ ცილისმწამებლური ბრალდებით შეიპყრო და დახვრიტა ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი და მისი თანმხლები სასულიერო პირები. ისინი საქართველოს სამოციქულო

მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად არიან შერაცხულნი ახალმოწამეების სახელით და მათი ხსენების დღედ დადგენილია 27 აგვისტო (ახალი სტილით).

1921 წლის 8 თებერვალს, დავითობის დღესასწაულზე, ქუთაისის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის (ლეჟავა) მიერ წარმოთქმული ქადაგება კი ისტორიაში სამარადჟამოდ დარჩა, როგორც ქართული საეკლესიო მქადაგებლობისა და წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის უდიდესი მოღვაწეობისადმი სათანადო ქება-დიდების წარმომთქმელი ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში და გამოვლინება.
 
მოამზადა ისტორიის დოქტორმა და თეოლოგმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ

კომენტარები