საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდგომ, რუსულმა რეჟიმმა ადგილობრივ დონეზე ოთხგზის შეიმუშავა და მიიღო ახალი კონსტიტუციები: 1922, 1927, 1937 და 1978 წლებში.
45 წლის წინ, 1978 წელს გამოტანილი კონსტიტუციის პროექტი ქართველი ხალხისთვის საყოველთაო განსჯისა და მღელვარების საკითხი გახდა. ეს იყო მკაფიო ნიშანი, რომ წინა წლებთან შედარებით, ქართული ეროვნული მოძრაობის გამოცოცხლება ეტაპობრივად დაიწყო.
საბჭოთა ხელისუფლება კი კვლავ ცდილობდა წარმოეჩინა, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტი საუკეთესო იყო საქართველოსთვის. ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, იზიარებდა კომუნისტური ხელისუფლების ცენტრალური თუ ადგილობრივი მმართველობითი ორგანოები. საქართველოს მასშტაბით არსებული საქალაქო საბჭოები საკუთარ ოფიციალურ პოზიციას გამოხატავდნენ 1978 წლის საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტის შესახებ.
1978 წლის 11 აპრილისთვის ჩაინიშნა ქუთაისის სახალხო დეპუტატთა მე-16 მოწვევის საქალაქო საბჭოს რიგგარეშე მე-8 სესია, რომელიც გაიხსნა 11 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პოლიტიკური განათლების კაბინეტის სააქტო დარბაზში. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ გაავრცელა საქალაქო საბჭოს აღმასკომმა.
სესიის დღის წესრიგით განიხილეს სამი საკითხი:
1. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) პროექტის შესახებ;
2. ინფორმაცია სესიებს შორის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
3. ორგანიზაციული საკითხები.
1978 წლის საქართველოს სსრ კონსტიტუციის პროექტის შესახებ ქუთაისის საქალაქო საბჭოს სესიაზე გახმოვანდა შემდეგი პოზიცია: „ქუთაისელები, ისევე, როგორც ჩვენი რესპუბლიკის ყველა მშრომელი კმაყოფილებითა და ენთუზიაზმით შეხვდნენ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბულიკის ახალი კონსტიტუციის პროექტს, რომელიც შემუშავებულია სსრ კავშირის კონსტიტუციის – განვითარებული სოციალისტური საზოგადოების ძირითადი კანონის საფუძველზე და გამოხატავს საბჭოთა საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს, მისწრაფებებსა და იმედებს, ყოველმხრივ უზრუნველყოფს მათ უფლებებსა და მოვალეობას…
ჩვენ ახალი, დიდმნიშვნელოვანი მოვლენის წინაშე დავდექით – საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდა საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტი, რამაც საქართველოს და ცხადია, ჩვენი ქალაქის მშრომელთა პოლიტიკური და შრომითი აქტივობის ახალი მძლავრი აღმავლობა გამოიწვია.
რამდენიმე დღეც და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო საბჭოს რიგგარეშე სესია დაამტკიცებს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ახალ კონსტიტუციას. ქუთაისელი მშრომელები, მთლიანად და სავსებით იწონებენ რა რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტს, აღუთქვამენ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს, საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს, მთავრობას, რომ ისინი, როგორც ყოველთვის მზად არიან პირნათლად შეასრულონ თავიანთი მოქალაქეობრივი მოვალეობა სამშობლოს წინაშე და მაქსიმალური წვლილი შეიტანონ კომუნისტური საზოგადოების მშენებლობის საქმეში“, – ნათქვამი იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს ხსენებულ სესიაზე.
მოსაზრება გამოთქვეს დეპუტატებმა, რომლებმაც „ილაპარაკეს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის უდიდეს პოლიტიკურ და სოციალურ მნიშვნელობაზე.
სესიამ განხილული საკითხის გარშემო მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დეპუტატებმა ერთსულოვნად მოიწონეს საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტი“.
აღნიშნული პოზიცია რომ საბჭოთა ფასადურ პროპაგანდაზე იყო დაფუძნებული და არ ასახავდა მთელი ქართველი ხალხის (მათ შორის ქუთაისელთა მნიშვნელოვანი ნაწილის) შეხედულებას, იქვე, სამ დღეში დადასტურდა, როდესაც 1978 წლის 14 აპრილს, ქართველი ხალხის უმრავლესობა თბილისის ქუჩებში გამოვიდა პროტესტით საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტის იმ ნაწილის წინააღმდეგ, რომლის მიხედვით საქართველოში სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა უნდა დაკანონებულიყო და ქართულ ენას აღარ ექნებოდა სახელმწიფო ენის სტატუსი.
ქართველი ხალხის 45 წლის წინანდელმა ამ სამართლიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და საბჭოთა ხელისუფლებამ 1978 წელს საქართველოს სსრ კონსტიტუტიის პროექტი ვერ დაამტკიცა პირვანდელი სახით, არამედ ქართულ ენას საქართველოში კვლავ ოფიციალურად შეუნარჩუნდა სახელმწიფო ენის სტატუსი, რაც საბჭოთა რეჟიმის პირობებში საქართველოს დიდი გამარჯვება გახდა.
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
კომენტარები