“ვარდების რევოლუციიდან” 20 წელი გავიდა. 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით აღშფოთებული ხალხი ქუჩებში გამოვიდა და ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებას დაუპირისპირდა. საპროტესტო აქციებმა სამი კვირა გასტანა და 2003 წლის 23 ნოემბერს “ვარდების რევოლუციით” და პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომით დასრულდა.
2003 წლისთვის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ძალაუფლება მნიშვნელოვნად შესუსტებული იყო. საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა, მმართველმა პარტიამ, რომელმაც მოიგო საპარლამენტო არჩევნები 1999 წელს, უკვე 2000 წლიდან დაიწყო დაშლა. 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში “მოქალაქეთა კავშირი“ დამარცხდა.
თბილისში არჩევნები მოიგეს “ლეიბორისტულმა პარტიამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ“, საქართველოს დანარჩენ თვითმმართველ ერთეულებში კი “მემარჯვენეებმა“. სამივე ოპოზიციური პარტია აცხადებდა პრეტენზიას 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე. “ნაციონალური მოძრაობა“ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა სახელით “სააკაშვილი – ნაციონალური მოძრაობა“.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციური ბლოკი შექმნა ზურაბ ჟვანიამ. მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია “გაერთიანებული დემოკრატები“ დამარცხდა თვითმმართველობის არჩევნებში 2002 წელს, 2003 წლის დასაწყისიდან მან მოახერხა ანგარიშგასაწევი ბლოკის ჩამოყალიბება. ჟვანიასთან გაერთიანდნენ “საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი“ აკაკი ასათიანის მეთაურობით და იმ დროისთვის პოპულარული პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. ბლოკი არჩევნებში მონაწილეობდა სახელწოდებით “ბურჯანაძე — დემოკრატები“.
2003 წლის დასაწყისიდან “მოქალაქეთა კავშირი” შეეცადა საკუთარი პოზიციების გაძლიერებას და ჩამოაყალიბა ალიანსი “ახალი საქართველოსთვის“, რომელსაც შეუერთდნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და საქართველოს სოციალისტური პარტია. არჩევნებში ასევე მონაწილეობდა “დემოკრატიული აღორძინების კავშირი“, რომელიც მმართველ ძალას წარმოადგენდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ტრადიციულად ბევრ ხმას იღებდა ამ რეგიონში.
არჩევნების მნიშვნელობას ზრდიდა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, 2005 წლის გაზაფხულზე უნდა გამართულიყო და რომელშიც მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა ედუარდ შევარდნაძე. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალის ლიდერი იქმნიდა მნიშვნელოვან პლაცდარმს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში. 2003 წლისთვის პრეზიდენტობის სურვილი დაფიქსირებული ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჟვანიასა და შალვა ნათელაშვილს.
საპარლამენტო არჩევნები გაიმართა 2003 წლის 2 ნოემბერს. იმავე ღამით, გრიბოედოვის თეატრის დარბაზში “ნაციონალურმა მოძრაობამ” გამარჯვება აღნიშნა. ისინი ეყრდნობოდნენ ეგზიტპოლების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც პირველ ადგილზე იყო “ნაციონალური მოძრაობა“ ხმათა 20,8%-ით, მეორე და მესამე ადგილებზე “ახალი საქართველოსთვის“ (12,9%) და “საქართველოს ლეიბორისტული პარტია” (12,8%). ამ დროისთვის ცესკოს ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნებული ჯერ არ იყო. ცესკომ მხოლოდ ღამის სამ საათზე გამოაქვეყნა პირველადი მონაცემები, რომლითაც ლიდერობდნენ სახელისუფლებო ბლოკი და “ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ საერთო სურათი მაინც ბუნდოვანი რჩებოდა. 3 ნოემბერს უკვე გამოქვეყნდა ხმათა პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა. ამ მონაცემებით 7%-იანი ბარიერი 5-მა სუბიექტმა გადალახა:
სააკაშვილი — ნაციონალური მოძრაობა — 26,26%
ახალი საქართველოსთვის — 18,92%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია — 17,36%
ბურჯანაძე-დემოკრატები — 10,15%
დემოკრატიული აღორძინების კავშირი — 8,13%
ახალი მემარჯვენეები — 7,99%
ამ დროისთვის ცესკოს ხმათა მეექვსედი ჰქონდა დათვლილი და მისი მონაცემებით სახელისუფლებო ბლოკი (27,6%) და “ნაციონალური მოძრაობა“ (23%) ლიდერობდნენ. იმავე დღეს ცნობილი გახდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს მონაცემები დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. გამონაკლისი იყო დსთ-ს დამკვირვებელთა ჯგუფი, რომლებმაც წინასწარი შეფასებით, არჩევნებს სამართლიანი და დემოკრატიული უწოდეს. ბურჯანაძე-ჟვანიას ბლოკმა არჩევნებში “ნაციონალების” გამარჯვება აღიარა, ამ უკანასკნელმა კი საუბარი დაიწყო შესაძლო სახალხო გამოსვლებზე.
პირველი დემონსტრაცია უკვე 4 ნოემბერს ჩატარდა. “ნაციონალების” სატელევიზიო მოწოდებას მხოლოდ “დემოკრატები“ გამოეხმაურნენ. “დემოკრატების“ მხარდამჭერები შეიკრიბნენ ფილარმონიასთან და მოგვიანებით შეუერთდნენ “ნაციონალების“ მხარდამჭერებს, რომლებიც მერიის შენობასთან იყვნენ შეკრებილი. მიტინგზე კონსტანტინე კემულარიამ მოითხოვა აჭარის საარჩევნო ოლქებში შედეგების გაუქმება. მოგვიანებით ეს მოთხოვნა ოპოზიციის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნად იქცა.
“ახლებმა”, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს დემონსტრაციაში, განაცხადეს, რომ სატელევიზიო მიწვევას არ ცნობენ, მეორე მხრივ, ბრალი დასდეს “ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების გაყალბებაში თანამონაწილეობაში. ოპოზიციამ დემონსტრაციას “გამაფრთხილებელი გასეირნება“ უწოდა. მათ ხელისუფლებას წაუყენეს ულტიმატუმი, 5 ნოემბრის 12:00 საათამდე ეღიარებინა ოპოზიციის გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ დღეს კანცელარიასთან მიტინგის გაგრძელების პირობა დადეს.
იმავე დღიდან ქალაქში გამოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმი და შინაგანი ჯარის ნაწილები, რომლებიც სახელმწიფო კანცელარიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან იყვნენ კონცენტრირებული. ედუარდ შევარდნაძემ ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა. შემდეგ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ გამოიყენებდა ძალას საჭიროების შემთხვევაში.
5 ნოემბერს “ნაციონალებმა” და “დემოკრატებმა”, რომლებიც საკუთარ თავს “წინააღმდეგობის ერთიან ფრონტს“ უწოდებდნენ, დემონსტრაცია გამართეს. ჩამოყალიბდა მთავარი მოთხოვნა: მარნეულის, ბოლნისის, ტყიბულის, ბათუმის, ქობულეთისა და საზღვარგარეთის საარჩევნო ოლქებში არჩევნების შედეგების გაუქმება. გარდა ამისა, ოპოზიციამ მოითხოვა ქობულეთში დაკავებული 21 წლის დამკვირვებლის გათავისუფლება და ყველა გამგებლის, გუბერნატორისა და პოლიციის უფროსის თანამდებობებიდან გადაყენება. მოთხოვნათა შესასრულებლად ოპოზიციამ ხელისუფლებას ვადა 7 ნოემბრამდე მისცა. “ლეიბორისტულმა პარტიამ” და “დემოკრატიული აღორძინების კავშირმა” საპროტესტო მიტინგები დაგმეს.
იმავე საღამოს ცესკოს მონაცემებით ლიდერობდა ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” 298 ათასი ხმით და მეორე ადგილზე იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 265 ათასი ხმით. ცესკოს მონაცემები კარდინალურად შეცვალა 6 ნოემბრის საღამოს აჭარის საარჩევნო ოლქებიდან ჩამოსულმა შედეგებმა. ამ მონაცემების მიხედვით აჭარაში “დემოკრატიული აღორძინების კავშირი” ხმათა 95%-ით პირველ ადგილზე გავიდა. მან 284 ათასი ხმიდან 270 ათასი ხმა მიიღო და საქართველოს მასშტაბითაც პირველ ადგილზე გადაინაცვლა. სახელისუფლებო ბლოკი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მეორე და მესამე ადგილებზე აღმოჩნდნენ. ამ შედეგების გამოცხადების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ხალხს აქციებისკენ მოუწოდა: 7 ნოემბერს რეგიონებში, 8 ნოემბერს კი თბილისში.
ამავდროულად ნინო ბურჯანაძემ გაახმოვანა ბლოკის გადაწყვეტილება, უარი ეთქვათ საპარლამენტო მანდატებზე. სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა მომხდარმა ინციდენტმა. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს, რომლებიც ზუგდიდში მიტინგს ატარებდნენ, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. სააკაშვილმა პროვოკაციის მოწყობაში პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი დაადანაშაულა. ედუარდ შევარდნაძემ კი ოპოზიციას კვლავ დიალოგისკენ მოუწოდა.
8 ნოემბერს მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა თავისუფლების მოედანზე თბილისში, სადაც 20 ათასამდე მომიტინგემ მოიყარა თავი. აქციაზე გაჩნდა პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნები.
მოგვიანებით მომიტინგეებმა სახელმწიფო კანცელარიისა და საქართველოს პარლამენტის შენობებთან გადაინაცვლეს. აქცია ღამითაც გაგრძელდა. ამ დროისთვის პოლიციას თბილისში შესასვლელი გზები გადაკეტილი ჰქონდა.
9 ნოემბერს დილით, მოულოდნელად ედუარდ შევარდნაძე აქციაზე ხალხთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით მივიდა, თუმცა უშედეგოდ. იმავე საღამოს კრწანისის რეზიდენციაში გაიმართა მოლაპარაკებები შევარდნაძესა და საპროტესტო აქციების ლიდერებს (ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე) შორის. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ის პირველმა სააკაშვილმა დატოვა და ხალხს უფრო ფართომასშტაბიანი აქციებისკენ მოუწოდა.
9 ნოემბრიდან მოყოლებული საქართველოს პარლამენტის წინ აქციამ მუდმივი სახე მიიღო. აქციების გამართა დაიწყეს ზესტაფონში, თელავსა და ოზურგეთში, რამდენიმე ოპოზიციონერმა შიმშილობა დაიწყო.
აქციებს არ შეუერთდნენ “ახალი მემარჯვენეები”, რომლებმაც განაცხადეს, რომ რევოლუციაში მონაწილეობას არ მიიღებენ. პარალელურად, შევარდნაძე იმყოფებოდა სამეგრელოსა და აჭარაში, სადაც აბაშიძისგან მხარდაჭერის პირობა მიიღო.
ხელისუფლება ნაწილობრივ წავიდა დათმობებზე, როცა 11 ნოემბერს საოლქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” სარჩელის საფუძველზე გააუქმა არჩევნების შედეგები ბოლნისის საარჩევნო ოლქში. ედუარდ შევარდნაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას დიალოგისკენ, მიხეილ სააკაშვილი იმავე დღეს შეხვდა სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვა.
სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლებმა ვახტანგ რჩეულიშვილმა და გია ყარყარაშვილმა გამოხატეს კომპრომისისადმი მზადყოფნა, რაც “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების აღიარებით უნდა გამოხატულიყო. 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო პრეზიდენტის, ოპოზიციის ლიდერებისა და ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში, რომელიც ჩაიშალა, რადგანაც ოპოზიციის ლიდერები შეხვედრაზე არ მივიდნენ.
13 ნოემბერს გამართულ აქციაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აღარ აპირებდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლას. აქციების ერთადერთ და უპირობო მოთხოვნად იქცა საქართველოს პრეზიდენტის გადადგომა. ამ მიზნით ოპოზიციამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
14 ნოემბერს ოპოზიციამ კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია ჩაატარა. მომიტინგეებმა შეკრეს ცოცხალი ჯაჭვი სახელმწიფო კანცელარიის ირგვლივ. ოპოზიციის ლიდერებმა ხელისუფლებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. 16 ნოემბერს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ოპოზიციამ ჩამოაყალიბა დაუმორჩილებლობის კომიტეტი და შეიმუშავა 5 პუნქტიანი მიმართვა მოსახლეობისადმი. ოპოზიციამ მოუწოდა მოსახლეობას ადგილობრივი ადმინისტრაციების შენობების პიკეტირებისკენ, საჯარო მოხელეების გაფიცვისკენ, ხოლო მეწარმეებს — გადასახადების გადაუხდელობისკენ. ოპოზიციამ ასევე მოუწოდა მძღოლებს, ორშაბათს, 11:00 საათზე, პრეზიდენტის რადიოინტერვიუს დროს გაეჩერებინათ ავტომობილები და ჩაერთოთ საყვირები დაუმორჩილებლობის ნიშნად.
შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობები დაიწყო ზუგდიდსა და თელავში, რასაც შედეგად მოჰყვა შევარდნაძის მოკავშირის, თელავის გამგებლის მედეა მეზვრიშვილის გადადგომა. საპროტესტო აქციები გაიმართა რუსთავში, ახალციხეში, ფოთში. აბაშაში მასწავლებლების, ზუგდიდში კი ექიმების გაფიცვა გაიმართა. 19 ნოემბერს აქცია გაიმართა ბოლნისში, სადაც მომიტინგეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესხნენ თავს. 13-17 ნოემბერს საპროტესტო აქციები იმართებოდა ჰამბურგში, ლონდონსა და ნიუ-იორკში. სამოქალაქო დაუმორჩილებლობას შეუერთდა თსუ-ის სტუდენტების ნაწილიც.
ედუარდ შევარდნაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას დიალოგისკენ. ამის შემდეგ კი 17 ნოემბრიდან დაიწყო ხელისუფლების მომხრეთა აქციები საქართველოს პარლამენტის წინ. აქციაში მონაწილეობდნენ “დემოკრატიული აღორძინების კავშირის”, ზვიად გამსახურდიას ქვრივის მანანა არჩვაძის და “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” მომხრეები. ისინი “ნაციონალურ მოძრაობას” სამოქალაქო კონფრონტაციის გაღვივებაში ადანაშაულებდნენ.
20 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა:
ახალი საქართველოსთვის – 21,32%
დემოკრატიული აღორძინების კავშირი – 18,84%
სააკაშვილი – ნაციონალური მოძრაობა – 18,8%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 12,04%
ბურჯანაძე-დემოკრატები – 8,79%
ახალი მემარჯვენეები – 7,35%
არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს შედეგები არ ასახავენ ქართველი ხალხის ნებას. მიუხედავად ამისა, ედუარდ შევარდნაძემ 22 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომა დანიშნა.
21 ნოემბერს საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდამჭერები რეგიონებიდან თბილისისკენ დაძრეს. ავტოკოლონას წინ მოუძღოდა წალენჯიხის ავტობუსი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა.
ოპოზიციის მომხრეები 21 ნოემბერს შევიდნენ თბილისში და თავისუფლების მოედანზე გაჩერდნენ, რადგან საქართველოს პარლამენტის წინ კვლავ ხელისუფლების მომხრეთა აქცია იმართებოდა. ოპოზიციამ “ხავერდოვანი რევოლუციის” დაწყება გამოაცხადა. “ლეიბორისტულმა პარტიამ” ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს, მაგრამ არ შეუერთდა შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნასა და საპროტესტო აქციას.
22 ნოემბერს, ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, როცა ედუარდ შევარდნაძე მისასალმებელ სიტყვას კითხულობდა, სხდომათა დარბაზში მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით მომიტინგეები შეიჭრნენ. შევარდნაძემ დაცვის თანხლებით დატოვა დარბაზი. დარბაზი დატოვეს სხდომაზე გამოცხადებულმა დეპუტატებმა, ასევე, პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიიდან წავიდნენ ხელისუფლების მომხრე მომიტინგეები. საქართველოს პარლამენტის შენობა ოპოზიციის მომხრეებმა დაიკავეს. მოგვიანებით მათ დაიკავეს ასევე სახელმწიფო კანცელარიის შენობა. პოლიციას ხელი არ შეუშლია მომიტინგეებისთვის დაეკავებინათ პარლამენტისა და კანცელარიის შენობები.
შევარდნაძემ, რომელიც კრწანისის რეზიდენციაში იმყოფებოდა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა მომიტინგეებს, დაეკავებინათ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ტელევიზიის შენობები. ამავდროულად, სააკაშვილმა კვლავ მოითხოვა შევარდნაძის გადადგომა, წინააღმდეგ შემთხვევაში კრწანისის რეზიდენციასთან აქციების გაგრძელებით დაიმუქრა.
23 ნოემბერს, 20:00 საათზე გაიმართა შევარდნაძისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის შუამავლობით. შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა. პრეზიდენტის გადადგომას სხვა თანამდებობის პირების, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოჰყვა.
24 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ კი 22 ნოემბერს შემოღებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა.
“ვარდების რევოლუციამ” საქართველოში შევარდნაძისა და მისი გუნდის 11-წლიანი მმართველობა შეცვალა. მან არნახულად დიდი პოპულარობა მოუტანა მიხეილ სააკაშვილს და ის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნების ფაქტობრივად უალტერნატივო ლიდერად აქცია. 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა, 28 მარტს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში კი ხმების აბსოლუტური უმეტესობა “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო.
“ვარდების რევოლუციამ” მნიშვნელოვნად შეარყია ასლან აბაშიძის მმართველობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აბაშიძემ ხელისუფლების შენარჩუნება მხოლოდ რამდენიმე თვის მანძილზე შეძლო.
“ვარდების რევოლუციამ” გაზარდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, ასევე ბურჯანაძისა და ჟვანიას ბლოკის პოპულარობა. რევოლუციის შემდეგ მკვეთრად დაეცა სხვა პოლიტიკური პარტიების, განსაკუთრებით “საქართველოს ლეიბორისტული პარტიისა” და “ახალი მემარჯვენეების” რეიტინგი. მათ რევოლუციის შემდეგ წევრთა 15-17%-იანი კლება განიცადეს.
“ვარდების რევოლუციამ” გავლენა მოახდინა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებებზე. მას მოჰყვა “ნარინჯისფერი რევოლუცია” 2004 წელს უკრაინაში და “ტიტების რევოლუცია” 2005 წელს ყირგიზეთში.
კომენტარები