ამ არჩევნებისთვის “ქართულ ოცნებას” დაპირება არ აქვს მოსახლეობისთვის. ის დაპირებას აძლევს მხოლოდ მოსკოვს. ამ დროს კი საქართველოს მოქალაქეები იტანჯებიან მაღალი ფასებით, სიღატაკით, უმუშევრობით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დღეს ქუთაისში განაცხადეს.
ოპოზიციონერებმა ბრიფინგი “იმერეთის“ ბაზრობაზე გამართეს, სადაც მანამდე მოვაჭრეებს ფლაერები დაურიგეს.
ოპოზიციონერების თქმით, საქართველოში პენსიონერს არჩევანი აქვს იყიდოს საკვები თუ წამალი, მშობელმა არჩევანი უნდა გააკეთოს უყიდოს შვილებს საჭმელი თუ სახელმძღვანელოები. ამის ყველაფრის მიზეზი არის მონოპოლიები, ფასების მაფია, რომელიც საქართველოში შექმნა “ქართულმა ოცნებამ”.
მათივე თქმით, სწორედ “ქართულმა ოცნებამ” წაართვა ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი და დატოვა განვითარების პერსპექტივის გარეშე.
გიორგი ჯაფარიძის და ხატია დეკანოიძის განაცხადებით, “26 ოქტომბერს ყველამ ერთად, არჩევნებზე მისვლით უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება, გავზარდოთ შემოსავლები და დავწიოთ ფასები”.
“თქვენ გახსოვთ რას ჰპირდებოდა „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეებს. ჰპირდებოდა უმუშევრობის დაძლევას, მაღალ ანაზღაურებას, დაბალ ფასებს. ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაპირება არ აქვს, ის დაპირებას აძლევს მარტო მოსკოვს. ის იხდის ბოდიშს, გვთხოვს, რომ ბოდიში მოვუხადოთ დამპყრობელს, ის ამზადებს აფხაზეთის საერთაშორისო დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ნიადაგს. ამ დროს საქართველოს მოქალაქეები იტანჯებიან მაღალი ფასებით, დაბალი შემოსავლებით, სიღატაკით, პენსიონერს არჩევანი აქვს იყიდოს საკვები თუ იყიდოს წამალი. მშობელს არჩევანი აქვს შვილს უყიდოს საკვები თუ უყიდოს სახელმძღვანელოები, რადგან მეტზე შემოსავალი არ ჰყოფნით. ამ ყველაფრის მიზეზი არის ის მონოპოლიები, რომელიც საქართველოში შექმნა „ქართულმა ოცნებამ“. ამ კორუფციული სქემებით, საქართველოს მოქალაქეების ძარცვის ხარჯზე მდიდრდება მხოლოდ „ქართული ოცნება“. 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და დავასრულოთ ეს ფასებიც მაფია, შევცვალოთ ეს ხელისუფლება“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ
კომენტარები