პარლამენტთან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი გრძელდება.
აქციის მონაწილეები 37 დღეა შიმშილობენ და მთავრობის რეაგირებას მოითხოვენ
“იქნებ გავაგონოთ ჩვენი ხმა რამენაირად კობახიძეს, რომ რამენაირად გამოგვეხმაუროს. არანაირი რეაგირება არ აქვს. ვითხოვთ კობახიძესთან შეხვედრას, მაგრამ კარავი არ დაგვადგმევინეს და შეხვედრაზე ზედმეტია უკვე საუბარი. გამოვიდეს მთავრობა, ჩვენ ვერ ვერევით კომპანიას. ეს მთავრობა ამბობს, რომ კომპანიამ და მოსახლეობამ მოაგვარეთ ერთმანეთშიო. ჩვენ რომ ვერ მოვაგვარეთ მაგიტომ გვჭირდება მთავრობის დახმარება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
გაფიცული შუქრუთელები მოითხოვენ, რომ მთავრობამ მათ დახმარების ხელი გაუწოდოს.
“37 დღეა, რაც ვშიმშილობთ და და ნელ-ნელა უფრო ვსუსტდებით, რამდენს გავძლებთ ეგეც არ ვიცით. ჩვენი მთავრობა აგვიანებს პასუხის გაცემასაც და ვისაც ევალება, რომ ყურადღება მოგვაქციოს, არავინ ყურს არ გვიგდებს და არავინ გვაქცევს ყურადღებას, როგორ იქნება მომავალში ჩვენი მდგომარეობა და რა იქნება არავინ იცის. ვართ ასე უპატრონოდ მიტოვებულები“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
შუქრუთელებმა თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს გადაინაცვლეს. შიმშილობს აქციის 16 მონაწილე, მათ შორის 8 ქალი. პოლიციამ პროტესტის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება არ მისცა, რის გამოც მათ ღია ცის ქვეშ ყოფნა უწევთ.
შუქრუთელები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
მათი მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც.
კომენტარები