ქუთაისში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა. აღმაშენებლის და ავტოქარხნის დასახლებაში ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა. არსებული ინფორმაციით, ცოფით ინფიცირებულმა ძაღლმა ადამიანი დაკბინა, ცხოველი გარდაიცვალა, მამაკაცი კი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაშია.
ცოფი მომაკვდინებელი დაავადებაა. მისი წამალი არ არსებობს. თუ ის ადამიანს ან ცხოველს შეეყარა, ვეღარაფერი უშველის. იხოცებოდნენ კიდეც საუკუნეების განმავლობაში, ვიდრე ლუი პასტერმა ცოფის ვაქცინა არ შექმნა.
უკანასკნელ ათწლეულებში იმუნიზაციის მეთოდები დაიხვეწა. შეიქმნა ახალი ტიპის ვაქცინა და ორმოცდარვაინექციიანი კურსის ნაცვლად ახლა ხუთინექციიანიც საკმარისია.
ცოფი თბილსისხლიანი ცხოველების დაავადებაა. მას უმთავრესად მაწანწალა ძაღლები და კატები ავრცელებენ, გარეული ცხოველებიდან – მელა, მგელი, ტურა, ღამურები, მღრღნელები, თუმცა ცოფით ასევე შეიძლება დაავადდნენ ცხენი, კურდღელი, დათვი, ლომი, ღორი, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი.
ადამიანს ან სხვა ცხოველს ცოფის ვირუსი დაავადებულთან უშუალო კონტაქტის – დაკბენის, დადორბვლის ან დაკაწვრის შედეგად გადაეცემა. კანზე შეუმჩნეველი მიკროტრავმის არსებობაც საკმარისია, რომ ნერწყვის მოხვედრისას ცოფი განვითარდეს. უკანასკნელი წლების მონაცემებით, არც ადამიანისგან ადამიანზე ვირუსის გადაცემას გამორიცხავენ.
კომენტარები