ქუთაისში აღმაშენებლის გამზირეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს.
ამ პერიოდის განმავლობაში ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჯერ მარჯვენა მხარე გადაკეტეს, შემდეგ – მარცხენა.
მტვერი, ნაგავი, მიტოვებული ტექნიკა, გაქცეული და დაბრუნებული მუშები, გაჩერებული ბიზნესი, დაზარალებული კომერციული ობიექტები, დამტვრეული ავტომობილები, ორმოში ჩავარდნილი მანქანები და პერიოდულად ოპოზიციის მიერ გამართული ბრიფინგ-პერფორმანსები – ეს აღმაშენებლის გამზირის მხოლოდ ერთწლიანი ისტორიაა.
ვიდრე ქუჩაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაჭიანურებულ რეჟიმში ახორციელებდა, გადაკეტილი გამზირზე ბიზნესი სულს ღაფავდა, კომერციული ობიექტების მეპატრონეების საბანკო სესხები კი ანტირეკორდებს ხსნიდა.
“ავტოსამრეცხაო გვაქვს, აღმაშენებლის გადათხრილ ქუჩაზე რომელი ჭკვიანი მოვა და გარეცხავს მანქანას? გარეცხილ მანქანას რომ წაიყვან, მერე ხელმეორედ არის გასარეცხი. პანდემიას მგონი გადავურჩით, მაგრამ შიმშილს და ბანკის სესხებს რამდენად გადავურჩებით არ ვიცი”,- გვიყვება მცირე ბიზნესის მეპატრონე.
“დიდი აჟიოტაჟით გამოაცხადეს წლების წინ, აღმაშენებლის რეაბილიტაცია იწყებაო და თან დაიწყო ამ ქუჩაზე მცხოვრები ადამიანების ტანჯვა. მტვერი, ნაგავი, მიტოვებული ტექნიკა, გაქცეული და დაბრუნებული მუშები, ამ ქუჩამ ყველაფერი უბედურება გამოიარა რეაბილიტაციის გარდა”, – ამბობს აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრები ნინო მანაგაძე.
ქუთაისში აღმაშენებლის გამზირის სრული რეაბილიტაცია 2010 წელს მოხდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ ადგილზე, კილომეტრნახევრიან ზოლზე გაშენებული სხვადასხვა ჯიშის ხეები გაჩეხა, პერიმეტრზე კი, 300 ძირი ვაშინგტონის ჯიშის პალმები დარგო და ქუჩას პალმების ხეივანი ეწოდა.
ასევე მოხდა განათებების მონტაჟი და პალმების განათება, ეს სივრცე ქუთაისის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად და ტურისტებისათვის საყვარელ ადგილად იქცა. ასევე 2010 წლის რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდა ველო-ბილიკების მოწყობა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ფარგლებში, იმ დროისთვის ქუთაისში ველო-სპორტი პოპულარულ გართობის საშუალებად იქცა.
კომენტარები