მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისის კლინიკაში 19 წლის შვილი მომიკლეს”- გარდაცვლილი ქალის ოჯახი ექიმების დასჯას მოითხოვს

“ქუთაისის კლინიკაში 19 წლის შვილი მომიკლეს”- გარდაცვლილი ქალის ოჯახი ექიმების დასჯას მოითხოვს

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გარდაცვლილი ქალის ოჯახი ექიმების დასჯას მოითხოვს.

ორსული კლინიკაში საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევა 30 დეკემბრის ღამეს მოხდა. 19 წლის გოგოს ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს.

მათი ინფორმაციით, სესილი ბუბუტეიშვილის მდგომარეობა საკეისრო კვეთისას დამძიმდა და მას გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა და გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილის ოჯახი ვარაუდობს, რომ გართულების მიზეზი ნარკოზის გადაჭარბებული დოზა გახდა.

ოჯახი ითხოვს, ანესთეზიოლოგს შეუჩერდეს უფლებამოსილება იქამდე, ვიდრე საბოლოო დასკვნა გახდება ცნობილი.

“აბსოლუტურად არანაირი მედიკამენტი მთელი ორსულობის განმავლობაში არ გამოუყენებია. დადებითად იყო განწყობილი, მესენჯერით ბავშვის ტანსაცმელები მანახა ჩემმა შვილმა, რომელი ჩავაცვაო, ნახევარ საათში გამოვალ და ბავშვსაც გაჩვენებო. ოპერაციის შემდგომ ექიმები არ შემხვედრიან და ზუსტი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. სამი საათის შემდგომ მითხრეს, გილოცავთ შვილიშვილის დაბადებას, მაგრამ დედა დამძიმდა და გადავიყვანეთ რეანიმაციულ განყოფილებაში”, – განაცხადა სესილი ბუბუტეიშვილის დედამ თეა ლატარიამ.

რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ დაწყებულია მოკვლევა და დასკვნა 2 თვეში გახდება ცნობილი, რის შედეგადაც გაირკვევა, ჰქონდა თუ არა ადგილი ექიმის შეცდომას.

ახალშობილი ჯანმრთელი დაიბადა და ის თავს კარგად გრძნობს.

კომენტარები