“სამართლიანი იქნებოდა ის რიონის ხეობის მოძრაობის მოთხოვნის საფუძველზე გადაეყენებინათ, მაგრამ რა იციან ამათ სამართლიანობის,”- ასე ეხმაურება სოციალური სამართლიანობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ლინა ღვინიანიძე ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომას.
ღვინიანიძის თქმით, ის ვერასდროს ჩამოირეცხავს ნამოხვანი ჰესის ანტისახელმწიფოებრივ პროექტს და იმ მინისტრის სახელს, რომელიც ხალხთან მის მიერვე დანიშნული შეხვედრიდან გაიქცა.
“გარდა იმ დიდი ეკონომიკური “აღმავლობისა”, რომელიც თურნავას მინისტრობას უკავშირდება, ის ვერასდროს ჩამოირეცხავს ნამოხვანი ჰესის ანტისახელმწიფოებრივ პროექტს და იმ მინისტრის სახელს, რომელიც ხალხთან მის მიერვე დანიშნული შეხვედრიდან გაიქცა. მისი პასუხისმგებლობის საკითხიც არასდროს უნდა მოიხნას დღის წესრიგიდან. რიონის ხეობის მოძრაობა რომელიც ისევ ხეობაში ათენებს, დღესაც ითხოვს პასუხს რა ხდება და რა მოხდება რიონის ხეობაში”, – წერს სოციალურ ქსელში ლინა ღვინიანიძე.
საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფიგზე განაცხადა, ეკონომიკის მინისტრად სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაინიშნა.
ღარიბაშვილმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ნათია თურნავას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის გუნდის წევრად რჩება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ლევან დავითაშვილის ყოფილი მოადგილე ოთარ შამუგია დაინიშნა.
კომენტარები