რამდენიმე თვის წინ ქუთაისში, საპანაძეების ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. კორონავირუსი დედას ორსულობის მე-7 თვეს შეხვდა. ვირუსი მალე გართულდა და ქალის გარდაცვალებით დასრულდა. ექიმებმა ვერც ახალშობილი ტყუპების გადარჩენა ვერ მოახერხეს. 14-წლიანი უნაყოფო მოლოდინის შემდეგ, ეს დედის პირველი ორსულობა იყო, რომელიც სუროგაციის გზით გახდა შესაძლებელი.
“15 აგვისტოს გავხდით ავად, გამოვიძახე სასწრაფო და გავატანე ჩემი მეუღლე, მე სახლში დავრჩი, 19-ში დაიბადნენ ბავშვები, სამ დღეში მოვნათლეთ, 26-ში გადაიყვანეს უკვე სხვა კლინიკაში. 19 სექტემბერს გოგო გარდამეცვალა, 20 სექტემბერს, ჩემი დაბადების დღეს ბიჭი, დაბადების დღე აღარ მაქვს“, – ამბობს გოჩა საპანაძე.
მძიმე შოკიდან გამოსულ მგლოვიარე მამას ახლა იმედი გაუჩნდა. მისი გარდაცვლილი მეუღლის ორი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ორი ემბრიონი – ისევ ლაბორატორიაში ინახება. და სუროგატი დედის პოვნის შემთხვევაში, შეეძლება სულ რამდენიმე თვეში თავისი და გარდაცვლილი მეუღლის შვილი ჩაიკრას გულში.
თუმცა ეს ამბავი აქ სამართლებრივ ჩიხში აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ კანონი მარტოხელა მამას სუროგაციის გზით შვილის გაჩენას უკრძალავს.
გოჩა საპანაძე ახლა საზოგადოების თანადგომას ითხოვს, რათა სამართლებრივმა აბსურდმა ის საკუთარ ტკივილთან სამუდამოდ მარტო არ დატოვოს.
კომენტარები