მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – “ომიკრონის” დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს

ირაკლი ღარიბაშვილი – “ომიკრონის” დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს

“ომიკრონის” დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. აზრი დაკარგა აღნიშნული „მწვანე ბარათების“ გამოყენებამ. თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება და „დელტას“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი – მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი“. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურ შემთხვევებში ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აღნიშნული ვირუსი. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა „მწვანე ბარათის“ გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭირო მისი გაუქმება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

200 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევის მიუხედავად, პრემიერი თვლის, რომ კოვიდის პანდემიას ხელისუფლება კარგად მართავს.

“მიუხედავად იმისა, რომ 200 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში, ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა აბსოლუტურად არ გვაქვს. მინისტრი სრულად ფლობს და აკონტროლებს სიტუაციას. 1000-ზე მეტმა ოჯახის ექიმმა გაიარა განმეორებითი ტრენინგი. 100-ზე მეტი კოვიდკლინიკის მედპერსონალმაც მათ შორის. არცერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების გარეშე. 8000-ზე მეტი ჰოსპიტალური საწოლი არის მობილიზებული, აქედან 6000-მდე არის ათვისებული და 2000-ზე მეტი საწოლი გვაქვს თავისუფალი. პროცესი არის სრული კონტროლის ქვეშ. ძალიან ბევრ ტესტს ვაკეთებთ, მათ შორის იმაზე მეტს, ვიდრე საშუალოდ ევროპული ქვეყნები და ამაში მართლაც გამორჩეული ვართ. ვფიქრობთ რომ, მარტის ბოლოსთვის სიტუაცია დასტაბილურდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები