მთავარიახალი ამბებისლაიდი

წყლის სისტემების შეკეთებაზე დახარჯული 58 ათასი ლარი და უწყლოდ დარჩენილი სოფლები სამტრედიაში

წყლის სისტემების შეკეთებაზე დახარჯული 58 ათასი ლარი და უწყლოდ დარჩენილი სოფლები სამტრედიაში

სამტრედიის ორ სოფელში ზაფხულობით წყალი არ აქვთ, სათავე ნაგებობა დაზიანებულია, წყალი ჟონავს და მოსახლეობამდე არ აღწევს. არადა, 2012-21 წლებში წყლის სისტემების შეკეთებაზე 58 ათასი ლარი დაიხარჯა.

სამტრედიის მაღალმთიან თემში, საჯავახოს ერთ-ერთ სოფელ ჭოგნარში 362 ადამიანი ცხოვრობს და აქაურების საერთო პრობლემა უწყლობაა.

“აი, ფაქტის“ ინფორმაციით, 2012-2020 წლებში ჭოგნარში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 58 ათასი ლარი დაიხარჯა. ამ პერიოდში შეაკეთეს წყლის სისტემები და ოთხჯერ შეიძინეს ახალი მილები. თუმცა, არ უზრუნიათ წყლის სათავე ნაგებობის მოწესრიგებაზე. აქედან წყალი იღვრება და სოფლამდე ვეღარ მიდის.

სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისათვის თანხა არც 2022 წლის ბიუჯეტითაა გამოყოფილი. სამტრედიის მერიაში აცხადებენ, რომ სოფელი თავად გადაწყვეტს, რა გააკეთონ სოფლის განვითარების პროგრამისათვის გამოყოფილი თანხით.

ამ პროგრამით ჭოგნარს წელს 5 ათასი ლარი ეკუთვნის, რადგან აქ 201-დან 400-მდე მოსახლე ცხოვრობს. თუმცა, შესაძლებელია რამდენიმე სოფლისთვის განკუთვნილი თანხაც შეკრიბონ და საერთო პრობლემა ასე მოაგვარონ.

დასალევი წყალი იშვიათად აქვთ საჯავახოშიც. არადა, წყლის მილები აქ რვა წლის წინ შეცვალეს.

საჯავახოელების ონკანები ზაფხულობით შრება. სხვა სეზონებზე დასალევად უვარგისი წყალი მიეწოდებათ, ისიც- დღეგამოშვებით. მოსახლეობა დასალევ და სარწყავ წყალს ჭიდან ეზიდება, მაგრამ ეს ფუფუნება ყველას არ აქვს.

სოფლის ზედა უბანში სიტუაცია უარესია. აქაურობა სოფელ გამოჩინებულში მდებარე სათავე ნაგებობიდან მარაგდება. მარაგდებაო- სიტყვის მასალად ვწერთ. იქაურებს წყალი ზამთარშიც იშვიათად აქვთ.

საჯავახოს თემში მერის წარმომადგენელი დავით ქორიძე, რომელიც თავადაც სოფელ საჯავახოში ცხოვრობს და უწყლობა სხვებზე ნაკლებად არ აწუხებს, აცხადებს, რომ როგორც იცის, ჭოგნარში წყლის სისტემის შეკეთება და საჯავახოში სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია წელს იგეგმება, თუმცა როდის დაიწყება სამუშაოები, ზუსტად არ იცის.

“აი, ფაქტს“ მერიამ ოფიციალური წერილით უპასუხა, რომ ჯერჯერობით თანხები არ გამოყოფილა.

კომენტარები