ქალთა ფონდი „სოხუმი“ უკრაინაში მცხოვრებ ქალებს მიმართავს და სოლიდარობას უცხადებს.
უკრაინისთვის და მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის ამ საშინელ და უკეთურ დღეს, უკრაინაში მცხოვრებო ძვირფასო ქალებო,
ქალთა ფონდი „სოხუმის“ სახელით, ჩვენ, საქართველოს ქალები, რომელთაც გამოვიარეთ ომის საშინელება და ჯოჯოხეთი, გიცხადებთ უდიდეს სოლიდარობასა და მხარდაჭერას!
ჩვენ ვგრძნობთ, თუ რა ხდება ახლა თქვენს გულებსა და სულში!
გამოვხატავთ ჩვენს გულითად მხარდაჭერას და ღრმად გვწამს, რომ ეს სისასტიკე, სისხლისღვრა და ცრემლები მალე დასრულდება! მთელი მსოფლიო გაერთიანდება და შესაბამის წინააღმდეგობას გაუწევს ყველა დროის ყველაზე ვერაგ აგრესორს, რათა დედებმა არ იტირონ თავიანთი შვილების საფლავზე, ბავშვებმა არ გამოსცადონ ობლობის სიმწარე და არაფერი დაემუქროს მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ მსოფლიოში.
სამწუხაროდ, თქვენ ბედმა გარგუნათ ასეთი განსაცდელი, მაგრამ თქვენ მას აუცილებლად გაივლით! იმიტომ რომ თქვენთანაა სიმართლე, თქვენ გაქვთ ღირსება, სიამაყე და მოვალეობა თქვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის!
თქვენს გვერდითაა ყველა, ვისაც შეუძლია კეთილისა და ბოროტის გარჩევა და არჩევანს აკეთებს მართალსა და მტყუანს შორის!
თქვენთანაა ყველა, დაწყებული იმ ადამიანებით, ვისაც დაკარგვის შიში აქვს, დამთავრებული იმ ადამიანებით, რომლებიც შეძრწუნებულნი არიან უკრაინაში მიმდინარე საშინელი მოვლენებისა და უმძიმესი შეგრძნებისგან: როგორ უნდა დაგვეშვა ეს!
თქვენს გვერდითაა მთელი ცივილიზებული სამყარო, იმიტომ რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეა სასწორზე! მსოფლიოს მშვიდობა და სტაბილურობაა საფრთხეში! ასეთი მასშტაბის ბოროტება არასოდეს და არავისთვის ჩაივლის უკვალოდ!
ღმერთს შევთხოვთ, ყველას მოგვცეს ძალა, სიბრძნე და შესაძლებლობა, ერთად გავუძლოთ ამ ურთულეს განსაცდელს!
მშვიდობა აუცილებლად დაუბრუნდება თქვენს ქვეყანას, მზიან ქალაქებსა და ოჯახებს!
თქვენს მხარესაა სიმართლე და ის გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“, – აღნიშნულია ქალთა ფონდი „სოხუმის“ სახელით გავრცელებულ მიმართვაში.
კომენტარები