მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მზად ვარ უკრაინიდან მივიღო 30 ბავშვი და ვუზრუნველყო ყველა აუცილებელი პირობებით“

“მზად ვარ უკრაინიდან მივიღო 30 ბავშვი და ვუზრუნველყო ყველა აუცილებელი პირობებით“

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) აცხადებს, რომ მზად არის, ეპარქიაში უკრაინიდან 30 ბავშვი მიიღოს.

მეუფეს თქმით, ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან და დარჩებიან იქამდე, ვიდრე უკრაინაში ვითარება არ დასტაბილურდება.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი დახმარებისთვის შესაბამის ორგანიზაციებს მიმართავს.

„ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო უკრაინაში არსებულ მოვლენებს. რუსულმა აგრესიამ უკრაინაში ბევრ არასრულწლოვანს დააკარგვინა მშობელი, ბევრისა კი ახლაც ფრონტის ხაზზეა და იარაღით იცავს საკუთარ სამშობლოს, საკუთარ შვილებს, თავისუფლებას. ღვთის მადლით, ეპარქიაში მაქვს საბავშვო ბაღებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მზად ვარ უკრაინიდან მივიღო 30 ბავშვი (თუ საჭირო იქნება მშობლებიც) ვუზრუნველყო ისინი საცხოვრებლითა და ყველა სხვა აუცილებელი პირობებით და დავიტოვო ჩემთან მანამ, სანამ უკრაინაში ვითარება არ დასტაბილურდება.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში სპეციალური ორგანიზაციები არსებობენ, რომლებიც ამგვარ საკითხებს კურირებენ. გთხოვთ მიაწვდინოთ მათ ჩემი ხმა, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხერხდეს ამ ბავშვების ომის ქარ-ცეცხლიდან გამორიდება და საქართველოში ჩამოყვანა, ჩვენ კი მოგვეცეს საშუალება ჩვენი ადამიანური, მწყემსმთავრული და ქრისტიანული მოვალეობების აღსრულებისა“, – წერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) სოციალურ ქსელში.

კომენტარები