მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ნუ უკლავთ დედებს შვილებს, შეწყვიტეთ ომი – უკრაინის სოლიდარობის აქცია ქუთაისში

ნუ უკლავთ დედებს შვილებს, შეწყვიტეთ ომი – უკრაინის სოლიდარობის აქცია ქუთაისში

ნუ უკლავთ დედებს შვილებს, შეწყვიტეთ ომი, სოლიდარობა უკრაინას – ამ დევიზით ქუთაისში მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად ამჯერად ქალები გამოვიდნენ.

დედები რუსეთის აგრესიას გმობენ და მოძმე უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ. მშვიდობიანი აქციის მონაწილეების თქმით, ომს გამართლება არ აქვს. აქცია ქალთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, არასამთავარობო ორგანიზაცია ფონდი “სოხუმის” მხარდაჭერით ჩატარდა.

“ჩვენ ქალთა ფონდი “სოხუმის” სახელით მზად ვართ არამხოლოდ სიტყვით, არამხოლოდ მორალური მხარდაჭერით, ჰუმანიტარული ტვირთით თუ ფინანსური დახმარებით გვერდში ამოვუდგეთ და დახმარების ხელი გავუწით უკრაინელ დედებს და ბავშვებს. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ვიზრუნოთ გმირი ერების დედებისთვის და გმირი ერების ღირსეული მომავალი თაობებისთვის. ჩვენ სოლიდარულები ვართ მთელი უკრაინელი ერის მიმართ”, – განაცხადა ქალთა ფონდ „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ.

სპეციალურად ამ აქციაში მონაწილეობისთვის აქტივისტები ჩამოვიდნენ იმ 13 მუნიციპალიტეტიდან, სადაც ქალთა ფონდ „სოხუმის“ პროექტები გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის და არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების და მშვიდობის მშენებლობაში მათი ქმედითი ჩართვის მიმართულებით წარმატებით ხორციელდება.

“ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ომი, ვიცით რას ნიშნავს მშობლიურ მიწაზე რუსული ოკუპაცია და გვერდით დგომა ამ დროს ყველაზე დიდი ძალაა“ – აცხადებდნენ „სოხუმელები“.

ქალთა ფონდ „სოხუმის“თანამშრომელთა უმრავლესობა აფხაზეთიდანაა და 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, როცა ქართულ მოსახლეობას იძულებით დაატოვებინეს საკუთარი სახლები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დევნილის (იძულებით გადაადგილებული პირის) სტატუსით ცხოვრობს.

კომენტარები