მთავარიახალი ამბებიქუთაისი

“არასდროს, არავის კუთვნილი თანხა ბიუჯეტიდან არც მე და არც ჩემს ოჯახის წევრებს არ მიუკუთვნებია”

“არასდროს, არავის კუთვნილი თანხა ბიუჯეტიდან არც მე და არც ჩემს ოჯახის წევრებს არ მიუკუთვნებია”

“არასდროს, არავის კუთვნილი თანხა ბიუჯეტიდან, მითუმეტეს სოციალურად დაუცველი ადამიანების არც მე და არც ჩემს ოჯახის წევრებს არ მიუკუთვნებია” – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას და ამ ანგარიშზე მომზადებულ მასალებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ირაკლი შენგელიას თქმით, ქალაქის მმართველობაში მოსვლის მიზანი, ყოველთვის იყო ქალაქის და თანაქალაქელების სამსახური.

„ბევრი ვიფიქრე ამ პოსტის დაწერის წინ, დუმილს ნამდვილად ვერ ავირჩევდი. არასდროს გავქცეულვარ კითხვებს მედიის თუ მოქალაქეების მხრიდან და პოლიტიკაში ყოფნის განმავლობაში ღიაობა და გულწრფელობა ყოველთვის იყო ის ღირებულება, რასაც ვიცავდი და დავიცავ.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს, არავის კუთვნილი თანხა ბიუჯეტიდან, მითუმეტეს სოციალურად დაუცველი ადამიანების, არც მე და არც ჩემს ოჯახის წევრებს არ მიუკუთვნებია. მეტიც, პოლიტიკაში მოსვლამდე და ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც საჯარო სივრცეში გადმოვინაცვლე, სხვა ვალდებულებებთან ერთად, უპირველეს ამოცანად, სწორედ ადამიანების დახმარება მაქვს არჩეული. არასდროს დავიწყებ საუბარს ინდივიდუალურად გაწეული დახმარების მოცულობაზე, როგორც ფინანსური, ასევე პროფესიული მიმართულებით, ამის განსჯა მოქალაქეებისთვის მიმინდია.

ბოლოს დავძენ, რომ ქალაქის მმართველობაში მოსვლის მიზანი, ჩემთვის არასდროს ყოფილა მერკანტილური და ყოველთვის იყო ჩემი ქალაქის და თანაქალაქელების სამსახური”, – წერს ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით ქუთაისის საჯარო მოხელეებმა სოციალური შემწეობები მიიღეს, მათ შორის არის ირაკლი შენგელიაც.

კომენტარები