მთავარიახალი ამბებიიმერეთი

თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის შეუვსებელი და დაგვიანებული დეკლარაციები და კანონთან სხვა შეუსაბამობები

თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის შეუვსებელი და დაგვიანებული დეკლარაციები და კანონთან სხვა შეუსაბამობები

გიორგი ბარათაშვილი „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს თავმჯდომარე 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შემდეგ, შარშან, 3 დეკემბერს გახდა. თუმცა, ის საკრებულოს წევრი იყო წინა მოწვევის საკრებულოშიც და მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 1 აპრილიდან საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იყო, მისი იმდროინდელი დეკლარაცია არ იძებნება. არადა, კანონმდებლობით 2017 წლიდან საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეც თანამდებობის პირია და დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ. ბარათშვილს პირველი და ჯერჯერობით, ერთადერთი დეკლარაციაც ვადის დარღვევით აქვს შევსებული. კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროს თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 თვეში უნდა ჩაბარდეს. ბარათაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ, მისივე დეკლარაციის თანახმად, 2021 წლის 3 დეკემბერს დაინიშნა, დეკლარაცია კი 2022 წლის 3 თებერვალს აქვს შევსებული.

თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის დეკლრაციის თანახმად, ის მეუღლესთან და სრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. თუმცა, უძრავ ქონებას მხოლოდ თვითონ და მისი მეუღლე ფლობენ, შვილის სახელზე უძრავი ქონება, ჯერჯერობით, არ ფიქსირდება. გიორგი ბარათშვილი ფლობს 4 მიწის ნაკვეთს – ორის 50-50%-ს და ორს სრულად.
1999 წლის 16 დეკემბერს მისთვის უჩუქებიათ სოფელ არხილოსკალოში (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) მდებარე 7 774 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. ის ამ მიწის 50%-ს ფლობს. მჩუქებელი კი არ არის მითითებული, მაგრამ ამ მიწის თანამფლობელია მიხეილ კობაიძე. რა ურთიერთობა აკავშირებს მასთან ბარათაშვილს, მითითებული არ არის. 1999 წლის 18 დეკემბერს მისთვის კვლავ უჩუქებიათ ისევ სოფელ არხილოსკალოში მდებარე 9 599 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელსაც ის 100%-ით ფლობს. მჩუქებელი მითითებული არც ამ შემთხვევაში ჩანს.

ბარათშვილი არის სოფელ ძევრში (თერჯოლა) მდებარე 7 251 კვ.მ მიწის ფართობისა და მასზე არსებული 550 კვ.მ სახლის 50%-ის მფლობელი. მას ეს მიწა და სახლი მემკვიდრეობით აქვს მიღებული ციალა ბარათაშვილისგან. აღსანიშნავია, რომ თანამფლობელად მითითებულია გარდაცვლილი ციალა ბარათაშვილი. გარდა ამისა, გიორგი ბარათაშვილს 2018 წელს სოფელ ძევრში (თერჯოლა) 1 800 ლარად უყიდია 25 406 კვ.მ მიწაც (1 კვ.მ დახლოებით 7 თეთრად), რომელსაც 100%-ით ფლობს.

მისი მეუღლე ფლობს ქალაქ სამტრედიაში მდებარე 163.6 კვ.მ ფართობის სახლის 100%-ს, რომელიც 2007 წელს 6 000 აშშ დოლარად უყიდია. ის, ასევე, ფლობს სოფელ ჩხარში (თერჯოლა) ორი მიწის ნაკვეთის 30-30%-ს, რომლებიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული 2012 და 2017 წლებში. ერთი მიწის ნაკვეთი არის 1 977 კვ.მ, მეორე კი – 4 464 კვ.მ, რომელზეც განთავსებულია 445.5 კვ.მ ფართის სახლი და 60.2 კვ.მ სამზარეულო (შენობები ინდივიდუალურია). ორივე მიწის ნაკვეთის თანამფლობელები არიან ნოდარ ფანჩულიძე და მანანა ფანჩულიძე.
გიორგი ბარათაშვილს ჰყავს ჰიუნდაი “ვერაკრუზი”, რომელიც 2020 წელს 7 000 აშშ დოლარად უყიდია. მანქანის გამოშვების წელი მითითებული არ არის.

რაც შეეხება სამეწარმო საქმიანობაში მის გამოცდილებას, დეკლარაციის თანახმად, ის არის შპს „ბერტა იმერეთის“ 100%-იანი წილის მფლობელი, რომელიც 2010 წელს დაუფუძნებია და ბიზნესის რეესტრის თანხმად, ამ კომპანიის დირექტორიც თავად არის. თუმცა. დეკლარაციის თანახმად, 2011 წლიდან ამ შპს-ს საქმიანობა შეჩერებულია და შესაბამისად, აქედან არანაირი შემოსავალი არა აქვს. ის, ასევე, არის შპს „ზედაზენი იმერეთის“ 95%-იანი წილის მფლობელი, რომელიც, დეკლარაციის თანხად, არ ფუქნციონირებს და არც შემოსავალი აქვს. თუმცა, ბიზნესის რეესტრში კომპანიას აქტიური სტატუსი აქვს. ამ კომპანიის 5%-ის წილის მფლობელია ზაზა კედელაშვილი.

გარდა ამისა, დეკლარაციის თანახმად, ბარათაშვილი არის შპს „აგროჯორჯია +“-ის 25%-იანი წილის მფლობელი, რომელიც 2008 წელს არის დაფუძნებული და დეკლარაციაში მითითებულია, რომ ეს შპს რამდენიმე წელია, არ ფუნქციონირებს.

ამ შპს-ს 25-25%-იანი წილების მფლობელები არიან გრიგოლ თვალავაძე, მამუკა ფოცხვერაშვილი და ზაზა ტორონჯაძე. ამასთან, ამ კომპანიის დირექტორია მამუკა ფოცხვერაშვილი, რომელიც, ამის გარდა, დარეგისტრირებულია ინდმეწარმედ და პარალელურად, არის შპს „არგოს“ 2%-იანი, შპს „კრისტალი-2010“-ის 25%-იანი და შპს „ლუქსის“ 20%-იანი წილების მფლობელი და ამ უკანასკნელის დირექტორი. ბიზნესის რეესტრის თანახმად. ბარათაშვილს დეკლარაციაში უწერია, რომ ამ კომპანიის დირექტორი თავად იყო 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 21 იანვრამდე და წინა წელს შემოსავალი ჰქონდა 14 400 ლარი. საინტერესო კი ის არის, რომ დეკლარაციის თანახმად, ის 2021 წლის აპრილიდან იყო საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. ანუ ჰქონდა საჯარო თანამდებობის პირის სტატუსი, რაც შპს-ს დირექტორობასთან კანონმდებლობით შეუთავსებელია. აღსანიშნავია, რომ ბიზნესის რეესტრის თანხმადად, ამ პერიოდში დირექტორის პოსტს სწორედ ბარათაშვილი იკავებდა.

შპს „ლუქსში“ 15%-იან წილს ფლობს გიორგი ბარათშვილის შვილი – თეკლა ბარათაშვილი, რომელსაც, დეკლარაციის თანხმად, ამ კომპანიიდან შემოსავალი 2021 წელს 12 000 ლარი ჰქონია.
დეკლარაციაში გიორგი ბარათაშვილს ასევე არა აქვს მითითებული რამდენიმე შპს-ს წილის ფლობა, რაც ჩანს ბოზნესის რეესტრში. კონკრეტულად, ის არის „კრისტალი-2010“-ის 25%-იანი წილის მფლობელი და მეწარმეთა კავშირის დირექტორი, პარალელურად კი დარეგისტრირებულია ინდმეწარმედ.

რაც შეეხება ბარათაშვილის დანარჩენ პარტნიორებს, ზაზა ტორონჯაძე კიდევ 6 კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია. გრიგოლ თვალავაძე კი, ამის გარდა, დარეგისტრირებულია ინდმეწარმედ და ასევე ფლობს ერთი კომპანიის 100%-იან წილს.

დეკლარაციის შევსების დღეს გიორგი ბარათაშვილს „ლიბერთი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 50 ლარი ჰქონდა. მისი მეუღლის და შვილის რამდენიმე მიმდინარე ანგარიშზე კი ნული ლარია დაფიქსირებული. მას ორი სესხი აქვს „საქართველოს ბანკში“ აღებული (სესხის ტიპი არ არის მითითებული) – 2019 წლის სექტემბერში აღებული აქვს 60 000 ლარი, რომელიც 2024 წლის სექტემბერში უნდა დაასრულოს. თუმცა, მითითებული აქვს, რომ ამ სესხის გადახდას 2022 წლიდან იწყებს. მეორე, 25 000-ლარიანი სესხი კი, 2018 წელს აუღია და 2022 წლის სექტემბერში ასრულებს.

დეკლარაციის თანახმად, სხვა არანაირ უძრავ ან მოძრავ ქონებას და ფასიან ნივთს თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი ოჯახი წევრები არ ფლობენ. ასევე, არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, არა აქვთ არანაირი დანაზოგი და არ მიუღიათ ფასიანი საჩუქარი.

 

წყარო: droa.ge

 

კომენტარები