მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მინდა მოგიწოდოთ, რომ გააძლიეროთ თქვენი ლოცვა უკრაინისა და უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მებრძოლი ადამიანებისთვის”

“მინდა მოგიწოდოთ, რომ გააძლიეროთ თქვენი ლოცვა უკრაინისა და უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მებრძოლი ადამიანებისთვის”

ახლა, ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე, მინდა მოგიწოდოთ, რომ გააძლიეროთ თქვენი ლოცვა უკრაინისა და უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მებრძოლი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი იმ ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც იქ საკუთარი სამშობლოსთვისაც იბრძვიან, – ამის შესახებმარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოეს მელქისედეკის სააღდგომო ეპისტოლეშია აღნიშნული.

„ჰრქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ“ (ინ. 11:25).

ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო!

მიილია დიდი მარხვა და ღვთის მადლით კიდევ ერთხელ შევეგებეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვიაზრებთ მის მნიშვნელობასა და ერთმანეთს ვახარებთ- ქრისტე აღსდგა!

საოცარია იმის გააზრება, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი განკაცდა, ივნო, დაეფლა და აღსდგა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ, ადამიანებს, სიკვდილზე გამარჯვება შეგვძლებოდა, ცოდვის ტყვეობისგან გამოვხსნილიყავით და საბოლოოდ დავკავშირებოდით მაცხოვნებელ წიაღს – ძე ღვთისა „გახდა ადამიანი, რათა ჩვენ განვღმრთობილიყავით“ (ათანასე ალექსანდრიელი, სიტყვის განკაცებისათვის). სწორედ ეს ფაქტი გვაძლევს იმ დიდი სიხარულის მიზეზსა და საბაბს, რის გამოც, ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე ერთმანეთს ვახარებთ – ქრისტე აღსდგა!

ყველას გვახსოვს გასული ორი წელი. ის დაძაბულობა, გაურკვევლობა, მორჩილება, სიფრთხილე და გაბედულება, რაც COVID-19-ის გამო გავიარეთ. 2022 წელი ბევრად უფრო ტრაგიკულად დაიწყო.

ჩვენს მოძმე და მეგობარ უკრაინაში, რუსული აგრესიის გამო სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს. შეუძლებელია ადამიანი სრულყოფილად ბედნიერი იყოს, თუკი მის გვერდით მდგომი მოყვასი გაჭირვებულია. ახლა, ვნების კვირისა თუ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში, როდესაც ეს ეპისტოლე იწერება და იკითხება, მინდა თითოეულ ჩვენგანს კარგად ესმოდეს, რომ მეზობელ უკრაინაში ათეულობით ბავშვი ობლდება, ენგრევათ სახლები და რუდუნებით ნაშენები ცხოვრება, ნადგურდებიან ისტორიული ძეგლები, ტაძრები, სიწმინდეები და ყველაზე საშინელი – იღუპებიან ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, ამ ყველაფერს კი ბოროტი ძალა ,,ქრისტეს სახელით“ აღასრულებს და ,,ცოდვილის დასჯით“ ამართლებს.

აღდგომის ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე, მინდა ყველამ გავიაზროთ, რომ ქრისტე ვინმეს დასასჯელად კი არ ეცვა ჯვარს, არამედ სასჯელიდან სხვის გამოსახსნელად; ცოდვების გამო კი არ მოკლა ვინმე, არამედ თავად მოკვდა, რათა მასთან ერთად ადამიანი გამოხსნილიყო; იესო მაღალ ტახტრევანზე მჯდომარე კი არ კარნახობდა ვინმეს ყოფა-ცხოვრების მშრალ კანონებს, არამედ საკუთარი საქმით აჩვენებდა მართებულ ცხოვრების წესს. ესაა ქრისტიანობა, ეს გვასწავლა განკაცებულმა და მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა და ამიტომაც ვიძახით ამაყად – ქრისტე აღსდგა!

ახლა, ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე, მინდა მოგიწოდოთ, რომ გააძლიეროთ თქვენი ლოცვა უკრაინისა და უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მებრძოლი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი იმ ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც იქ საკუთარი სამშობლოსთვისაც იბრძვიან.

მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა ინებოს საქართველოში მათი მშვიდობით დაბრუნება, ხოლო გარდაცვლილთა სულები კი დაამკვიდროს იქ, სადაცა მართალნი განისვენებენ.

აღდგომა – ეს არაა უბრალოდ საზეიმო დღე, რომლის გასვლის შემდეგაც ჩვეული ცხოვრების რიტმს უნდა დავუბრუნდეთ. აღდგომა ეგზისტენციალური მოვლენაა, ხოლო მისმა ყოველმა დღესასწაულმა კი რაღაც ძირეული და დადებითი ცვლილება უნდა მოახდინოს ჩვენში. მოდით, ამ აღდგომას ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს რეალურად დავეხმაროთ. ვიღაცას შიმშილი აწუხებს, ვიღაცას წყურვილი, სიცივე და უიმედობა. ამ ადამიანების ყოფას თუ არ შევიმჩნევთ, თუ უყურადღებოდ ჩავუვლით გვერდს და აღდგომის დღესასწაულს მხოლოდ ტაძრებში შეკრებასა და რიტუალების აღსრულებამდე დავიყვანთ, ჩვენ ჭეშმარიტი ქრისტიანები კი არა, ის ფარისევლები ვიქნებით, რომლებსაც იესო ქრისტე აკრიტიკებდა.

გოლგოთა რთულია, მაგრამ დროებითია. მარადიული აღდგომა და სააღდგომო დღესასწაულია, მთავარია ქრისტე გოლგოთაზე არ მივატოვოთ და ბოლომდე ვუერთგულოთ.

ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! თქვენთვის მლოცველი“, – აღნიშნულია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) სააღდგომო ეპისტოლეში.

კომენტარები