ვიდრე ჩემი ქალაქი მაგნოლიების თავბრუდამხვევ სურნელს იაფფასიანი ბანერების უგემოვნო ზღუდისგან გაათავისუფლებს, ისევ მზისფერ შენობაზე შეყვარებული ვაგრძელებ მოგონებებს, ან სულაც ვიწვევ ამ ჩემს ახლო წარსულს ისეთს, როგორიც მინდოდა დამხვედროდა.
ეს თეატრია. შთაგონებისთვის შთამაგონებლების ნაჩუქარი ყველაზე ცოცხალი გრძნობების გიჟური სამყარო ხავილით, დროში მოგზაურობით, თავდავიწყებით, თავგანწირვით, შეუზღუდავი, მოუშუშებელი, უმწიფარი, უასაკო, უკვდავი. ღმერთებთან და გმირებთან ხელშესახები. სიტყვის დამორჩილებით. გრძნობების დღესასწაულით. გაოცებისთვის, აღტაცებისთვის, ნერვების დაკივლებისთვის, თავიდან დაბადებისთვის შექმნილი სამყარო.
ამას ვდარაჯობდი მზესავით შენობის უბეში. ამას ვდარაჯობ სამწყსოსგან ურჩი ცხვარივით გამოსული სხვა გზებზეც იგივე ცხოველური მოლოდინით. ამას ელიან იქაური ბინადრებიც, პროტესტანტებიც და კომფორმისტებიც. ესმით, თუ არ ესმით ეს.
ჩემთვის თეატრის ბინადართა მოკვდავური სახის პირველი შთაბეჭდილება სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნები იყო. არანორმალურად მიხაროდა ამ პროცესში ყოფნა. ერთად ვღელავდით, ერთად ვიგონებდით, ერთად ვიკრიბებოდით, ერთად ვკამათობდით, ერთად ვკითხულობდით, ერთად ვიჯერებდით – როგორც ყველა ალბათ და ყველა დროში, – რაღაცის შეცვლა შეგვეძლო! ვცდილობდით, სწორად გვევლო ბუნდოვან გზებზე. პატარა ოთახში დაწყებული შეკრებები ნელ-ნელა გაიზარდა რაოდენობაშიც და სივრცეშიც. საერთო აზრიც ბევრჯერ გაიყო და ბევრი პასუხი ბევრ კითხვად შეიცვალა. ჩემთვის ახალი ადამიანები ახალი ინტერესებით და ცხოვრების წესით ახალ ადგილს იკავებდნენ თეატრის აწმყოშიც და მომავალშიც, გარე სამყაროს შეფასებაშიც და ერთმანეთის დახასიათებაშიც. საინტერესო მოვლენები ყოველდღე ცვლიდნენ ერთმანეთს. იცვლებოდა პოზიციებიც. ხან ღიად, ხან დაფარულად. იყო სხვადასხვა აზრიც. სხვადასხვა კანდიდატიც. სხვადასხვა ინტერესიც, ბუნებრივია. და ამ მზისფერი შენობის მხურვალე გულისფეთქვაში, ერთ დღესაც, ერთი ჩვეულებრივი, არა აქაური, სტაბილური მაჯისცემის, სწორად აწყობილი გარეგნობის ადამიანი შემოვიდა ჩუმად და ფეხაკრებით. ხმის ამოღებამდე – თითქმის მოკრძალებული. შემოვიდა და ამ მღელვარე პროცესების გვერდით, იქვე, კუთხეში ჩამოჯდა. არ ვიცნობდი და ვიკითხე – ვინ იყო. „ძველებმა“ მითხრეს, რომ ერთი დაბალი ხმის რეჟისორია, დადის ხოლმე ასე რეგიონის თეატრებში, დგამს ხოლმე პიესებს. დადგამს და მიდის. წყნარად და უხმაუროდ. წყნარად და უხმაუროდ..
გრძელდებოდა წინასაარჩევნო დუღილი და აქაური კონკურენციაც ხან მოზომილად, ხან დაუნდობლად, გრძნობებით, ჭიდილით, კრიტიკით და არასდროს შეუკავებია თავი ვინმეს ხმამაღალი განცხადების, ან შინაური გეგმის (!) გამხელაზე. ის, ჩემთვის უცხო ადამიანი კიდევ იჯდა ისევ კუთხეში და თითქოს აქაური არც არაფერი ეხებოდა.. ცნობისმოყვარეობისგან სრულიად დაცლილი, უემოციო, სხვა საქმის მომლოდინე.
დადგა გადაწყვეტილების დღეც. ჩვენ ისე ვიყავით დამუხტულები, დაძაბულები, შემართულები, ახალი დროის ათვლის მოლოდინში, გამარჯვების სურვილით შეპყრობილები, როგორც „ბარსელონას“ ფანები ჩემპიონთა ლიგაზე. საათებს და წუთებს ჰქონდა მნიშვნელობა. და უცებ ზარი ჩვენი გუნდის კანდიდატის ტელეფონზე -„მოკლედ, გადაწყდა და მე მოვდივარ, ჩემი გოგო. ეგრეა, რაა.. ორ დღეში მინისტრი წარმადგენს. ემოციებს ნუ აყვებით“ ……
ის იყო 😊! ჩვენი მღელვარე საარჩევნო „შტაბის“ კუთხეში „მოკრძალებით“, წყნარად, სხვა საქმისთვის ჩამომჯდარი „წესიერი“ კაცი, რეგიონის თეატრებში რომ პიესებს წყნარად და უამბიციოდ დგამდა და მიდიოდა.. უამბიციოდ დგამდა და მიდიოდა..
ავტორი: ზეკო ხაჩიძე
კომენტარები