როცა მესხიშვილის თეატრი ევროპის თეატრთა კონვენციას (ETC) შეუერთდა, სრულიად თეატრალურ და არათეატრალურ საზოგადოებას მოეწოდა ეზეიმა ეს „დიადი“ მოვლენა.
ამ ამბავში სწორედ „სიდიადის“ თეატრალიზებული შლეიფი იყო ცოტა ღიმილისმომგვრელი, რასაც რეალობასთან შეუსაბამო „მილოცვები“ აძლევდა კიდევ უფრო კომიკურ იერს ცოტა ინფორმირებული მკითხველისთვის, თორემ სიახლე, როგორც ერთი ნაბიჯი, ნამდვილად საინტერესო იყო ჩვენი თეატრის პროფესიული ზრდის პერსპექტივებისთვის, რადგან მისი ქოლგის ქვეშ ბევრი ტრენინგი და გადამზადება ხდებოდა ხელმისაწვდომი მარტო სამსახიობო ოსტატობის კუთხით კი არა, ტექნიკური პერსონალის გამოცდილების სფეროშიც, რაც დღესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მესხიშვილელებისთვის.
კონვენციაში გაერთიანება, ანუ მისი წევრობა ფასიანია. კი არ გირჩევენ, ირჩევ.
ისე კი, თუ ევროპულ სტანდარტზეა საუბარი, ETC-ს ოფიციალურ პოსტერზე მიშა ჩარკვიანის „ჰეკაბეთი“ დაიბეჭდა, მესხიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლით, რომელიც „დურუჯის“ გრანპრის მფლობელიც გახდა, მაგრამ თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე მისი გატანა და მიღწეული წარმატებით სიამაყე (მილოცვების ტრადიციული და მასშტაბური ციკლი) მშობლიურ თეატრს ცოტა გაუჭირდა 😊. ასეც ხდება. „ჰეკაბე“ და კიდევ რამდენიმე ჩემთვის მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, ღირებული ეპიზოდიც ამ მზისფერ შენობაში, მომავალი ბლოგების მშვიდად მოსათხრობი ისტორიაა. აქ ხომ გემოვნებაზე ლატენტური დავა გვაქვს? 😊
სხვათაშორის, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის შეფასებაც სატელევიზიო ინტერვიუში, ჩემს განწყობას დაემთხვა ზემოთხსენებული „მოვლენის“ (ETC-ს წევრობა) ობიექტური განზომილებით აღქმაში და ადამიანურად მესიამოვნა.
ევროპის თეატრთა კონვენციაში გაერთიანებამ ძირითადად სპექტაკლი „დუპლეტი“ (რეჟისორი კოტე აბაშიძე) ამოგზაურა-აფესტივალა-აგასტროლა რამდენიმეჯერ მესხიშვილის დასის მცირე ნაწილი საერთაშორისო რეზონანსის სუბლიმაციით. კამერული ფორმით ჩამოიტანა უცხოური ოვაციაც და შთაბეჭდილებებიც. უფრო დიდი შემადგენლობით ამ წლებში ბევრი იყო ვიზიტი პოსტსაბჭოურ ქვეყნებში და მათგან საპასუხო სტუმრობებიც. განსაკუთრებულ „სტუმარ-მასპინძლობაზეც“ მომავალ „ორშაბათებში“ მოვყვები. რბილად და თეატრალურად. ისტორიისთვის 😊.
ახლა ისევ კონვენციის მნიშვნელობას დავუბრუნდები სხვა ქვეტექსტით. მის რესურსს მცირე გრანტებზე და საკვალიფიკაციო ტრენინგებზე, ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც სამწუხაროდ ჯერ არ განხორციელებულა.
ტექნიკური პერსონალი თეატრის ხერხემალია. რაც უფრო ძლიერია ეს გუნდი, რაც უფრო მოვლილი, პროფესიული და დაფასებული, მით უფრო ძლიერია სანახაობა, ძლიერია ორგანიზაციაც, შემოქმედებითი პროცესიც და შედეგიც. ტექნიკური პერსონალი უძერწავს სხეულს რეჟისორის და მსახიობის სულს/იდეას! არ არსებობს ამის ჰარმონიული სრულყოფა თანასწორობის გარეშე. ქართულ თეატრში (თუ უფრო პოსტსაბჭოურში?), რატომღაც, ხშირად არის საჭირო ხმამაღლა შეგონება, რომ არ არსებობენ მეორეხარისხოვანი ადამიანები. ეს, რაღაც ძველი და კარგად დასავიწყებელი „ტრადიციაა“! სუბორდინაციის არაშემოქმედებითი სქემა, რადგან ნამდვილი შემოქმედება თავისთავად ბევრ თავისუფლებას და საზღვრების კვეთას გულისხმობს. ნამდვილი შემოქმედება ერთი ადამიანის მნიშვნელობისგან იწყება, ოღონდ მასშტაბი აქვს დიდი, მასობრივი. სწორი დასაწყისი- სწორი გზის ბოლოა! არ არის ეს უმნიშვნელო დეტალი მთელ თეატრალურ გრანდიოზულობაში. მეტიც! ხშირად სწორედ მსახიობების უკან/გვერდზე მდგომი ადამიანები ყვებიან ნამდვილ ისტორიებს, რაც ქრესტომათიული ფუნქციის ხდება.
თუმცა, მერე ფიქრობ.. ყველა საკუთარ ბიოგრაფიაზე, საკუთარ გმირობაზე ან ანტიგმირობაზე, თავად აგებს პასუხს.. სუბორდინაციის რომელ კიბეზეც არ უნდა დააყენო 😊.
რაც შეეხება იაფფასიანი ბილბორდების პანორამას ამ ქალაქის ყველაზე ლამაზი შენობის გარშემო, რაც ჩემი ბლოგის მთავარი ინსპირაცია გახდა, ისევ მეჩხერი, დახეული და უგემოვნოა. ამაყი სულისთვის დაბადებულ მზის შენობას, თეატრს, რომელსაც მის უდიდებულესობას და მის ბრწყინვალებას ვუწოდებთ, რაღაცნაირად ასევდიანებს, ამცირებს ეს შეუფერებელი სამოსი და ტონი.
გამვლელებს შემთხვევით ხომ მაინც გონიათ, რომ მზისფერი კედლების შიგნით, ისევ ლადო მესხიშვილის, კოტე მესხის და ეფრო კლდიაშვილის მსგავსი სულმოუდრეკელი ბინადრები არიან, – ბარიკადებისთვის, საზოგადო სიმართლისთვის, სამშობლოსთვის, ეროვნული საქმისთვის და თეატრისთვის თავგანწირული, აღმაფრთოვანებელი ხალხი?
იქნებ ამისთვისაა ნამდვილი ბოდიში მოსახდელი?
ავტორი: ზეკო ხაჩიძე
კომენტარები