ხომ აქვს ქალაქებს სახე? იერი? ხმაც აქვთ და ხასიათიც. მითუმეტეს ჩვენნაირს. ქუთაისს ვგულისხმობ: პრანჭიას და მელოდიურს, სტუმრისთვის გაჩენილს და ამპარტავანს, მხურვალეს და მახრჩობელას, ნიჭიერს და ბრჭყვიალას.
ჰოდა, ქუთაისის ეს სახეა მრგვალი და მზისფერი შენობა. ეს თეატრია ქუთაისის ყველაზე შთამბეჭდავი პორტრეტი, პროფილიც, ანფასიც, გრიმასიც, მიმიკაც. ყველაფერს შეელევა ქუთაისელი ამ დიდებული არქიტექტურის გარდა.
როგორ აშენდა, ვინ აშენებდა, ვინ ხატავდა, ვინ აპირკეთებდა, ვინ ქმნიდა მოზაიკებს მის გულში, ვინ აჩუქურთმებდა ყველა მის თვალს/სარკმელს, რა უნდა ყოფილიყო თავდაპირველი ვერსიით, როგორ შეეწირა რეპრესიებს მისი პირველი ავტორი, როგორ დაასრულა მეორემ და რა დარჩა საბოლოოდ, ამაზე სხვები უკეთ იტყვიან. მე, როგორც ერთი პატარა სულიერი, პატარა სხეული ცოტა მოჭარბებული სიყვარულით, ჩემს ბლოგებში ჩემს ისტორიას ვყვები მზისფერი ძეგლიდან.
აგვისტოში ისვენებს თეატრი. რამდენიმე ასეთი აგვისტო იყო ჩემს ბიოგრაფიაში. ყოველდღე სიამოვნებით დავდიოდი და ჩემებურად ველაპარაკებოდი ამ დიდებულ სიცარიელეს. ხმამაღლა ვრთავდი და ვასმენინებდი ნინა სიმონეს, „მირაბოს ხიდს“ გიოომ აპოლინერის ხმით, ერიკ სატის გიმნოპედიებს, დვორაკს და რა თქმა უნდა, იმ ღვთიურ ნიჭს, დაუდგომელს, მოუხელთებელს, გენიალურს – მოცარტს. პაწაწინა ოთახიდან გამოვდიოდი და ფოიეს ყველა კედელს, სვეტს, რიკულს ვაკვირდებოდი, როგორ ნებდებოდნენ ჩემს საავტორო რეპერტუარს. ვაღებდი ლოჟის კარს და დიდხანს გაყუჩული ვიჯექი სუდარაგადაფარებული პარტერის თავზე ათასი ფიქრით სავსე და ცოცხალი.
ახლაც და მაშინაც ვფიქრობ(დი) – ნეტა ვის ჭირდება შემოქმედებიდან შვებულება? შემოქმედება ხომ უკვე არჩევანია- ჩვეულებრივი ცხოვრების გარიდებით/შვებულებით ყოველდღიურობისგან, საყოფაცხოვრებო წვალებისგან მაღლა ტივტივი, ფერადი აბრეშუმის ზედაპირზე ყოფნა, ცასთან სიახლოვის ბედნიერება? ჰოდა, ბედნიერებისგან როგორ გადიან შვებულებაში? ახლაც მიკვირს. თან ყველა ერთად. სავალლდებულოდ, თითქოს, რომ ბედნიერებამ არ დაგახრჩოს, არ გადაგიტკბეს.
მე ალბათ, ისევ ვართულებ ყველაფერს, მაგრამ რა ვქნა, რომ ასე ვფიქრობ.
ვფიქრობ, რომ ამ თეატრის ბინადრებს ის სანუკვარი პროფესია აქვთ, ყველას რომ უოცნებია ბავშვობაში. მათ შეძლეს და გააჩერეს დრო. მათ შეძლეს და მოგონილი სამყაროც დაისაკუთრეს. მათ შეძლეს დიადი კლასიკის ნაწილი გამხდარიყვნენ. მათ შეძლეს, დარჩენილიყვნენ რომანტიკულები და სათუთები.
ხშირად ვფიქრობ- ნეტა, თვითონ ხომ იციან ეს? თუ ყველაფერი შემთხვევით მოხდა და ასე შემთხვევით გრძელდება?
და, თუ იციან, მაშინ რატომ არ ირყევა ეს მზისფერი შენობა თავისუფლების უსაზღვრო ჟინით, გაუხედნავი სულების ქროლვით, შეუთანხმებელი პაროდოსებით და ანტისტროფებით, ხმით და სიტყვით, რომელსაც ეს ოქროსფერი ეკლარის პერანგიც ვერ დაახშობს? რატომ არ მხვდება დერეფნებში ოფელია და იფიგენია, რატომ არ ვემალები იარუსებზე განრისხებულ ოიდიპოსს და ჰამლეტს, რატომ არ ცვივა მისი ულამაზესი აივნებიდან ზღვარსგადასული რეჟისორები, მხატვრები, არტისტები, ან არტისტობაზე შეშლილი შემოქმედები?
იქნებ იმიტომ, რომ აგვისტოა და შემოქმედებისგან საყოველთაო შვებულება დაიწყო.
იქნებ იმიტომ, რომ ვნება, რომლითაც ახალ სპექტაკლში ახალი ტემპერამენტით სიყვარულის დიადი აქტი იწყება, გეგმიური შესვენებით მოთოკეს?
ნეტა, რა ტრადიციაა ეს?
სადაური? რომელი ეპოქის?
არ ვაკრიტიკებ. უბრალოდ, საუბარს მოყვა და გამახსენდა.
მიყვარს ჩემი ქალაქის სახე-იერი. შეუდარებლად ლამაზი და დიდებული.
სულ მინდა მის სიცოცხლეს ვგრძნობდე. სიცოცხლე კიდე, ნიჭითაა. ნიჭით, გაბედვით და თავგანწირვით შესვენების გარეშე.
მითუმეტეს აქ.
იცოცხლეთ სულ, ძვირფასებო და იყავით ძვირფასები ყველა ჩვენგანის ბავშვობიდან ახდენილი ოცნებით!
ავტორი: ზეკო ხაჩიძე
დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე
კომენტარები