თეატრის სიყვარული გამოგონილი სამყაროს სიყვარულია. იმის, რაც გინდოდა ყოფილიყო. იმის, როგორშიც გინდოდა გეცხოვრა. ეპოქების ერთგვარი მიქსი. ხელოვნების ყველა სფეროს ერთიანობა. ფერების, სიტყვების, მოძრაობის, მუსიკის, სცენის, გრძნობების ერთ ხელში მოქცევა. ალბათ, მომავალში, როცა ბევრი პროფესია დაკარგავს აქტუალობას და თითქმის ყველაფერი გაციფრულდება, გაონლაინდება, გავირტუალურდება, ბევრად უფრო ფასეული გახდება ცოცხალი სცენა, თეატრის მნიშვნელობა.
ყველა ბლოგში ვწერ, რომ ახალი თეატრი გვინდა. ახალი სიტყვა. მაგრამ ამას ამბობდა ყველა დროში ყველა ახალი და მერე იჯერებდნენ რა ძვირფასია ძველიც. მე ეს მაშინაც მჯერა, როცა “ახალზე“ ვოცნებობ. უბრალოდ, ეპითეტი „კარგი“ უხდება ძველსაც და ახალსაც. ამ მრავალფეროვნებისთვის არსებობს რეპერტუარი. ესეც სურვილად დამრჩა, როდესმე შემძლებოდა, სხვებთან ერთად, გუნდური მუშაობის პრინციპით, 2-3-4 წლიანი სარეპერტუარო პოლიტიკა განგვესაზღვრა. ესეც არ იყო ახალი. ესეც ძველი და კარგად გამოცდილი მმართველობაა. თეატრის ხელმძღვანელობასთან ერთად, სამხატვრო საბჭო და საერთო კონსულტაცია. ისე, როგორც სხვა განვითარებულ ორგანიზაციებში ხდება. პასუხი ერთი იყო : როცა არსებობდა, რა გააკეთა სამხატვრო საბჭომ? ახლაც ისე არაფრის მომტანი იქნება! – რა ცუდი გადაწყვეტილებაა მომავლისთვის. მომავლისთვის კი არა და, დღევანდელობისთვის. მნიშვნელობადაკარგული მნიშვნელობები. საერთო წესების გარეშე ურთიერთობები. უარის თქმა საკუთარ არსზე და პრინციპზე. საკუთარ ადგილზე საერთო საქმეში. რადგან მანამდე სხვები აკეთებდნენ ცუდად. თთქოს ეს „სხვებიც“ თვითონ არა არიან..
ჩემს დროს სამხატვრო საბჭო აღარ ფუნქციობდა. რამდენიმე შეკრება და დახურა გული, როგორც „ზედმეტმა სეგმენტმა“ სახელოვნებო ორგანიზმში. საერთოდაც, მსახიობს უყვარს თქმა: მითხრას რეჟისორმა და გავაკეთებ. მიკვირდა სულ, როგორ შეეძლო ნიჭიერ, მოაზროვნე არსებას საკუთარ ფიქრზე ასე ცხადად ეთქვა უარი. ცოტა გამოცდილების შემდეგ, მივხვდი, რომ “მითხრას და გავაკეთებ” გაცილებით უფრო კომფორტულია, ვიდრე „ერთად ვიფიქროთ“. ამიტომაც გავს თეატრი ქვეყნის მოდელს. ძალიან გავს და გიადვილებს ბევრი საზოგადო მოვლენის ანალიზს.
ნეტა რას ფიქრობდა საბჭოთა ხელისუფლება, როცა ამ საოცარი სილამაზის ძეგლებს უგებდა თეატრალურ ხელოვნებას თითქმის ყველა ქალაქში? “ტოტალური თეატრალური“ მშენებლობა სსრკ-ში 1927 -30 -იანი წლებიდან დაიწყო და დიდხანს არ დასრულებულა. „არქიტექტურული შთაგონებებები“ ჩნდებოდა ქვეყნის ყველა საშუალო და დიდ ქალაქში, და თუ ისინი ისტორიულ ცენტრში არ იდებდენენ ბინას, მაშინ მათ გარშემო ჩნდებოდა ახალი „ცენტრები“ . მოკლედ, დამოკიდებულება ამით განსაზღვრული იყო. ფორმითაც! მდებარეობით! თეატრი აღარასოდეს უნდა ყოფილიყო უმცირესობის ფუფუნება. ის ეკუთვნოდა ყველას და არქიტექტურაც ზუსტად ითვალისწინებდა მაყურებლის და სცენის ახალ ურთიერთობას – შეძლებისდაგვარად ინტეგრირებულს.
შენდებოდა გამაოგნებელი სილამაზის თეატრები, ძვირფასი ექსტერიერით და ინტერიერით. ფუფუნებით, რომლის მოხმარების ბედნიერებაც საბჭოთა ხელისუფლებამ მუშათა კლასს განუსაზღვრა.
ახალი თეატრები ძველი სიდიადით!
მესხიშვილის პირველი პროექტით (მკითხველმა იცის), მეტი ანტიკური ელემენტი იყო გათვალისწინებული და შადრევნები ზემოდან, რაც ბევრ სამშენებლო სირთულეს ქმნიდა. მაგრამ ეს ვერსია პირველ არქიტექტორთან ერთად დატუსაღდა. თავაძე შავიშვილმა პროფესიულად სულ მცირედით შეცვალა და ტრიუმფალურად დაასრულა ჩვენი მზისფერი დედოფლის მშენებლობა. თავაძე, რომელიც საბჭოური რეპრესიების მსხვერპლი გახდა, დიდხანს აღარ იხსენებოდა ხმამაღლა.
მაგრამ ვერასდროს მივაკლვლიეთ მესხიშვილის თეატრის ჭაღის ისტორიას. ამ უთვალავი ბროლისგან ასხმულ მძიმე სამკაულის შემქმნელს- ქვეყანას, საწარმოს, თუ ადამიანს. ერთადერთი, რაც მის საბჭოურობაზე მეტყველებს, ემბლემაა, რომელიც დღემდე კარგად ჩანს და არავინ იცის ვინ და როდის ჩამოაბრძანა ქუთაისში მზესავით შენობის ეს სხივებიანი დიადემა და ააბრჭყვიალა აქაურობა. იქნებ ვინმემ იცის და მე ვერ ვიპოვე.
ასე ვყვებით და ვბედნიერობთ „ტოტალური თეატრის“ ეპოქის ჩვენი შედევრით.
მადლობა იმ ხალხს, ვინც თეატრს ეს ძეგლი აუგო და ამ ქალაქს აჩუქა დიდებული შენობა. ვინც მის შექმნას სიცოცხლით შეეწირა, ვინც მთელი ცხოვრება ეკლარი თალა და ჩუქურთმა აგო ამ სილამაზის სრულყოფისთვის.
მადლობა იმ ხალხს, ვინც ეროვნული სული ჩაბერა საბჭოური იმპერიის ამ დედოფალს და ქართული ტემპერამენტით ამოიყვანა ქუთაისის გულიდან!
ანათოს დიდხანს ქუთაისის ამ დიადემამ ნიჭიერი და თავგანწირული ხალხისთვის!
ავტორი: ზეკო ხაჩიძე
დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე
კომენტარები