ველური ბალახი, გაუვალი ეკალ-ბარდები, დაზიანებული ძელ-სკამები და სანაგვე ურნები, განადგურებული ინფრასტრუქტურა და უფუნქციო საპირფარეშო – ეს კურორტ წყალტუბოს მთავარ რეკრეაციულ სივრცეში არსებული მდგომარეობაა.
მუნიციპალიტეტის ცენტრში 80-მდე ჰექტარზე გაშენებულ უნიკალურ პარკში უმეტესი ნაწილი გაუვალ ტყედ არის ქცეული.
ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები წუხნან, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც წყალტუბოში ჩაჰყავთ, უნიკალური პარკი მოსწონთ, თუმცა არსებული მდგომარეობით გაოგნებულები არიან.
“წყალტუბოს პარკს ბოლო წლებიან არანაირი ყურადღება არ ექცევა. საკურორტო ქალაქი ვერ მოხვდა ბოლო სტატისტიკით ათეულშიც კი, სადაც ტურისტები ისურვებდნენ მონახულებას. წყალტუბოს პარკის უნიკალურობასა და მასშტაბურობაზე არავინ დაობს, თუმცა ადგილზე ჩასული ტურისტები გაოგნებას ვერ მალავენ რა მდგომარეობაშია საკურორტო ქალაქის რეკრეაციული სივრცე”, – განაცხადა ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა.
წყალტუბოს პარკში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკურორტო ქალაქის რეკრეაციული სივრცე ქვეწარმავლებისა და მღრნელების თავშესაფრად გადააქცია. ოპოზიციური სპექტრის თქმით, ერთ დროს ტურისტული პოტენციალით ცნობილი კურორტი დღეს პროვინციულ დასახლებად არის გადაქცეული.
“სამწუხაროდ, წყალტუბოს სარეველებმა გადაუარა. ამ ქალაქს წაართვეს განვითარების და მომავლის პერსპექტივა”, – აცხადებს წყალტუბოში “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზურა ჯიმშელეიშვილი.
“ალბათ, უზარმაზარი პარკის მხოლოდ 5 პროცენტი იქნება გათიბული, დანარჩენი ეკალ-ბარდების მასაა. პარკში ამოსული ეს სარეველები არის ამ ხელისუფლების სახე”, – განახცადა სევერიონ გორდულაძემ, რომელიც წყალტუბოში, „ევროპული საქართველო“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯოდმარეა.
პარალელურად, წყალტუბოს მერმა ცოტა ხნის წინ ხელფასი გაიზარდა და მისი შრომის ანაზღაურებამ 5 060 ლარს შეადგინა.
ანტიკორუფციულ მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის პირველი პირის ეს დამოკიდებულება მოსახლეობის დაცინვაა.
“იმ დროს, როდესაც წყალტუბოში უამრავი პრობლემაა, პარკს ბალახებმა გადაუარეს და ქალაქში უამრავი დაუსრულებელი პროექტი და მიტოვებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებია წყალტუბოს მერმა, მოადგილეებმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა ხელფასები გაიზარდეს”, – აცხადებს ანტიკორუფციული სააგენტოს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი.
წყალტუბოში არსებული პარკი მუნიციპალიტეტის ერთადერთი პრობლემა არ არის, ქალაქში ასევე ნანგრევად არის ქცეული ის სანატორიუმები, რომლის შესყიდვის დაპირებაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა წლების წინ გასცა.
ბიძინა ივანიშვილს 22 სანატორიუმი და 9 აბანო უნდა გამოესყიდა, გაეკეთებინა და შეღავათიანი პირობებით ინვესტორებზე გაესხვისებინა, თუმცა დაპირება ამ დრომდე არ შესრულებულა.
კომენტარები