რამდენ ხანს და რამდენ სეზონზეც არ უნდა იწვალოს ქუთაისის თეატრმა კონფორმისტულად, მას აქვს ტრადიცია, წარსულის ფესვი და მეხსიერება, რომელიც აუცილებლად გააბრწყინებს, მჯერა: მოულოდნელად, საბედისწეროდ, გმირულად!
არა მარტო ჩვენს თეატრს, ქალაქსაც აქვს ეს იღბალი. ერთი სხივი და – ეპოქა დაიწყება თავიდან!
ლადო მესხიშვილის გამოქანდაკებული მზერა ჯერ კიდევ დარაჯობს საკუთარი სახელის თეატრალურ ღირსებას. ზუსტად მან, დიდებულმა არტისტმა, მოქალაქემ, სახალხო გმირმა შექმნა ქუთაისის დასის დაუვიწყარი როლი არა მარტო სცენაზე, არამედ ქვეყნის კულტურულ ისტორიაში ნიჭით და თავგანწირვით, ხალხის მსახურებით და ვაჟკაცობით, მართალი სიტყვით და შემოქმედების ნამდვილი, საყოველთაო დღესასწაულით.
ქუთაისის ღარიბი დასის ხელმძღვანელობაზე მაშინ განაცხადა თანხმობა, როცა მიხვდა, რომ ბებერი და წარსულის აზროვნების დრამატული საზოგადოების (დაახლოებით იგივე, რაც თეატრალური კავშირი) ვალში, თბილისთან შედარებით, ნაკლებად იყო ეს ქალაქი. არც შენობა ქონდა საკუთარი და არც ფული. თავისუფლების ქარი იყო საგუბერნიო ქალაქში. ზურგის ქარი და აქაური სიყვარულით გაჯერებული ენთუზიაზმი, ხალასი ნიჭი ადამიანების და ხელოვნების.
თავიდან არ დაწყებულა ადვილად. საერთოდაც, არაფერია ადვილი, როცა მკაფიო ბიოგრაფიას ადნობ და არა წვრილმან სარგებელს საზოგადო საქმიდან.
არც ისე თავდახრილი და უკრიტიკო დახვდა ქუთაისი ნიჭიერ არტისტს და რეჟისორს. პირველ სეზონზე რეპერტუარიც დაიწუნეს, „ხმლების ჭახა-ჭუხის“ ყავლგასულობაზეც დაწერეს, “ჭკუისთვის სასარგებლო“ კლასიკის გაცოცხლება მოითხოვეს და „საამდროვო“ პრობლემებზე სიტყვის გაგონებაც სცენიდან. სწორი იყო. მეცხრამეტე საუკუნის ბოლო წლები სხვა შემოქმედებით ტალღას და შეტევას ითხოვდა, სხვა განცდებს ელოდა მაყურებელი და სანამ ეს ყველაფერი არ მიიღო, არც თეატრში სიარულით მოიკლა თავი. ლადო მესხიშვილს (ლადოსაც კიი!!!) ქუთაისის მოსახიბლად ბევრი შრომა დასჭირდა და იშრომა კიდეც!
მალევე გაჩნდა რეპერტუარში „სამშობლო“, „ქეთევან წამებული“, „მეფე ლირი“ , „ნორა“, „ებრაელი ქალი“, „კარდინალი რიშელიე“, მერე კიდევ „ოტელო“, „ჰამლეტი“, „სკაპენის ოინები“ , „ურიელ აკოსტა“… ეს 1899-1900 წლების ქუთაისის თეატრის არასრული (!!) რეპერტუარია. ვწერ და ყველას მაგივრად მრცხვენია 2022 წელს, როცა რეპერტუარში შექსპირის ერთი პიესაც აღარ აქვს ჩემი ქალაქის დიდებულ „ფიცარნაგს“ !! და თუ ვინმე ახლა გაიფიქრებს, რომ უსახსრობაა მიზეზი, თავშეკავებულ შეხსენებას გავაკეთებ მარტო იმაზე, რომ შენობაც არ ქონდა წესიერი თეატრს, არათუ ფინანსები და კეთილდღეობა, პერსონალური საგრიმიოროები, ან არაჩვეულებრივად კომფორტული სამუშაო ოთახი (ცოტა, მაგრამ ძვირფასი).
სურვილი აკეთებდა ამას! სურვილი, ნიჭი, თანდაყოლილი მოწოდება, თეატრის და საკუთარი თავის ღირსეული სიყვარული, და კიდევ მთავარი – მიზანი!
რას ნიშნავს შემოქმედებაში მიზანი, ან რას ნიშნავდა თეატრისთვის ეს? რაც მეტად ვფიქრობ, მგონია, რომ სწორედ ლადო მესხიშვილმა შეძლო სტრატეგია, თუ გნებავთ პოლიტიკა ქონოდა შემოქმედებას, თეატრს, რეპერტუარს! ის, რაზეც ჩვენს დროშიც ბევრი გვითქვამს და არავის მივუშვივართ იქამდე. გვითქვამს, და უთქვამთ ჩემამდეც და ჩემს მერეც იტყვიან. ლადო იყო ის, ვინც ქუთაისის თეატრის ხასიათი და სტილი განსაზღვრა და ამას წინ ვერ დაუდგა ვერავინ, რადგან ხალხს და დროს უნდოდა ასეთი ხელოვნება! ასეთი სამხატვრო ხელმძღვანელი, ასეთი სულიერი ლიდერი, რომელიც ბარიკადზეც იდგა, საკუთარი დასის ქომაგი და დამცველიც ვაჟკაცურად იყო, კამათშიც სახალხოდ და ამაყად შედიოდა და თაობებიც ხელში აყვანილს ატარებდნენ თეატრიდან სახლამდე!
თეატრი მაშინაც და სულ იყო ცენზურისა და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. ამის გამო კონფლიქტიც მოუვიდა ჟანდარმებთან. მათთან ვერ „ითანამშრომლა“ დიდი ღირსების და ნიჭის შემოქმედმა და წვრილმანი კეთილდღეობის ნაცვლად წინააღმდეგობები და სასამართლოები მიიღო. სამაგიეროდ, ქუთაისის მთელი ახალგაზრდობა ღამეს უთევდა განაჩენის მიღებამდე, კერპად ყავდა საზოგადოებას და ქალაქს. ამიტომ, ვერ გაბედეს მკაცრი ვერდიქტი. მოუწიათ ხალხის ოვაციებს ამოფარებული, მისი მიცილება სახლამდე ტრიუმფით ! რა ბედნიერებაა ასეთი ლიდერის თეატრში ყოფნა! ასეთ ვაჟკაცთან და ტალანტთან ერთად თავის გადადება ნამდვილ ხელოვნებაში!
“კაი გრახკით“ ლადომ და ქუთაისის დასმა მთლიანად შეარყია ქართული თეატრალური სივრცე და რევოლუციური ქვეყნის მოლოდინი! ყველგან ინგრეოდა დარბაზი ოვაციით და ემოციით, გულწრფელი გმირობის სურვილით და თავისუფლების მოუთოკავი ჟინით! ეს იყო მთავარი მანიფესტი იმ ეპოქის და ეს ქუთაისის თეატრმა ჩაიდინა!
მესხიშვილის თეატრი!
არ შეიძლება დიდხანს ელოდოს მის დროს. მის გმირს. ლიდერს. ნიჭიერს. მგზნებარეს. თავგანწირულს. მის რეპერტუარს. მის დიდებას. მის ხმას. მის ადგილს დღევანდელობის (ხვალის უფრო!) ქართულ კულტურაში.
აუცილებლად იქუხებს, რადგან კარმულად აქვს გმირის ძარღვიანი ფესვი წარსულში.
მესხიშვილის თეატრი! სულ ახალი ეპოქის მოლოდინი!
p.s.: 2022-2023 წლის თეატრალური სეზონის გახსნას გილოცავთ, მკითხველებო.. იქნებ მომავალში სეზონის გახსნაზე, სცენამ დასიც და მაყურებელიც “ვიწრო წრეში“ არ დაიტიოს ერთად. იქნებ გადღესასწაულდეს „გახსნები“ ლადოს მგზნებარე შემოქმედების ისტორიის ქუთაისის თეატრში!
ავტორი: ზეკო ხაჩიძე
დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე
კომენტარები