მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – რას წერდა გაზეთი “ქუთაისი“ გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენის შესახებ?!

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – რას წერდა გაზეთი “ქუთაისი“ გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენის შესახებ?!

გელათის მონასტრის ფოტო (ავტორი: გურამ გერსამია), რომელიც დაბეჭდილია გაზეთ “ქუთაისის” 1990 წლის 18 ოქტომბრის ნომრის პირველ გვერდზე

ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია გელათის აკადემიას, როგორც „სხუა ათინასა და მეორე იერუსალიმის“ საგანმანათლებლო ცენტრს. ცნობილია, რომ ის დაარსებულია საქართველოს წმიდა კეთილმსახური მეფის, დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ. აქ მოღვაწეობდნენ ღირსი მამა არსენ იყალთოელი და იოანე პეტრიწი. გელათის აკადემიის რექტორი „მოძღვართ-მოძღვრის“ ტიტულს ფლობდა. გელათის აკადემიამ მე-16 საუკუნის პირველ ნახევრამდე იარსება და უმნიშვნელოვანესი მისია შეასრულა ქართული ინტელექტუალური გონის განვითარებაში. მისი სულიერი და ინტელექტუალური მემკვიდრეობა თავისი არსით გამორჩეულად ისტორიულია.

მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოში დამყარებული ათეისტური ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმი გელათის უძველეს სამეფო მონასტერსაც შეეხო. 1923 წელს ბოლშევიკებმა გელათის მონასტერი ადმინისტრაციული წესით დახურეს და ასე გაგრძელდა სამოცდახუთი წლის მანძილზე.

ღვთის ნებითა და წყალობით, 1988 წელს გელათის მონასტერი კვლავ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას დაუბრუნდა და ამ ისტორიულ და სამეფო სავანეში აღდგა ღვთისმსახურება. ამის კვალად დაიძრა საკითხი საუკუნეთა შემდგომ გელათის აკადემიის აღდგენის შესახებ.

1990 წლის 21 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანებითა და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს უდიდესი ძალისხმევითა და ღვაწლით აღდგა გელათის სასულიერო აკადემია.

აღნიშნულ ისტორიულ ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოვლენას აქტიურად გამოეხმაურა გაზეთი „ქუთაისი“.

ხსენებული გაზეთის 1990 წლის 11 სექტემბრის ნომრის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა იმავე წლის 8 სექტემბერს, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმში ქუთაისის ხელმძღვანელობის თხოვნით მოწყობილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, სათაურით, „ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად“, რომელშიც ვკითხულობთ: „ყურადღება გამახვილდა მიმდინარე ეტაპზე რელიგიის გამაერთიანებელი როლის ეროვნულ მნიშვნელობაზე და რესპუბლიკის ხელმძღვანელობის წინაშე დაისვა წინადადება სასულიერო აკადემიის გელათში გახსნის აუცილებლობის თაობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყოველივე ეს განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს საქართველოს სატახტო ქალაქად ქუთაისის გამოცხადების 1000 წლისთავისა და ქალაქის მრავალსაუკუნოვანი საიუბილეო თარიღების 1994-1995 წლებისათვის საზეიმოდ აღნიშვნისათვის პერიოდში, რათა ქუთაისმა ზემოთ აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტით კვლავ დაიბრუნოს თავისი ისტორიული ადგილი“.

აქვე დაბეჭდილია ინფორმაცია, სათაურით, „შეხვედრა ილია მეორესთან“, რომელიც ასახავს 1990 წლის 8 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ ქუთათელ-გაენათელი და ლეჩხუმ-სვანეთის მთავარეპისკოპოსის (შემდგომში მიტროპოლიტი) კალისტრატესა და საქართველოს კპ ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივან თეიმურაზ შაშიაშვილის მიღებას. ამ შეხვედრის შესახებ გაზეთ „ქუთაისში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: „ქუთაისის კულტურული აღორძინების გზაზე ერთ-ერთ მთავარ ნიშანსვეტად გვესახება გელათში გაიხსნას სასულიერო აკადემია, რომელიც ხელს შეუწყობს ერის გამთლიანების ზნეობრივი ამაღლების პროცესს და ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დახმარება თხოვა ამ საკითხის გადაწყვეტაში“.

მალე გაზეთ “ქუთაისის“ ერთ-ერთი ნომრის პირველ გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია, სარუბრიკო სათაურით, „შენ გაგიმარჯოს, ქუთაისის დღევ, ხვალინდელო!“, სადაც ვკითხულობთ: „21 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II წირვას ჩაატარებს გელათში. აქვე გაიმართება სასულიერო აკადემიის დაფუძნების ცერემონიალი“.

გაზეთ „ქუთაისის“ 1990 წლის 21 სექტემბრის ნომრის პირველ გვერდზე დაიბეჭდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოფიციალური მილოცვა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისა (1933 წელს დაარსებული ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი გარდაიქმნა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტად) და გელათის სასულიერო აკადემიის გახსნა-აღდგენის შესახებ.

ხსენებული გაზეთის 1990 წლის 27 სექტემბრის ნომრის პირველ გვერდზე დაიბეჭდა ინფორმაცია გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენის შესახებ, სათაურით, „ბედნიერება, რომელიც დაბადების დღის ტოლფასია“, რომელიც ამგვარად იწყება: „ბედნიერება მრავალგვარია, მაგრამ ვერცერთი ვერ შეედრება ამ ბედნიერებას, რასაც სიცოცხლის გაჩენა ჰქვია. სწორედ ასეთი ბედნიერი დღე გახლდათ 21 სექტემბერი ქართველი ერისათვის, სრულიად საქართველოსათვის. სიბოლური გახლდათ ისიც, რომ მარად ქალწული ღვთისმშობლის დაბადების დღეს მეორედ დაიბადა საქართველოს უბრწყინვალესი მეფის დავით აღმაშენებლის მიერ მე-12 საუკუნეში დაარსებული გელათის სასულიერო აკადემია“. აქვე არის დაბეჭდილი საზოგადოება „ქუთაისელის“ მილოცვა მეუფე კალისტრატესადმი, მისი გელათის სასულიერო აკადემიის რექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელშიც ჩაწერილია: „ნებაყოფლობითი საზოგადოება „ქუთაისელის“ დარბაზი ერთსულოვნად ულოცავს ქუთათელ-გაენათელ და ცაგერ-ლეჩხუმ-სვანეთის მთავარეპისკოპოსს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს კალისტრატეს გელათის სასულიერო აკადემიის რექტორადაც დანიშვნას. ცნობამ უდიდესი სიხარული მოგვარა ქუთაისის მოსახლეობას. გვწამს, რომ გელათის სასულიერო აკადემია უდიდეს წვლილს შეიტანს ქართული კულტურის მომავალ ისტორიაში, ხოლო მისი პირველი რექტორი მაღალყოვლადუსამღვდელოესი კალისტრატე ამაღლებულ პიროვნებად შევა თავისი ერის ისტორიაში, ისევე, როგორც ჩვენი წარსულის ბევრი სულმნათი სასულიერო პირი. საზოგადოება „ქუთაისელის“ დარბაზი“.

გაზეთ „ქუთაისის“ 1990 წლის 12 ოქტომბრის ნომრის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელიც ასე იწყება: „1990 წლის 16 ოქტომბერს ქართველი ერის მატიანე კიდევ ერთ დიდებულ მოვლენას აღნუსხავს. 800 წლის შემდეგ პირველი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყება კვლავ აღორძინებული გელათის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დიდ საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად იზრუნებს ჩვენს ხალხში ურთიერთთანდგომის და მომავლის რწმენის გაღრმავებისთვის“. ამ ინფორმაციაში მოცემულია გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენის შემდგომ პირველი სასწავლო წლის დაწყების პროგრამა.

გაზეთ „ქუთაისის“ 1990 წლის 18 ოქტომბრის ნომრის პირველ გვერდზე ვკითხულობთ: „16 ოქტომბერი მარად დაუვიწყარი იქნება  არა მარტო ქუთაისისა და გელათის, არამედ სრულიად საქართველოსათვის: მრავალსაუკუნოვანი დუმილის შემდე კვლავ მოუხმო გელათის ზარებმა გელათის აღდგენილი აკადემიის პირველ მსმენელებს“. აქვე დართულია გელათის მონასტრის ფოტო, რომლის ავტორია გურამ გერსამია. ამავე ნომერში დაბეჭდილია ჟურნალისტ ნანული ცხვედიანის სტატია გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენის შემდგომ პირველი სასწავლო წლის დაწყების შესახებ. აღდგენილ გელათის სასულიერო აკადემიაში პირველი ლექცია წაიკითხა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. აღნიშნული სტატია ამგვარად სრულდება: „რეკავენ გელათის ზარები. სწავლისა და სიბრძნის მსურველთ უხმობენ გელათის ზარები. საქართველოს მომავალს შეხარიან გელათის ზარები“.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები