მსოფლიოსა და მისი ტერიტორიულად მცირე, მაგრამ ისტორიულად დიდი ნაწილის, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქ ქუთაისში, რომელიც თავისი არსებობის 3500 წელზე მეტს ითვლის, მხოლოდ ერთი საბაგირო გზა არსებობს. ის 1961 წელს აიგო და შევიდა ექსპლუატაციაში. აღნიშნული საბაგირო გზა ერთმანეთთან აკავშირებს მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე იმერეთის მეფეთა რეზიდენციის, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვერიკო ანჯაფარიძის სკვერს მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე გაბაშვილის გორაზე არსებულ კულტურისა და დასვენების პარკთან. ხსენებული საბაგირო გზით მგზავრობისას ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება.
1989 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმისას, ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქუთაისში აგებულიყო კიდევ ერთი საბაგირო გზა „ჯაჭვის ხიდი – ბაგრატის ტაძარი“, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ჯაჭვის ხიდს დააკავშირებდა ბაგრატის საკათედრო ტაძართან. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის აღმასკომის მიერ 1989 წლის 11 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება N 24.40.723, რომლის სათაურია „ქ. ქუთაისში კიდური ბაგირგზის „ჯაჭვის ხიდი – ბაგრატის ტაძარი“ სადგურების განთავსებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის შესახებ“, ამჟამად დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში (ფონდი N 149, საქმე N 5822).
ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 11 ოქტომბრის სხდომას თავმჯდომარეობდა აღმასკომის თავმჯდომარე თ. შაშიაშვილი, ხოლო სხდომის მდივანი იყო აღმასკომის მდივანი გ. ფაჩუაშვილი. სხდომას ესწრებოდნენ: აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილეები – გ. წულაძე, მ. ჩიხლაძე, დ. წერეთელი, მ. სილაგაძე; აღმასკომის წევრები – ჯ. გუგავა, ა. მურღულია, დ. ნიშნიანიძე, ჯ. ფაჩუაშვილი, რ. ქუთათელაძე, თ. შუბლაძე და აღმასკომის განყოფილებების, სამმართველოებისა და სამსახურების ხელმძღვანელები.
ხსენებული სხდომის ოქმის შესაბამისი გადაწყვეტილების შესავალში ვკითხულობთ: „საქალაქო საბჭოს აღმასკომი აღნიშნავს, რომ ბაგრატის ტაძრის მიდამოებში მთაგორიანი ნაწილის მოსახლეობას ვიწრო და ძლიერ ქანობიანი ქუჩების გამო ვერ ემსახურება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის გაზრდილ მოთხოვნებს. ამასთან ზამთრის პირობებში მოძრაობა რელიეფის სირთულის გამო საერთოდ ფერხდება. აღნიშნული დასახლებისა და ბაგრატის ტაძარზე მომსვლელი ტურისტების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დაისვა საკითხი ჯაჭვის ხიდსა და ბაგრატის ტაძარს შორის გაშენდეს კიდული ბაგირგზა, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრთა შეუფერხებელ გადაყვანას ნებისმიერ ამინდში. ბაგირგზის მოწყობა გამართლებულია ეკოლოგიური თვალსაზრისითაც (ქ.ც.ს.ა. ფ.149, ა.1 ს.5822).
აღმასკომის ხსენებული გადაწყვეტილება შედგება თერთმეტი მუხლისაგან, რომლის პირველ მუხლში ჩაწერილია: „გაშენდეს კიდული ბაგირგზა „ჯაჭვის ხიდი – ბაგრატის ტაძარი“.
გადაწყვეტილების თანახმად საბაგირო გზის, „ჯაჭვის ხიდი – ბაგრატის ტაძრის“ ქვედა სადგურის მდებარეობისთვის განისაზღვრა ადგილი ჯაჭვის ხიდის აღმოსავლეთით, იმჟამინდელი ტელმანის ქუჩის N 1 და N 3 და მათი მიმდებარე ტერიტორია, ხოლო ზედა სადგურისათვის – გორაზე, იმჟამინდელი ასათიანის ქუჩის N 16-ში მდებარე მიწის ფართი. აღმასკომის ხსენებული გადაწყვეტილების ამსახველი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ტელმანის ქუჩის N 1 და N 3-ში მდებარე სახლების აღება-დემონტაჟი უნდა განხორციელებულიყო და გორაზე, ასათიანის ქუჩის N 16-ში მდებარე მიწის ფართს საჭიროების შემთხვევაში უნდა შემატებოდა ფართი მომიჯნავედ არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან.
ბაგირგზა „ჯაჭვის ხიდი – ბაგრატის ტაძრის“ საპროქტო სამუშაოების შესრულება ეთხოვა „საქმთავარბაგირგზის“ სამეცნიერო კვლევით და საპროექტო საკონსტრუქტორო ინსტიტუტ “ტრანსავტომატიკას“ კოლექტივებს, ხოლო დამკვეთის ფუნქციების შესრულება დაევალა ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოს.
ორივე სადგურის მშენებლობისათვის შერჩეული მიწის ნაკვეთები შეთანხმდა საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოსთან.
საბაგირო გზის, „ჯაჭვის ხიდი – ბაგრატის ტაძრის“ მშენებლობის დაწყების დროდ განისაზღვრა 1991 წელი.
1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნების შედეგად საქართველოში ფაქტობრივად დასრულდა საბჭოთა რეჟიმი. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. სამწუხაროდ, 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოში განხორციელდა რუსეთის მიერ მართული სამხედრო გადატრიალება შიდა მოღალატეობრივ-კრიმინალური ძალების შესრულებით. ამის შემდგომ ქვეყანაში დაიწყო მასობრივი სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე. შესაბამისად, საბჭოთა ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიისა და ბაგრატის საკათედრო ტაძრის დამაკავშირებელი ბაგირგზის აგების შესახებ განუხორციელებელი დარჩა, თუმცა, ისტორიას შემორჩა ეს იდეა და შესაბამისი ოფიციალური გადაწყვეტილება სათანადო სახელმწიფო დოკუმენტით, რომელიც დღესდღეობით საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივშია დაცული.
გაივლის დრო, წუთისოფელში არაფერია გამორიცხული და შესაძლოა, აღნიშნული ფრიად მისასალმებელი პროექტი განხორციელდეს და ალბათ, მაშინ გაიხსენებენ, რომ ხსენებული პროექტის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმისას, 1989 წელს მიიღო ქუთაისის საბჭოთა ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მისი ამსახველი ოფიციალური დოკუმენტიც არსებობს, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის ისტორიის ნაწილია.
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
კომენტარები