მთავარიახალი ამბებიქუთაისი

გოგი წულაია – საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ

გოგი წულაია – საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში იმყოფება და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავს.

“ჯერჯერობით საქართველოში დაბრუნებას, ნამდვილად, არ ვაპირებ, მითუმეტეს, პროკურატურას სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს და ჩინჩალაძე-მურუსიძე სააპელაციოში არიან ჩასაფრებულები. ვფიქრობ, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას და ალბათ, 90%-ით გავაკეთებ”, – განაცხადა გოგი წულაიამ “ინტერპრესნიუსთან”.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გოგი წულაია სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, თუმცა, დამნაშავედ ცნეს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მისი ადვოკატის ვალერი გელბახიანის განმარტებით, ვინაიდან მას ოთხი თვე უკვე მოხდილი აქვს საპატიმროში, დარჩენილი აქვს ორი თვე.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გოგი წულაიას მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის ის ნაწილობრივ გამართლდა, არ ეთანხმება და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

კომენტარები