ბევრი რამე გავიგე მას შემდეგ, რაც თეატრის ბიჭი გაფრინდა სცენიდან. მასზე! ჩემი ინტერიერის მიღმა მის ცხოვრებაზე. როგორც ხდება ხოლმე. დაუზოგავად. ტკივილების გაუბრალოების მცდელობით. მის აჭრილ სამყაროსთან ქლესური დატოლებით. რისხვამ გამირღვია სულიც და სხეულიც. მასზე რისხვამ! ვერ ვწვდებოდი ხელებით ამომეგლიჯა ბოლო ხმა, ბოლო სიტყვები, ბოლო შიშები, ბოლო ირონია, რომელიც სიცოცხლეში ვერაფრით ვასწავლე. არ შეეძლო. ან უნდა შელეწვოდა რამეს, ან უნდა ებედნიერა ასი კაცის დასატევი ექსპრესიით, ანთებული თვალებით, ოცხელის მფრინავი მღებავივით გარკალური ხერხემალით, მიწიდან ცოტა აცილებული ტერფებით.
როგორ ვდისტანცირდე იმ კივილით, ტკივილით, შემოქმედებით, პერსონაჟებით, ავტორებით, იდეებით, დაცემით, ადგომით, ძალით წამოყენებით, თავს ზევით გაბედვით, სირცხვილით, უხერხულობით, ვნებებით, ხლეჩვებით, გაქცევებით და მაინც მისი ბოლომდე რეალიზების დაუზოგავი ცდებით გადავსებული დღეებიდან, თვეებიდან, წლებიდან, – არ ვიცი. მაგრამ ეს დისტანცია მაინც მოვა. უფრო სევდიანი, მაგრამ უფრო ობიექტური.
იმას, რასაც ახლა ვწერ, მგონია, რომ ამ ხუთი წლის მანძილზე ყოველთვის ვწერდი. ოღონდ მარტო. ჩემს იშვიათ მეგობრებთან საზიაროდ, გზების საძიებლად, სწორი გამოსავლის საპოვნელად, მასთან გაუსაძლისად მგრძობიარე და ნიჭიერ ბრძოლაში, აუტანელშიც და აღტაცებულშიც, მისი ჟინიანი სულის გამთლიანების უგრძელეს დრმათერაპიაში.
თავდაუზოგავი მტკივნეულობით ვიხეტიალეთ და ვეთრიეთ ამ ღრმა მოგზაურობაში. დავიკაწრეთ, დავსისხლიანდით. ამ გზის დასაწყისამდეც ვიცოდი კალიფსოც და კასანდრაც. მაინც მისი დიადი სურვილების ჩირაღდნით ხელდამწვარი დავრჩი გამოქვაბულში.
თეატრი იყო მისი ყველაზე დიდი ვნება.
თეატრში დაიწყო ამ ქიმიური ცდის დიდი აფეთქება.
თეატრის ბიჭი მოვიდა ჩემს ოთახში და დაიწყო მისი სურვილების ნელ-ნელა ამოლაგება. ალბათ, ყველა ნერვით იგრძნო – ასეთი სურვილების ახდენით შეპყრობილი რომ ვიყავი დაბადებიდან. სხვადასხვა სამყარო ვიყავით. სხვადასხვა წესებით, სხვადასხვა სიტყვებით, სხვადასხვა ასაკით, სხვადასხვა კულტურით, სხვადასხვა წიგნებით, სხვადასხვა მეგობრებით, სხვა და სხვა. და მაინც ეს სამყარო მოითხოვა! ჩემი ინტერიერი!
მოვიდა და იმპერატიულად მოითხოვა პლატონის გამოქვაბულიდან თავი ამოეწია. უნდოდა მზისთვის თვალის გასწორება ესწავლა და მერე სხვებისთვის ეთქვა, გადაედო ეს თავგანწირვის ფასად!
თავგანწირვა – ეს მისი სიტყვა იყო!
ორ ბგერას ვიტყოდი და მესამეზე ახალი სამყაროს ხატვას იწყებდა! იწყებდა და აღარ სრულდებოდა! ყველაზე ცოცხალი იყო ცოცხლებს შორის, ვინც მინახავს. ყველაზე გულჩვილი იყო გულჩვილებს შორის, ვინც მინახავს.
თეატრის ბიჭი იყო! არც ჩემი, არც სხვისი, – თეატრის! ისეთი თეატრის, რომელზეც ოცნებობდა! სიმართლის სხივი ჰქონდა თვალისმომჭრელი ისე, ჩემი გონიერებაც რომ ვერ უმკლავდებოდა.
ცვეტაევას ლექსებზეც გულისამოსკვნამდე ვზლუქუნობდით ერთად. კამიუზე, ახმეტელზე, ოცხელზე, ჰომეროსზე. ყველა ცოცხალი იყო მასთან გაზიარების დროს ჩემს ინტერიერში. ყველას სული ერთად ბუბუნობდა მისი დიდების წყურვილში საშინელი ტკივილით. მტკიოდა მაშინაც. და მტკიოდა სულ. ვერ მოვერიე ამ სტიქიას ☹
გრცხვენოდა გესწავლებია სიმართლის გამოზოგება, ენერგიის გადანაწილება, ჩვეულებრივი ნაბიჯებით სიარული, ვნებების დამალვა, წყურვილის მოკვლა ცოტა ზომიერად.. თუ, ჩემი დაზიანებული ამპარტავნება იყო ეს სირცხვილი, არ ვიცი… ის ის იყო და მე მე ვიყავი. და “ჩემს ინტერიერში“ იყო მისი თეატრალური ლაბორატორია. მისი გამოგონილი და იმპერატიულად დასაკუთრებული სამყარო. მისი ჟანგბადი. მისი ყველა შემოქმედებითი აჩემება. მისი ყველა სინაზე ადამიანების მიმართ. მისი ამოულეველი ემოციების ზღვა ყველა კანონზომიერების რღვევით და თავხედობით. ჩემი ბგერების მიცემით რომ იწყებდა ახალი სამყაროების ხატვას და აღარ ამთავრებდა.
საბედისწერო იყო ჩემი ემპათიაც (დასაწყისში) და ჩემი თანდაყოლილი ზნეც – გამოქვაბულიდან ამოსვლაში ბევრჯერ უკან გაბრუნებულად მეგზურობის, მაგრამ მაინც შეძლო და გაუსწორა თვალი მზეს! ერთხელაც, ორჯერაც, სამჯერაც! ჰოდა, ამის მოყოლა უნდოდა მთელი ხმით, ჩირაღდნით დაბრუნება უნდოდა მის თეატრში!
სულ მეშინოდა ამ ისტორიის. მიუღებლობის. მე ხომ დაბრუნების ვერსიებიც ვიცოდი ზუსტად იმ წინასწარი სიმწარით, როგორც ნიმფა კალიფსოს და კასანდრას ბედი..
“ხომ დაწერ, ზე, ჩემზე? ხომ იქნები ჩემი ზეავტორი?“ – ასეთი თავხედი იყო.
ჩემს ინტერიერში მისი პორტრეტისთვის, მისი დიდებისთვის..
სცენიდან გაფრენილი თეატრის ბიჭი ☹ ..
და ხვალაც, ასე დანგრეულს, დალეწილს, ნატკენს, წართმეულს, თუ ქუჩაში კიდევ ვინმე გამაჩერებს და გულანთებული მეტყვის- „მომეხმარე, ამახედო ზევით, თუ შეგიძლია.. მომეხმარე ამოვაშროთ ჭაობები“- ისევ ანგარიშმიუცემლად შემიპყრობს თანდაყოლილი ზნე(თუ უზნეობა) და ჩამქრალ ჩირაღდანს ახალი ცეცხლით გავაყოლებ ჩრდილის და ნამდვილის შეცნობისთვის! და კიდევ გავივლი გზას, სადაც მზა პასუხები არ არსებობს.
ეს მე ვარ! ეს ჩემი ცხოვრებაა!
ავტორი: ზეკო ხაჩიძე
დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე
კომენტარები