პარლამენტში “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტებს სამოქალაქო სექტორი უარყოფითად აფასებს.
ასოციაციის “ქალები რეგიონების განვითარებისათვის” და მასთან არსებული ქალთა კლუბის პრეზიდენტის მაკა ხეცურიანის თქმით, ეს კანონი გარდა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისა, ასევე უარყოფითად შეეხება მრავალ მოწყვლად და დაუცველ ჯგუფს, მათ შორის შშმ პირებს, ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ბავშვებს, როლებსაც აღარ ექნებათ წვდომა სოციალურ მომსახურებებსა და სხვა უმნიშვნელოვანეს დახმარებზე, რასაც სამოქალაქო საზოგადოებისგან იღებენ.
“ნურავის ეგონება, რომ ეს კანონპროექტი ზიანს მიაყენებს მხოლოდ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად გამოვხატავთ პროტესტს. ეს კანონი შეეხება მრავალ მოწყვლად და დაუცველ ჯგუფს, მათ შორის შშმ პირებს, ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ბავშვებს, როლებსაც აღარ ექნებათ წვდომა სოციალურ მომსახურებებსა და სხვა უმნიშვნელოვანეს დახმარებზე, რასაც სამოქალაქო საზოგადოებისგან იღებენ.
გონივრული ეჭვი მაქვს, რომ სწორედ დღეისათვის, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში, ამ კანონპროექტის შემოტანა ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო შეფერხდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
ეს არის კანონი, რომელიც სამოქალაქო აქტივიზმს ქვეყანაში ფაქტიურად ანადგურებს, ეს არის კანონი, რომელსაც დასავლეთის ინსტიტუციების თანამონაწილეობა საქართველოში მიმდინარე სოციალურ პოლიტიკურ პროცესებზე დაჰყავს მინიმუმამდე. რაც ჩემთვის ყველაზე მეტად ნიშანდობლივია, ეს არის კანონი, რომლითაც რუსეთს პუტინის ავტორიტარული რეჟიმი მართავს და ყველამ კარგად ვიცით, თუ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, სიტყვის თავისუფლება და, ზოგადად, დემოკრატია რა ეტაპზეა რუსეთში! მე არ მინდა ჩემი ქვეყნის რუსიფიკაცია და არ მინდა ჩემი ქვეყანა მოწყდეს დასავლურ ფასეულობებს და ევროპულ ორბიტას”, – აცხადებს მაკა ხეცურიანი.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ “უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. “უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.
დღეს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კანონპროექტების განხილვა უნდა დაწყებული, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. სამოქალაქო სექტორი, მედია და ოპოზიციური პარტიები კანონპროექტს აპროტესტებენ.
კომენტარები