“იმისთვის, რომ იმერეთი ტურსიტულ ინდუსტრიაში მნიშვნელოვან რგოლად წარმოვადგინოთ, საჭიროა სამი ძირითადი რამ: ლოგისტიკა, დასაქმებული კადრების განათლება და ინფრასტრუქტურა, ანუ ტურისტული ლოკაციების შექმნა ან არსებულის განახლება“, – განაცხადა კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორმა ლაშა ბერეკაშვილმა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ლოგისტიკაში ყველაზე დიდი გამოწვევა გაუმართავი ავტოსადგურები და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი მუნიციპალური ტრანსპორტის არ არსებობაა.
“ქუთაისი არის გამონაკლისი ქალაქი, რომელსაც აქვს აეროპორტი, თუმცა არ აქვს მუნიციპალური ტრანსპორტით ამ აეროპორტთან წვდომა. ამიტომ, ეს ქალაქი წყალტუბოსთან ერთად, კარგავს აეროპორტში ჩამოსული ტურისტების დიდ ნაწილს. ტურისტს ბათუმსა და თბილისში წასვლა უფრო იაფი უჯდება, ვიდრე ქუთაისში, რადგან ტრანსპორტის არარსებობის პირობებში იძულებულია აიყვანოს ტაქსი, რომლის საფასურიც თბილისის და ბათუმის ავტობუსებზე ორჯერ ძვირია.
ასევე, მნიშვნელოვანია რკინიგზის საკითხიც, რომლის ინფრასტრუქტურაც სრულად გაუმართავი, მოშლილია და არ ემთხვევა გრაფიკს. არასწორია სატარიფო პოლიტიკაც, რადგან ისე გამოდის, რომ ქუთაისში ჩამოსული ტურისტი ბათუმის საფასურს იხდის, განსხვავება მხოლოდ ორი ლარია.
ავტოსადგურს რაც შეეხება, აქ რომ ჩამოვიდეს ტურისტი და რაჭაში ან საჩხერე-ჭიათურაში წასვლა უნდოდეს, ექვსი ავტოსადგომი უნდა გამოიცვალოს, რაც რა თქმა უნდა, მისთვის უკანდასახევი ფაქტორია“, – განაცხადა ბერეკაშვილმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” საუბრისას.
ტუროპერატორი ამბობს იმასაც, რომ ქუთაისის ტურისტულ ჰაბად ქცევისთვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრების მოზიდვა, განსაკუთრებით ისეთების, რომლებსაც არსებული ბიუჯეტის სწორად ხარჯვის უნარი ექნებათ და მუდმივ კომუნიკაციაში იქნებიან ადგილობრივი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან.
კომენტარები