მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში”,- ნიკო ნიკოლაძე

“დაიბადა იმერეთში”,- ნიკო ნიკოლაძე

“დაიბადა იმერეთში”, –  ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” ახალ რუბრიკას იწყებს.

ყოველ კვირას ჩვენ წარმოგიდგენთ იმ საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც იმერეთში დაიბადნენ და  თავიანთი მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს საქართველოში.

რუბრიკის პირველი სტუმარი ნიკო ნიკოლაძეა. ( 1843-1928 წლები)

ნიკო ნიკოლაძის სახელის გაგონებისას, პირველი, რაც გვახსენდება, მის მიერ ქალაქ ფოთის აღმშენებლობაა, თუმცა აღნიშნული მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საქმიანობებიდან, რასაც ეს უაღრესად განათლებული, ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი ახორციელებდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.

1870-იან წლებში იწყებს იგი აქტიურ მუნიციპალურ თუ საზოგადოებრივ საქმიანობას. მის მიერ წამოყენებულმა იდეებმა მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს როგორც იმჟამინდელი, ისე მომავალი მდგომარეობა. კერძოდ, ნიკო ნიკოლაძის სახელთანაა დაკავშირებული:

– თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შექმნა – ეს იდეა უშუალოდ დიმიტრი ყიფიანს ეკუთვნოდა, თუმცა მის განხორციელებაში ნიკოც აქტიურად იყო ჩართული.

– ვაჭრობის და მრეწველობის განვითარება – იგი ხელს უწყობდა კაპიტალიზმის დანერგვას, ვინაიდან ფიქრობდა, რომ ქვეყანა, რომელსაც ყველაფერი შემოაქვს, თვითონ კი არაფერს აწარმოებს წინ ვერ წავა.

– ერობის, ანუ თვითმმართველობის შემოღება.

– უმაღლესი სასწავლებლების გახსნა საქართველოში – აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიკო ნიკოლაძე ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების მომხრე იყო.

– პრესის განვითარების ხელშეწყობა – ზოგადად, მას ძალიან იზიდავდა ჟურნალისტობა, თუმცა ხვდებოდა, რომ თავის ქვეყანას მისი უნარების სხვა მხრივ გამოყენება უფრო სჭირდებოდა.

“ყველაზე მეტად, სულით და გულით ჟურნალისტობა მინდა, მაგრამ ჩემი ეს პროფესია დღეს არავის სჭირდება. როგორც ჩანს, ან ძალიან ადრე დავიბადე, ან ძალიან დავიგვიანეო“- წერდა იგი.

– ტყიბულის ქვანახშირის საბადოს განვითარება.

– რკინიგზის გაყვანა – ჯერ ფოთიდან თბილისამდე, შემდეგ კი ბაქოდან ბათუმამდე, თბილისის გავლით.

– წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება – ნიკო ნიკოლაძის ძალისხმევით ჯერ ავჭალაში მოეწყო წყალსადენი, შემდეგ კი წალკისა და ნატახტარ-ბულაჩაურის წყაროებზე.

– თბილისში სადეზინფექციო კამერის აშენება და სანიტარიული ექიმის დანიშვნა.

– ე.წ. ბოინის შექმნა – იმ ხანებში საქონელს პირდაპირ მოედნებზე კლავდნენ, რაც რა თქმა უნდა, რთულ სანიტარიულ პირობებს ქმნიდა ქალაქში, ამიტომ, ნიკოს ინიციატივით, გადაწყდა ცენტრალიზებული სასაკლაოს მოწყობა.

– დედაქალაქში კანალიზაციის ქსელის მოწყობა.

– ფოთის და თბილისის ქუჩების განათება.

– საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება – მისი დაჟინებული თხოვნით შემოიღეს ცხენის ტრამვაი.

ეს ნიკო ნიკოლაძის მიერ განხორციელებული პროექტების არასრული ჩამონათვალია. ამას მოჰყვა ფოთში მისი კიდევ უფრო ნაყოფიერი, თითქმის 20-წლიანი მოღვაწეობა, საიდანაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფოთის პორტის მშენებლობაში მის მიერ ჩადებულ დრო და ენერგია.

ნიკო ნიკოლაძე ასეთივე აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქვეყნის გარეთაც. მაგალითად, დიდწილად მისი დამსახურებაა პარიზის ქუჩის განათებების მოწყობა. მან სთხოვა ერთ-ერთ ებრაელ ნავთობის მაგნატს დაფინანსება იმ ფრანგი მეცნიერისა, ვისაც წყალვარდნილზე ელექტრო სადგურის მოწყობის იდეა ჰქონდა, რომლიდანაც მიღებული ელექტრო ენერგიით შესაძლებელი იქნებოდა ქუჩის განათების უზრუნველყოფა.

გარდა ამ დამსახურებებისა, ნიკო ნიკოლაძე თამამად შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოში ერთ-ერთ პირველ ტექნოლოგიების დამნერგავად. იგი იყო პირველი, ვინც ფლობდა მაცივარს, ყავის აპარატს, ფოტო აპარატს და სხვა.

აქვე უნდა აღნიშნოს, რომ სწორედ ის გახლავთ ჩვენს ქვეყანაში პირველი სელფის ავტორიც, რომელიც მან საკუთარი კოდაკის კამერით გადაიღო სარკეში.

კომენტარები