მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის მერიამ ერთი თვის დაფუძნებულ კომპანიას 215 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა

ქუთაისის მერიამ ერთი თვის დაფუძნებულ კომპანიას 215 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა

ქუთაისის მერიამ 215 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ერთი თვის დაფუძნებულ კომპანიას გაუფორმა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს “დ-კ ქონსთრაქშენი” 4 აპრილს დაარსდა, 18 მაისს კი ქუთაისის მერიამ მას  პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულება გაუფორმა და  214 524 ლარის სანაცვლოდ  “ტორპედოს” სტადიონის გვერდით არსებული ჩოგბურთის კორტების ადმინისტრაციის რეაბილიტაცია დაავალა.

“ეს კომპანია თითქმის ორი თვეა, რაც დავაფუძნეთ. ქუთაისის მერიამ  გამარტივებული წესით გააფორმა  ჩვენთან ხელშეკრულება”, – აცხადებს  კომპანიის დამფუძნებელი დიმიტრი კუბლაშვილი.

კომპანიას კიდევ ერთი დამფუძნებელი დავით ყიფიანი ჰყავს. ვერც ის აკონკრეტებს როგორ მიაგნო ქუთაისის მერიამ ერთი თვის წინ დაფუძნებულ კომპანიას და გაუფორმა ხელშეკრულება ყოველგვარი  ტენდერის გარეშე.

მისი თქმით,  მისი კომპანიისგან განსხვავებით, მას  სამშენებლო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

“ჩვენ ფირმა დაარსდა აპრილის თვეში, მაგრამ მანამდე დიდი გამოცდილება მაქვს მშენებლობის მიმართულებით. ასე რომ, კითხვის ნიშნებს ვერაფერს ვხედავ”, – აღნიშნავს ყიფიანი.

კითხვას – როდესაც რამდენიმე კვირის დაარსებულ კომპანიას ქუთაისის მერია პოულობს და ის არა ტენდერში იმარჯვებს, არამედ მასთან გამარტივებული წესით ხდება ხელშეკრულების გაფორმება, ჩნდება კითხვის ნიშნები, რომ ეს ფირმა მერიის ამ კონკრეტული  ობიექტისთვის ხომ არ დააფუძნეთ? – ყიფიანი პასუხობს: “სისულელეა აბსოლუტური, ვერ დაგეთანხმებით. შიდა ტენდერი ჩატარდა, ისე არავინ არავის არაფერს აძლევს”.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების შესრულების სურვილი ორმა პრეტენდენტმა გამოთქვა.

“მოცემული სამუშაოები შესასრულებელი იყო ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში. ფასთა კვლევის შედეგად გამოიკვეთა ორი პრეტენდენტი, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი შეესრულებინათ მოცემული სამუშაოები 15 ივნისამდე პერიოდში. მათ შორის საუკეთესო (დაბალი ფასის) წინადადების საფუძველზე გაფორმდა კონტრაქტი”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები