მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება

ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება.

“პირველი საკითხი ეს არის ჰაერის დაბინძურების საკითხი, რომელიც ჩვენ ყველას გვაწუხებს, ჩვენს ხალხს, მოსახლეობას, საზოგადოებას. ჩვენს დედაქალაქში და ასევე მსხვილ ქალაქებში არის ძალიან დიდი პრობლემა. ამის თაობაზე დეტალური კვლევები ჩაატარა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და მინდა ამის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ.

პირველ რიგში, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე წელია დავაწესეთ სტანდარტი საწვავზე და ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი შემოდის საქართველოში. ამას, რა თქმა უნდა, მუდმივად მონიტორინგს უტარებს შესაბამისი სამსახური, გარემოს ეროვნული სააგენტო. ჩვენ წელს ასევე, დიზელი იყო დარჩენილი, დიზელზეც მივიღეთ გადაწყვეტილება და ევრო 5-ის სტანდარტის დიზელი შემოდის და ბენზინიც და ხდება რუტინულად შემოწმება ხარისხის. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ზოგადად დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც დარჩა, ეს არის ჰაერის დაბინძურება, რაც დაკავშირებულია ძალიან ბევრი გაუმართავი ავტომობილის გამო. მოგეხსენებათ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება ასეთია, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის უკვე შევიდეს ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსების და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან, ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ, არსებობს გარკვეული მოსაზრებები და ამის თაობაზე გვინდოდა, რომ უფრო მეტი გონივრული ვადა მიგვეცა.

მინდა ავხსნა უფრო კონკრეტულად, რომ აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5-ის სტანდარტზე ცუდი ხარისხის ავტომობილი. მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში, რა თქმა უნდა, უკვე არსებულ ავტომობილებს, როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომანქანებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები