“დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გულშემატკივრობს რუსეთს და მისტირის პუტინის ე.წ ძლევამოსილების რღვევას”, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია რუსეთში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს ხელისუფლების დუმილს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დაიწყო რუსეთის იმპერიის ნგრევის პროცესი და მითი იმპერიის უძლეველობის შესახებ კიდევ უფრო დაინგრა.
“ის, რაც რუსეთში ხდება, ყველაფერი მწიფდებოდა თვეების განმავლობაში. საკმაოდ რთულია პროგნოზირების გაკეთება, როგორ განვითარდება მოვლენები, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ პუტინის სისასტიკეს, თუმცა ყველა შემთხვევაში ის ბრენდი, რასაც პუტინი აშენებდა, რომ რუსეთი იყო უძლეველი, ყველაფერს გაანადგურებდა, თუ რაიმეს მას ხელს შეუშლიდა და კიევს აიღებდა სამ დღეში ეს ყველაფერი ჩამოენგრა პუტინს. რუსეთი რომ დასუსტებულია ეს სახეზეა და ეს ყველაფერი უკრაინას მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას, რაც ძალიან კარგია”, – აცხადებს გიგა შუშანია.
კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება ახლა, გიგა შუშანია აცხადებს, რომ საქართველოს აქვს რეალური შანსი ერთხელ და სამუდამოდ გავიდეს სამშვიდობოს.
“ძალიან მნიშვნელოვანია როგორ უნდა მოიქცეს საქართველო, რადგან ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ რუსეთის იმპერიის ნგრევის პროცესს. საქართველოს კი აქვს რეალური შანსი ერთხელ და სამუდამოდ გავიდეს სამშვიდობოს. ეს არის ნატოსა და ევროკავშისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ამის პარალელურად ჩვენ ვუყურებთ მოვიშვიშე ხელისუფლებას, რომელსაც აღარ ახსოვს,რომ მილიონი ქართველი რუსეთშია. დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გულშემატკივრობს და მისტირის პუტინის ე.წ. ძლევამოსილების რღვევას. დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ეროვნული ინტერესების ნაცვლად წინ აყენებს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას და ფიქრობს, რომ როგორმე გამოძვრეს პუტინი, რადგან მათაც საფრთხე არ შეექმნათ”, – აცხადებს “ინფო იმერეთთან” საუბრისას გიგა შუშანია.
ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა და დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.
კომენტარები