კაცობრიობის მრავალათასწლიან ისტორიაში მრავალი ომი თუ სხვა სახის სამხედრო კონფლიქტია აღწერილი, რომელმაც მილიარდობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, შვა ბევრი გმირი და ბევრი მოღალატეც.
მეოცე საუკუნეში კი ორი მსოფლიო ომი მოხდა, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა თუ სხვაგვარად დააზარალა.
1914 წლის ზაფხულში დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამ პერიოდში საქართველო იმყოფებოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში (1801-1810 წლების რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შედეგად).
პირველი მსოფლიო ომის წლებში ქუთაისსაც მოუწია ცხოვრების საგანგებო რეჟიმზე გადასვლა არაერთი მხრივ. ომის დაწყების წელსვე ქალაქში ჩატარდა მორიგი მოწვევის სათათბიროს ხმოსანთა არჩევნები.
პირველი მსოფლიო ომის დაწყების წელს ქუთაისის მოსახლეობა შეადგენდა 57 917 კაცს, რითაც მოსახლეობის რაოდენობით ქუთაისი მთელ ამიერკავკასიაში იყო მეოთხე ქალაქი.
სხვადასხვა ოფიციალური მიზეზის გამო, საბოლოოდ, ქუთაისის ამომრჩეველთა სიები 1914 წლის აგვისტოსთვის შედგა 890 პირზე (თავდაპირველად იყო 1540 ამომრჩეველი).
არჩევნებში მონაწილეობის უფლება გააჩნდათ მხოლოდ მამაკაცებს, ისიც 25 წლის ასაკის შესრულებულებს, რომელთაც ჰქონდათ ათასი მანეთის ქონება ან გადაეცათ I-II რიგის სავაჭრო-სამრეწველო მოწმობა.
ქუთაისის სათათბიროში იმჟამად უნდა აერჩიათ სამოცი ხმოსანი და მათი თორმეტი კანდიდატი. არჩევნებს იმხანად სპეციფიკური მეთოდი გააჩნდა, რაც თეთრი და შავი კენჭებით გამოიხატებოდა. ხმოსანი იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა არჩეულად, თუ ის ერთით მეტ თეთრ კენჭს მიიღებდა, ვიდრე შავს.
ამ არჩევნების წინ გაზეთ “აზრში“ დაიბეჭდა შემდეგი ფრაზები: “მახინჯმა საქალაქო დებულებამ, ეკონომიკურად მოდუნებულმა ცხოვრებამ შექმნეს ხმოსნების ისეთი ტიპები, რომლებიც კრძალვითა და მოწიწებით უსმენენ გუბერნატორს და ჩინოვნიკებს, ვინემ მცხოვრებთა საჭიროებას“, – ჩაწერილი იყო საგაზეთო პუბლიკაციაში.
1914 წლის სექტემბერში ქუთაისში გაიმართა სათათბიროს ხმოსანთა არჩევნები, რომელიც ორ ნაწილად ჩატარდა, 10 და 21 სექტემბერს. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ოფიციალური სიიდან სამას სამოცდახუთმა ამომრჩეველმა. 10 სექტემბერს აირჩიეს ორმოცდაჩვიდმეტი ხმოსანი, ხოლო 21 სექტემბერს – სამი ხმოსანი და თორმეტი კანდიდატი.
ქალაქის სათათბიროს ახალარჩეულმა ხმოსნებმა ფიცი დადეს 1914 წლის 20 ოქტომბერს. ქუთაისის სათათბიროს 1914 წლის მოწვევის წევრები იყვნენ: გიორგი ზდანოვიჩი, დიმიტრი ნაზარიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, იოსებ ოცხელი, მიტროფანე ლაღიძე, ტრიფონ ჯაფარიძე, ივლიანე ანჯაფარიძე, პეტრე გოკიელი, ლაზარე ხმალაძე, კალისტრატე ჩიკვაიძე, სპირიდონ ჯორჯიკია, ჯიბო იაშვილი და სხვები.
პირველმა მსოფლიო ომმა ქუთაისის თვითმმართველობას არაერთი ახალი საქმისადმი სათანადო ყურადღების მიპყრობის ობიექტური მიზეზები გაუჩინა. ფრონტზე გაიწვიეს ქალაქში მცხოვრებ მამაკაცთა დიდი ნაწილი, რითაც ქუთაისის შრომისუნარიან მოსახლეობას მოაკლდა ბევრი ადამიანი. ასევე, მას შემდგომ, რაც პირველი მსოფლიო ომისას დაიწყო კავკასიის ფრონტზე თურქეთის სამხედრო მოქმედებები, გაიზარდა ქუთაისში დისლოცირებული საჯარისო დანაყოფების რიცხვი, რომელთა ნაწილი ქუთაისშივე გადიოდა წვრთნას.
ქუთაისში პირველი მსოფლიო ომისას წარმოიქმნა სხვა პრობლემებიც… ქალაქს, ომის პირობებში, ხშირ შემთხვევაში ერთ-ერთ მუდმივ პრობლემად დაუდგა სასურსათო მომარაგება. ქალაქის იმჟამინდელი მოურავი ი. ჩიქოვანი აღნიშნულის შესახებ იგონებდა: “ამ დროს რაიმე სერიოზულ აღმშენებლობაზე, კერძოდ წყალსადენის გამოყვანაზე ფიქრი უნაყოფო იყო, მაგრამ ჩვენ მაინც მეცადინეობას განვაგრძობდით“, – აღნიშნავდა ის.
1914 წელს ქუთაისში ჩატარებული სათათბიროს არჩევნები მეფის რუსეთის შემადგენლობაში ქუთაისისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. ქალაქის სათათბიროს 1914 წელს არჩეულ მოწვევას მომდევნო ხუთი წლის მანძილზე მოუწია საქმიანობა. მას რწმუნებების ვადა გაუვიდა 1919 წლის თებერვალში.
1919 წლის მარტში, როდესაც უკვე საქართველო იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო – დემოკრატიული რესპუბლიკა, ქუთაისში ჩატარდა თვითმმართველობის მორიგი არჩევნები.
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
კომენტარები