მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საბერძნეთის ქალაქ ნიკეას ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი ქუთაისში 1985 წელს

საბერძნეთის ქალაქ ნიკეას ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი ქუთაისში 1985 წელს

მრავალათასწლოვან ქუთაისს უცხოეთის ქვეყნებიდან არაერთი ოფიციალური დელეგაცია სწვევია, თუმცა, ეს ვიზიტები კომუნისტური რეჟიმისას საბჭოთა კავშირის გარეთ არსებული მსოფლიო სივრციდან შედარებით იშვიათი იყო. ასეთს წარმოადგენდა 1985 წლის მარტში საბერძნეთის ქალაქ ნიკეას ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი ქალაქ ქუთაისში.

ნიკეის დელეგაციის ხსენებული ვიზიტი ქუთაისში დაიწყო 1985 წლის 16 მარტს. აღნიშნული სტუმრობისას ქალაქ ნიკეას ოფიციალურ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ნიკეას მერი სტელიოს ლოგოფეტისი. დელეგაციის წევრები იყვნენ: ქალაქის მუნიციპალური საბჭოს წევრები – ანასტასიოს მანგოსი, მიხაილის კეხაისი, გრიგორიოს ნიოტისი. დელეგაციას აეროპორტში დახვდნენ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ვ. ხაზარაძე, საქალაქო და რაიონული საბჭოების ხელმძღვანელები, საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, მოსწავლეები. აეროპორტშივე გაიმართა დახვედრის საზეიმო ცერემონიალი.

მეორე დღეს, 17 მარტს, მოეწყო დელეგაციის ოფიციალური მიღება ქალაქის აღმასკომში, სადაც სტუმრებს გააცნეს ქუთაისის წარსული, აწმყო და სამომავლო პერსპექტივები. ასევე, სიტყვა წარმოთქვა ქ. ნიკეას მერმა.

იმავე დღეს დელეგაციის წევრები ესტუმრნენ ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს; ასევე იმყოფებოდნენ ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში, სადაც დაათვალიერეს ტაძრის ტერიტორიაზე იმჟამად მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები. დელეგაციის წევრები აგრეთვე ესტუმრნენ გელათის მონასტერს და გაეცნენ ქრისტიანული სამონასტრო ცხოვრების, განათლებისა და ქართული კულტურის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, მსოფლიო დონის სამონასტრო კოპლექსს.

17 მარტის საღამოს ქალაქ ნიკეას მერი და მისი თანმხლები პირები ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაესწრნენ ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისს“.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს და დაათვალიერეს ქუთაისის საავტომობილო ქარხანა.

ნიკეის ოფიციალური დელეგაცია იმყოფებოდა ქუთაისის საბრძოლო დიდების მემორიალთან, სადაც სტუმრებს დახვდნენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქუთაისელი ვეტერანები. ეს წუთები თავისებურად ემოციურიც იყო… ქართულ და ბერძნულ ენებზე ნათქვამი „გამარჯობა“, „მოგესალმებით“, „მშვიდობა იყოს ქვეყანაზე“, ყველა იქ მყოფს ესმოდა და ეძვირფასებოდა. ბერძნეთა დელეგაციამ გვირგვინით შეამკო მემორიალი. ნიკეის მერმა ომის ვეტერანებს მადლობა გადაუხადა მსოფლიოს წინაშე გაწეული დიდი საქმისათვის ნაციზმისა და ფაშიზმის დამარცხებაში.

ქალაქ ნიკეას მაშინდელი მერი სტელიოს ლოგოფეტისი იმჟამად 35 წლის გახლდათ. ის ქალაქის მუნიციპალურ საბჭოს ხელმძღვანელობდა 1978 წლიდან.

მერმა ლოგოფეტისმა ქუთაისში ვიზიტისას განაცხადა: “ჩვენი ჩამოსვლის მთავარი მიზანია დავამყაროთ ძმური, მეგობრული ურთიერთობა საბჭოთა კავშირის ქალაქთან, კერძოდ ქუთაისთან…

მე ვფიქრობ, ურთიერთობას, რომელსაც ახლა ეყრება საფუძველი, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საერთო საქმის – მთელს მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებისათვის.

მინდა დიდი მადლობა გითხრათ გულწრფელი მიღებისათვის. გთხოვთ, გადასცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები ქალაქ ქუთაისის საზოგადოებრიობას“, – აღნიშნა ქალაქ ნიკეის მერმა.

ქუთაისში დღემდე არსებობს საკმაოდ დიდი ქუჩა და შეიძლება ითქვას ვრცელი დასახლებაც, რომელიც ქალაქ ნიკეას სახელობისაა. ხსენებული ვიზიტი კი ქუთაისის უახლეს ისტორიაში დარჩა ერთ-ერთ სამახსოვროდ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, როდესაც საზღვარგარეთული კონტაქტები არც თუ ხშირი და მარტივი იყო.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები